მთავარი,სიახლეები

არჩევნები თურქეთში, რუსული პროპაგანდა და მთავარი აქცენტები – ინტერვიუ თურქოლოგთან

13.05.2023 • 20994
არჩევნები თურქეთში, რუსული პროპაგანდა და მთავარი აქცენტები – ინტერვიუ თურქოლოგთან

დღეს, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია აია სოფიაში შეაჯამა, მისი მთავარი მეტოქე, ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ კი ათათურქის მავზოლეუმში გამოჩნდა.

ხვალ, 14 მაისს, თურქეთში არჩევნებია.

„ერდოღანმა, როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნის და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეეხსენებინა თავისი ამომრჩევლისთვის – „მე გადავაქციე აია სოფია ისევ მეჩეთად…“ქილიჩდაროღლუს შემთხვევაში კი, ათათურქის მავზოლეუმი ცალსახა გზავნილია, რომ იგი ქემალისტურ გზას განაგრძობს – რესპუბლიკა, სეკულარიზმი,“ – ასე ხედავს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატების სიმბოლურ გზავნილებს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი.

როგორ გააქტიურდა და რა გზავნილები ჰქონდა რუსულ პროპაგანდას თურქეთში? – ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე „ბათუმელები“ თურქეთში თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა.

  • ბატონო ქამრან, პირველ რიგში, გვითხარით, რას აჩვენებს თქვენთვის ერდოღანის ერთ-ერთი ბოლო გზავნილი: „ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით, თუ ჩვენი ერი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ჩვენ გავაკეთებთ ზუსტად იმას, რასაც მოითხოვს დემოკრატია…“ 

ვიდრე ერდოღანი ამას იტყოდა, სამი დღით ადრე, მისი პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინი გამოვიდა და თქვა, ჩვენ პატივს ვცემთ თურქ ამომრჩეველს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამომრჩეველმა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთო. გუშინ ერდოღანმაც რომ ეს თქვა, ეს არის სიგნალი მოსახლეობისთვის და პარტნიორებისთვის უცხოეთში, რომ დემოკრატიით მოვედი და დემოკრატიით წავალ, თუმცა 2019 წელს, როცა სტამბოლში დამარცხდნენ, გაუჭირდათ.

სხვათა შორის, ამ განცხადების გაკეთების დროსაც ერდოღანმა სტამბოლში დამარცხება გაიხსენა, დავთმეთო, მაგრამ დათმეს მესამე ცდიდან. პირველ ცდაზე როცა დამარცხდა ერდოღანის კანდიდატი, ეს არ აღიარეს. შემდეგ თქვეს, რომ ოპოზიციამ გააყალბა, მესამე არჩევნების შემდეგ კი, როცა უკვე ნათელი იყო უპირატესობა, ვეღარაფერი თქვეს.

  • ხომ არ გამოჩნდა, რომ ერდოღანი უშვებს მარცხს ამ არჩევნებში? 

შეიძლება კი. არის ეს ვერსია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ იმიტომ, რომ იციან დამარცხდებიან.

ბევრი უცნაურობა ხდება ბოლო დღეებში, მაგალითად, უცნაური იყო ის, რომ მუარემ ინჯემ კანდიდატურა მოხსნა. მას მანამდე მოუწოდებდნენ ოპოზიციურ ფლანგზე, მოხსენი კანდიდატურა, ხმების გაყოფით ნუ ხარ დაკავებულიო. მაშინ ის ვერ დაითანხმეს. მას შემდეგ კი, რაც ყალბი ინფორმაცია და პირადი კადრები გავრცელდა, მან უკან დაიხია.

ვის მიერ გავრცელდა ეს კადრები, არავინ იცის, თუმცა ქილიჩდაროღლუმ როცა რუსულად დაწერა განცხადება, ღიად რუსები დაადანაშაულა ამაში.

ქამრან ოსმანლი, თურქოლოგი

  • რა ფორმით და რა გზავნილებით მუშაობს რუსული პროპაგანდა თურქეთის არჩევნებში? 

როცა აქქუიუს ბირთვული  რეაქტორი გაიხსნა, პუტინი არ ჩავიდა თურქეთში, თუმცა ამ პროცესს ონლაინ დაესწრო და ღიად დაუჭირა ერდოღანს მხარი.

გარდა ამისა, ტვიტერსა და სხვა სოციალურ მედიაში გააქტიურდნენ ტროლები, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ავრცელებენ ფეიკნიუსებს. ამ კამპანიის მიზანია განსაკუთრებით გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა, რომ აი, ხმა მიეცით ერდოღანს.

ტროლების გზავნილი ძირითადად არის ის, რომ ოპოზიციას აბრალებენ ქურთულ რადიკალურ ძალებთან თანამშრომლობას, გიულენის ორგანიზაციასთან დაახლოებას. ტროლების გზავნილი ძირითადად ასეთია: თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იქნება ძლიერი დარტყმა თურქეთის სუვერენიტეტისთვის. სხვადასხვა ორგანიზაცია იკვლევს ტროლ-ბოტების ამ აქტივობას და რამდენიმე დღის წინ ტვიტერმაც კი დაბლოკა ასობით ანგარიში.

თურქები და რუსები მეტოქეები არიან დღემდე, მათი ინტერესები განსხვავებულია, მათი ინტერესი განსხვავებულია აზერბაიჯანსა და საქართველოშიც კი, სირია, ლიბია…

მას შემდეგ, რაც ერდოღანი ევროკავშირს და ამერიკელებს დაუპირისპირდა სხვადასხვა საკითხის გამო, პუტინმა თავისი ხრიკებით ის თავის პოლუსზე გადაიბირა, თუმცა ამით ისინი მოკავშირეები არ გახდნენ. ისინი მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები არიან, მათ შორის, სირიაში.

  • თურქეთის შემთხვევაში რამდენად დიდია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა? 

დაახლოებით წლინახევრის წინ ასეთი იყო ამომრჩევლის 20 %. ახლა, არჩევნების წინ, ეს მაჩვენებელი შემცირდა 3-დან 5 %-მდე. ეს ძალიან კრიტიკული არჩევნებია და პარტიები ცდილობენ, მაქსიმალურად მოიზიდონ ხმები.

  • ერდოღანმა საარჩევნო კამპანია სიმბოლურად აია სოფიაში დაასრულა, ქილჩდაროღლუმ – ათათურქის მავზოლეუმში. რა გზავნილია ეს? 

რაც არ უნდა ითქვას თურქეთზე, იქ არჩევნები ყოველთვის ღიად და კარგად ტარდება, თურქეთს ამის დიდი და კარგი გამოცდილება აქვს.

ერდოღანის გზავნილია ის, რომ როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნეს და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო ამით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი რეიტინგი იყო 60%-ზე ზევით. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეახსენოს თავის ამომრჩეველს – „მე გადავაქციე აია სოფია ისევ მეჩეთად“. ცხადია, აქ ისლამზე დიდი აქცენტია გაკეთებული.

თურქებს თავიანთი ისტორია ძალიან უყვართ და აია სოფიას მეჩეთად გადაქცევა უკავშირდება სულთან მეჰმედს, რომელმაც  ბიზანტია დაამარცხა და შევიდა ქალაქში, როგორც გამარჯვებული. ერდოღანიც ამ მიდგომით თავის თავს ღიად ოსმალეთს უკავშირებს.

ქილიჩდაროღლუს შემთხვევაში კი, ათათურქის მავზოლეუმი ცალსახა გზავნილია, რომ იგი ქემალისტურ გზას განაგრძობს: რესპუბლიკა, სეკულარიზმი და ასე შემდეგ. ეს არის გზავნილი ამომრჩევლის მიმართ, რომ ათათურქის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გზა გაგრძელდება, მისი არჩევის შემთხვევაში.

  • აღნიშნეთ, რომ თურქეთს აქვს არჩევნების დიდი გამოცდილება. რამდენად ხედავთ ამ ეტაპზე იმის რესურსს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს? კვლევებით ჩანს, რომ თურქეთში არჩევნების მეორე ტურის ალბათობა დიდია, ხოლო ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ქვეყნებში მეორე ტურში ოპოზიციას წარმატების მიღწევა უჭირს 

შესაძლოა ეს, რადგან თურქეთის ისტორიას საკმაოდ ბევრი არჩევნები ახსოვს და ფსონის დადება ერდოღანზე სისულელეა.

ცალსახად თქმა, ვინ მოიგებს, შეუძლებელია. მეორე ტურის შემთხვევაში წავა ვაჭრობა – არის მესამე კანდიდატი სინან ოღანი, რომელიც ბოლო 2 – 3 კვირაში გახდა პოპულარული, მისი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. გუშინდელ კვლევაში 2.1 % ჰქონდა. ეს არის ნაციონალისტების ფრთა. დღეს, 13 მაისს, გამოვიდა სინან ოღანი განცხადებით, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია ათათურქი და თურქეთის კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლის დაცვა. წავა ჩვეულებრივი ვაჭრობა.

  • მაგრამ თუ ოღანის აქცენტი ათათურქია, ეს ხომ უფრო ახლოსაა ქილიჩდაროღლუსთან? 

ვერ ვიტყვით ასე ცალსახად – შესაძლებელია მათ ერდოღანმა შესთავაზოს რამე ისეთი, რაზეც უარს ვერ იტყვიან.

  • მიწისძვრის ფაქტორი არის თუ არა ისევ მნიშვნელოვანი, რის გამოც ერდოღანის რეიტინგი შემცირდა? 

კატასტროფის პირველ-ორ თვეში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამოკითხვებით ჩანდა, რომ ერდოღანის და მისი პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა, თუმცა შემდეგ რეიტინგი ისევ დაუბრუნდა მიწისძვრამდელ მაჩვენებელს.

გამოდის, რომ დიდწილად საზოგადოების ნაწილის გულის მოგება ერდოღანმა ისევ შეძლო. ეს უკავშირდება სახლების აშენებას უფასოდ, სხვა უფასო სერვისების შეთავაზებას და ასე შემდეგ.

ცნობილია, რომ ოპოზიციას ეყოლება 500 ათასი დამკვირვებელი. შესაძლოა, სოფლებსა და პროვინციებში რაღაც გააყალბონ, მაგრამ დიდ ქალაქებსა და პროვინციებში ეს გაუჭირდებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: