განათლება,მთავარი,სიახლეები

3 ათას სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობაზე თსუ-მ აუქციონი გამოაცხადა

22.04.2022 • 2057
3 ათას სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობაზე თსუ-მ აუქციონი გამოაცხადა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე აუქციონი ახლახან, 18 აპრილს, გამოაცხადა. სტუდენტებს განათლების სამინისტრო სტუდენტური ქალაქის მშენებლობას ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჰპირდებოდა. აუციონის პირობით კი, ირკვევა, რომ თუ მშენებლობა დაგეგმილ ვადაში დაიწყო, ის მინიმუმ 2027 წელს დასრულდება.

სტუდქალაქი თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენდება. ტერიტორია თსუ-ს საკუთრებაშია.

ორი წელია სტუდენტები ონლაინფორმატში სწავლობენ, უნივერსიტეტების მცირე ნაწილმა განაახლა სწავლა აუდიტორიებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა კი მხოლოდ წელს, მეორე სემესტრში დაიწყეს ჰიბრიდული სწავლება. თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახლახან განუცხადა სტუდენტებს, რომ უნივერსიტეტი სწავლას 2 მაისს განაახლებს აუდიტორიებში, რასაც რეგიონში მცხოვრები სტუდენტები პროტესტით შეხვდნენ.

მათი განცხადებით, თითქმის სემესტრის დასასრულს სჯობდა უნივერსიტეტს სწავლა ისევ ჰიბრიდულ ფორმატში განეახლებინა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთის ბევრი მოქალაქე მოაწყდა, ამის გამო კი ბინის მეპატრონეებმა ქირის ფასები გააორმაგეს.

სტუდენტები ხელმისაწვდომ ფასად ბინებს უკვე ვერც თბილისში ქირაობენ და ვერც ბათუმში.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე დაპირებული სტუდენტური ქალაქის აშენება, თუმცა განათლების სამინისტროს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება თსუ-ს, მათ გვითხრეს, რომ 3 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდქალაქის მშენებლობაზე აუქციონი უკვე გამოაცხადეს.

აუქციონი 2022 წლის 18 მაისს დასრულდება. „ინვესტორი კომპანია კი, თავად უზრუნველყოფს პროექტირებას და უნივერსიტეტთან შესათანხმებლად წარადგენს მინიმუმ ორ არქიტექტურულ დიზაინ-კონცეფციას აუქციონის დასრულებიდან არა უმეტეს 60 დღის ვადაში. ხოლო უნივერსიტეტთან შეთანხმებული პროექტი მშენებლობის ნებართვის გამცემ სამსახურებს უნდა წარუდგინოს აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში.“

აუქციონის პირობის მიხედვით:

  • პროექტის დამტკიცება და მშენებლობის ნებართვის მიღება ინვესტორმა უნდა შეძლოს აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 18 თვეში. ანუ 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდში;
  • „პირველი ეტაპის მშენებლობის პერიოდი კი არ უნდა აღემატებოდეს მშენებლობის ნებართვის მიღების თარიღიდან 36, ხოლო ორივე ეტაპის მშენებლობის პერიოდი 54 თვეს“, ანუ 4,5 წელს.

გამოდის, რომ საუკეთესო ვარიანტში, მშენებლობა, მთლიანობაში, 2027 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ტერირორია, სადაც სტუდენტური ქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი.

პირობების მიხედვით, ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 3 ათას სტუდენტზე. „პირველ ეტაპზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ათას სტუდენტზე, მეორე ეტაპზე –  არანაკლებ 1000 სტუდენტზე“, – წერია აუქციონის პირობებში.

აუქციონის პირობების მიხედვით, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში საქართველოს მოქალაქე სტუდენტის განთავსების საფასური (გარდა ინდივიდუალური საცხოვრისისა) არ უნდა აღემატებოდეს 120 აშშ დოლარს, კომუნალური გადასახადების ჩათვლით.

ხოლო ინდივიდუალური ტიპის ოთახში საფასური არ უნდა აღემატებოდეს 250 აშშ დოლარს, კომუნალური გადასახადების ჩათვლით.

უნივერსიტეტსა და ინვესტორ კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით განისაზღვროს კვოტა, რომლის ფარგლებში სტუდენტური საერთო საცხოვრებლისათვის განკუთვნილ ობიექტზე სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით, საცხოვრებლით სარგებლობასთან დაკავშირებით დადგენილი საფასურის გადახდისას.

საცხოვრებელი ოთახების ჯამური ფართობი ინდივიდუალური ოთახის შემთხვევაში უნდა იყოს 17კვ/მეტრი, 2 სტუდენტზე გათვლილი ფართობი – არანაკლებ 22 კვ/მეტრი, 3 სტუდენტზე გათვლილი კი – 29 კვ/მეტრი. ოთახები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინვენტარით.

ყველა სართულზე უნდა მოეწყოს სრულად აღჭურვილი არანაკლებ 1 სამზარეულო, საცხოვრებლის ტერიტორიაზე კი უნდა ფუნქციონირებდეს კაფეტერია და სასადილოები.

საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე უნდა ვრცელდებოდეს უფასო WI-FI ინტერნეტი.

აუქციონის პირობები სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ასევე ითვალისწინებს სოციალური სივრცეების მოწყობას (მაგალითად: საბილიარდო, პინ-პონგის სათამაშო სივრცე, სტუდენტური სივრცეები, მუსიკალური ოთახები და ა.შ.).

საცხოვრებელს უნდა ემსახურებოდეს დაცვის სამსახური, მიმღები, დასუფთავების სამსახური, სამეურნეო სამსახური და სხვა.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმლის სარეცხი მანქანები, რომლებიც იმუშავებენ თვითმომსახურების პრინციპზე.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს: არანაკლებ 1 დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი (კალათბურთის/ფუტსალის/ფრენბურთის და სხვა სპორტული სახეობების სათამაშოდ), არანაკლებ 1 დახურული ტიპის საცურაო აუზი; არანაკლებ 1 დახურული ტიპის სპორტული/ფიტნესდარბაზი, შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით, არანაკლებ 2 ღია მულტიფუნქციური სპორტული მოედანი (კალათბურთის/ფეხბურთის/ფუტსალის სათამაშოდ), არანაკლებ 1 ღია საჩოგბურთო კორტი.

ამ პუნქტით გათვალისწინებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფართობები განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არანაკლებ შესაბამისი მინიმალური სტანდარტების მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში არანაკლებ შესაბამისი კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის მინიმალური მოთხოვნების მიხედვით.

ტერიტორია, სადაც სტუდქალაქი უნდა აშენდეს /ფოტო: აუქციონიდან.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა; საცხოვრებლის ტერიტორიაზე აუცილებელია საბიბლიოთეკო სივრცეების არსებობა. ოთახების არანაკლებ 2 პროცენტი კი მორგებული უნდა იყოს შშმ პირებზე.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მომსახურებით უპირატესი სარგებლობის უფლება ექნებათ უნივერსიტეტის სტუდენტებს.

თუმცა აუქციონში გამარჯვებულ პირს უფლება აქვს, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოწყობილი სპორტულ გამაჯანსაღებელი/სარეკრეაციო/საგანმანათლებლო სივრცეების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომერციული სივრცეები დროებით სარგებლობაში გადასცეს სხვა პირებსაც. გააქირაოს ან იჯარით გასცეს.

აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო თანხა 500 000 ლარია. „საგარანტიო თანხა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ჩაეთვლება პირველი წლის გადასახადის ნაწილში, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში“.

აუქციონში გამარჯვებულ პირს სტუდენტური ქალაქი 39 წლის ვადით გადაეცემა სარგებლობაში, ხოლო 5000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კომერციული შენობა-ნაგებობები 79 წლის ვადით.

უძრავი ქონების ყოველწლიური საიჯარო საბაზრო ღირებულება 802 436 ლარია, ხოლო 5 000 კვ.მეტრი უძრავი ქონების ყოველწლიური საიჯარო  საბაზრო ღირებულება 215 121 ლარს შეადგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: