მთავარი,სიახლეები • • •

პატიმარს 4 დღე აწამებდნენ, ციხის უფროსები გირაოთი გაათავისუფლეს – ინტერვიუ

14.11.2026
პატიმარს 4 დღე აწამებდნენ, ციხის უფროსები გირაოთი გაათავისუფლეს – ინტერვიუ

„გაცილებით უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს ვერ გაკეთდებოდა გარე აქტორების ჩართულობის გარეშე. აქ ჩანს პროკურატურის მონაწილეობა და იქ მტკიცებულებების შეტანაც. იკვეთება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა, სახალხო დამცველს ევალებოდა ასევე ცხადად და გარკვევით ეთქვა, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუნდაც ის, რომ ციხეში შაბათს და კვირას ვერ შედის ადვოკატი.

ეს ერთგვარია „ხვრელია“, რომელსაც იყენებენ პარასკევს საღამოდან ორშაბათის დილამდე,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუშავილი. მას დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ვესაუბრეთ. პროკურატურის ვერსიით, პატიმარს ციხეში ციხის უფროსების ჩართულობით 4 დღე სცემდნენ. მას ნეკნები ჩაუმტვრიეს, მიიღო თავის ტვინის შერყევაც.

სახალხო დამცველის მტკიცებით, რეალურად პატიმრების სისტემურ წამებასთან გვაქვს საქმე, რომლის ჩაფარცხვასაც სისტემა ცდილობს და ამაში პროკურატურაც მონაწილეობს.

დღეს, 14 ნოემბერს, დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პენიტენციურის მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-10000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურას არც მოუთხოვია.

„ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი.

  • ბატონო უჩა, რა აჩვენა თქვენთვის დავით ფეიქრიშვილის შემთხვევამ? პროკურატურის ვერსიით, 4 დღე ძალადობდნენ პატიმარზე ციხის ადმინისტრაციის ჩართულობით. „განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა…“ – აღნიშნავს პროკურატურა. ეს ძალადობაა, როგორც ამას პროკურატურა უწოდებს, თუ წამება? 

ეს არის უმძიმესი დანაშაული. საუბარია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დანაშაულზე. როცა განგრძობითად ხდება ეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ძალადობა და უნდა შეფასდეს წამებად.

ამ საქმეში ბევრი რამაა საინტერესო: უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ავთო ბილანიშვილის და ვატო ყიფინი დააკავეს 15 ოქტომბერს, 16 ოქტომბერს კი, პროკურატურის მტკიცებით, ისინი მე-8 დაწესებულებაში არიან. ვიცით პროცედურები, რომ ჯერ დაკავებული იზოლატორში გადაჰყავთ, 48 საათში უნდა წარუდგინონ ბრალი და შემდეგ აღკვეთის შეფარდების პროცესია… ეს გარემოება ძალიან საეჭვოა: როგორ აღმოჩნდა 15-ში დაკავებული ადამიანი 16-ში უკვე დაწესებულებაში, სადაც სხვაზე იძალადა?

გარდა ამისა, როცა ხდება ციხეში შესახლება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი: ფოტოგრაფირება, დაქტილოსკოპია, სამედიცინო შემოწმება. ამ პროცედურას მინიმუმ რამდენიმე საათი სჭირდება.

თანაც, შეასახლეს პარასკევს, რომ შემდეგ ორშაბათამდე პრაქტიკულად ბრალდებული სავარაუდოდ იზოლაციაში ჰყოლოდათ. პრაქტიკულად, შაბათ-კვირას შეზღუდულია ადვოკატთან კომუნიკაცია. ბრალდებული თუ დაუკავშირდებოდა ადვოკატს, მას არ შეუშვებდნენ ორშაბათამდე, ასეთია პრაქტიკა.

ცალკე საკითხია: როგორ აღმოჩნდნენ ეს პატიმრები ერთად. ეს ხომ ცალსახად უსაფრთხოების წესების დარღვევაა?

უჩა ნანუაშვილი

  • პროკურორმა განმარტა, პენიტენციური სამსახურის დირექტორის მითითებით, მე-8 დაწესებულების დირექტორმა დებულება უხეშად დაარღვიაო და „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.

ცხადია, ეს დარღვევაა: კონფლიქტში მყოფი ორი მხარე, ერთმანეთთან დაპირისპირებაა და ერთად შეგყავს. თანაც, ეს არ არის მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

კიდევ უფრო მძიმე ნაწილია ის, რომ ცალკე უნდა მოთავსდნენ პატიმრები, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში მიჩნეული არიან ე.წ. ავტორიტეტებად. ეს წრე არ უნდა გაფართოვდეს. კანონი ითვალისწინებს პატიმრების კლასიფიკაციას რისკების მიხედვით. ვინც უფრო მეტ რისკს შეიცავს, უნდა იყვნენ რუსთავში, რომელიც მკაცრი დაწესებულებაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებაა მობილური ტელეფონიდან პირადი ინფორმაციის მოპოვების მცდელობა. თუ დალუქული ჰქონდა გამოძიებას მობილური ტელეფონი, როგორ აღმოჩნდა იგი პენიტენციურ დაწესებულებაში? [დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ციხეში ვატო ყიფიანმა და სხვებმა იმიტომ აწამეს, რომ მისი დაბლოკილი ტელეფონის გახსნა უნდოდათ.] ეს უკვე აჩენს ეჭვებს პროკურატურის ჩართულობაზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ნაცვლად.

ამიტომაც, მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელზე, ან ციხის ხელმძღვანელზე პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება არასწორი, რადგან აქ მთელი რიგი პრობლემები ჩანს. მაგალითად, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს ფეიქრიშვილი და გამოაგზავნეს უკან, ციხის საავადმყოფოში. მეორე დღეს ისევ შეაბრუნეს. აქ უკვე ჩანს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: რატომ დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ და არა პროკურატურამ? მოქმედი კანონმდებლობით, გამოძიება პირდაპირ უნდა დაეწყო პროკურატურას და არა იგივე უწყებას.

  • ამით რისკის ქვეშ დადგა, ან იქნებ უკვე განადგურდა მტკიცებულებები? 

რა თქმა უნდა, ეს კანონის მოთხოვნაა, რომ პროკურატურას დაეწყო პირდაპირ გამოძიება.

  • არის თუ არა ეს საქმე იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა? პაატა სალია თანამდებობაზეა ისევ.

იუსტიციის სამინისტრო პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში ყველაფერს უარყოფდა იუსტიციის სამინისტრო, ხომ? მე მოვისმინე, მაგალითად, იგივე პოლიტიკური პირების, პარლამენტის სპიკერის, პრემიერის განცხადებები ამ თემებზე, რომლებიც ამას უარყოფდნენ.

საყურადღებოა, რომ ომბუდსმენმა 22 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, მაგრამ არაფერი უთქვამს სხეულის დაზიანებაზე. განცხადებაში ეწერა, რომ პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, დაწყებულიყო გამოძიება, რაც სწორია. ასევე მოითხოვა სამედიცინო დეპარტამენტისგან ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, ასევე მოითხოვა კამერების, ანუ ვიდეომეთვალყურეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სახალხო დამცველს რაც უნდა გაეკეთებინა, იყო ის, რომ ფეიქრიშვილების უსაფრთხოების დაცვისთვის უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი ღონისძიებები გატარებული და გადაყვანილი, მაგალითად, სხვა დაწესებულებაში, რომ კვლავ არ ჰქონოდათ შეხება თუნდაც იმავე თავდამსხმელებთან. ეს არ გაკეთდა. გუშინ თუ გუშინწინ გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში. მთელი ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ დაწესებულებაში ამდენი ძალადობის, წამების მიუხედავად, მაინც დაზარალებული რჩებოდა იმავე დაწესებულებაში.

ჩანს, რომ ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი, თუმცა შემდეგ, რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ ამ საქმეს ასე ვერ მიჩქმალავდნენ.

  • კვალიფიკაცია არასწორია? პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. 

გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საუბარია დანაშაულზე, რომელსაც მოჰყვა ხერხემლის მალების დაზიანება, პრაქტიკულად ადამიანი აწამეს, რაც ცალკე მუხლია. ამიტომაც, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი ცალკე უნდა იყოს შესწავლილი.

თანაც, ეს პირები არ დაუპატიმრებიათ, მხოლოდ გირაო შეუფარდეს.

  • რამდენად ჩანს, რომ პატიმრების წამება სისტემურ ხასიათს ატარებს? „ოცნება“ ამ თემაზე საუბრით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს კი, რამდენიმე პატიმარი საუბრობს წამებასა და ციხეში გაუპატირებაზე… 

ფაქტია, რომ ეს არის სისტემური. ამ დოზით ასეთი დარღვევები ვერ მოხდებოდა, მინიმალური კონტროლის მექანიზმი რომ არსებობდეს. უსაფრთხოება უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის, ვიდეოსათვალთვალო კამერებით და ასე შემდეგ.

როცა საუბარია წამების ფაქტებზე და გამოდის, რომ ერთი კვირის შემდეგ იწყებს პროკურატურა გამოძიებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ის ერთი კვირაა. ყველამ იცის, რომ დანაშაული ცხელ კვალზე იხსნება და არა დაგვიანებით. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქმე ჩაიფარცხულიყო და ახლა უკვე ცდილობენ, რომ მსუბუქი მუხლებით რაღაც მინიმალური სასჯელი დაეკისროთ.

ადვოკატები არაერთ ასეთ ფაქტზე საუბრობენ: არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე, ძალადობაზე, წამებაზე, ამაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც, ამ დროს სისტემა მომართულია იქეთკენ, რომ ეს ფაქტები ჩაიფარცხოს, ინფორმაცია არ გავრცელდეს და ციხე მაქსიმალურად დაიხუროს.

  • გამოდის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი თუ აღმოჩნდება სისტემის სამიზნე, არათუ დაგვაპატიმრებენ, არამედ ციხეში შეიძლება ისე გვაწამონ, რომ ვერავინ დაგვიცვას? 

კი, რა თქმა უნდა და აქ არ არის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების და მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. გაცილებით უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი, – ეს ვერ გაკეთდებოდა გარე აქტორების ჩართულობის გარეშე. აქ ჩანს პროკურატურის მონაწილეობა და იქ მტკიცებულებების შეტანაც.

იკვეთება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა, სახალხო დამცველს ევალებოდა ასევე ცხადად და გარკვევით ეთქვა, რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუნდაც ის, რომ ციხეში შაბათს და კვირას ვერ შედის ადვოკატი. ეს ერთგვარია „ხვრელია“, სპეციალურად პარასკეობით ხდება ინციდენტები, იყენებენ პარასკევს საღამოდან ორშაბათის დილამდე.

მით უმეტეს, რომელიმე დასვენების დღეც თუ დაემთხვა, კიდევ უარესი. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც იყენებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: