„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს.
გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა ახლა? ილონა ამბობს, რომ ტყუპები უკვე 7 წლის არიან, სკოლაში დადიან და მამის მსგავსად ეპილეფსია დაუდგინეს.
„ხშირად საჭირო წამლებსაც ვერ ვშოულობ. ჩემი ოჯახის 4 წევრი – ქმარი და სამი შვილი შშმ პირია,“ – ჰყვება ილონა და საწოლის გვერდით კედელზე მიფარებულ მუყაოს დაფას გვერდით ანაცვლებს – კარგად რომ დავინახოთ, რამდენად შეუძლებელია ქუჩიდან შემომავალი მტვრისგან თუ ქარისგან დაცვა.
ილონა ლიჩევსკა ქმართან, დენის ლიჩევსკისთან ერთად ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინას გვათვალიერებინებს. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში ძველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლისთანავე მარტივად საგრძნობია, რომ ნებისმიერ დროს ამ ბინის ჭერი შეიძლება ჩამოვარდეს, ან საძინებელი ოთახი მთლიანად ჩამოიშალოს.
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ილონას ოჯახი ცხოვრობს, ავარიული ბინის სტატუსი არ აქვს – ბინისთვის წლების წინ რამდენიმე მესაკუთრეს უკანონოდ მიუშენებია საცხოვრებელი ოთახები, მათ შორის ის 2 ოთახი, სადაც ილონას ოჯახი ცხოვრობს ახლა.
ილონა ლიჩევსკას ოჯახი 8 წელია ნაქირავებში ცხოვრობს. მისი მთავარი პრობლემა ახლა ბინებზე ფასების გაძვირებაა – 500 ლარად ბინას ბათუმში ვეღარ პოულობს, რომ საცხოვრებელი შეიცვალოს.
„ვმუშაობ მასაჟისტად. სასწრაფოში ვმუშაობდი ექთნად, მაგრამ ვეღარ ვმუშაობ, არ მყოფნიდა დრო,“ – გვიყვება ილონა, როცა სასადილო ოთახის დაბზარულ კედელთან, მდივანზე ვსხდებით. – „დენისი სამრეცხაოში მუშაობს, მაგრამ უჭირს – წამალი თუ ვერ მიიღო, შეიძლება, პირდაპირ ქუჩაში წაიქცეს…“
„გამაფრთხილეს უკვე, რომ სამსახურიდან მიშვებენ, ჩემი მუშაობა არ გამოდის,“ – დიალოგში ერთვება დენის ლიჩევსკი და ნიკას ეტლს ეყრდნობა. პაუზის შემდეგ განაგრძობს: „მე ერთი კითხვა მაქვს მერიასთან: რატომ არ შეიძლება ვისარგებლოთ იაფი სახლის პროგრამით? გვითხრეს, რომ სოციალურ დახმარებას არ უნდა ვიღებდეთ და ხელფასი 1200 ლარი უნდა გვქონდეს,“ – ამბობს ის.
„რამე გამოგვიყონ თავშესაფარი, სად წავიდე სამი შვილით? პენსიებიდან და სოციალური დახმარებიდან თვეში მხოლოდ 750 ლარს ვიღებთ, რადგან ნაწილი წინასწარ გვაქვს აღებული. უფასო სასადილო რომ არა, მშივრები ვიქნებოდით, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება,“ – ამბობს ილონა.
„მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა,“ – ბზარს აყოლებს ხელს დენისი, ნაპრალებში ხელი თავისუფლად შედის. დენისი აღწერს, როგორ აივსო მტვრით იქაურობა, როცა კედლებმა მიწისძვრის დროს მოძრაობა დაიწყეს.
„ახლაც არის სილა აქ,“ – დასძენს დენისი და კუთხის თაროდან მტვრის გადმოწმენდას ცდილობს.
დენისი გვიყვება, რომ ნაქირავებში ცხოვრება მას შემდეგ უწევს, როცა მისი მშობლების სახლში ორი ძმისთვის საკმარისი ადგილი აღარ აღმოჩნდა.
„პირველი სართული წყლით იფარება, მეორე სართულზე კი, უკვე იმდენი არიან, ჩემი ადგილი არ არის… ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს იქ, ბესიკის ქუჩაზეა სახლი. პირველ სართულზე საშინელი სინესტეა, ტუბერკულოზიც დაგვემართება, იქ რომ გადავიდეთ,“ – ამბობს დენისი.
„ნიკა 15 წლისაა და არასდროს უვლია სკოლაში, აქედან სწავლობს. ალექსანდრა და სვეტლანა კი დადიან, მაგრამ,“ – ილონა თხრობას აჩერებს, ისევ ბზარს აყოლებს თვალს, საძინებელში შედის, გოგოებს დახედავს და მერე უკან ბრუნდება:
„მიწისძვრის დროს, როცა კედლები მოძრაობდნენ და მტვრის ბუღი დადგა, ნიკა ეუბნება გოგოებს, მოდი, უნდა გაკოცოთ, შესაძლოა, დილით ცოცხლები აღარ ვიყოთ.
ჩვენ ვერსად წავედით მიწისძვრის დროს, აი, ღამით რომ იყო ძლიერი ბიძგები, გახსოვთ? – გაშეშებული ვიყავით შიშისგან. სად წავსულიყავი?“ – კითხულობს ილონა ლიჩევსკა.