73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო.
ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ.
73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს სერტიფიკატიც კი აიღო და დღემდე არა მარტო თავისი შვილიშვილის, სხვა ბავშვების და მშობლების ცხოვრების შეცვლას ცდილობს.
ვალერიან კოტრიკაძე ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობს და გვიყვება, რა გზა გაიარა და როგორ ისწავლა აუტიზმის სპექტრის მართვა – რომ ხანდაზმულ ასაკში, ფაქტობრივად, ცხოვრება ხელახლა დაიწყო.
„2004 წელს შვილიშვილი შემეძინა, რომელსაც ჩემი სახელი დავარქვი და ოჯახში ორი ვალერიან კოტრიკაძე ვიყავით. უბედნიერესი ვიყავი მისი დაბადებით. როგორც ყველა ბავშვი, ისე იზრდებოდა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა.
როცა ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა, შევამჩნიეთ, რომ სიტყვებს შებრუნებული ამბობდა. „მინდას“ ნაცვლად ამბობდა „გინდა“. უჭირდა თვალებით კონტაქტიც.
როცა ექიმთან წავიყვანეთ, გვითხრეს, რომ ვაკუნას აუტისტური სპექტრი ჰქონდა. იმ პერიოდში არათუ ადამიანებს, ექიმებსაც კი არ ჰქონდათ ბოლომდე ინფორმაცია ამ სპექტრის შესახებ, ამიტომ ოჯახისთვის უზარმაზარი სტრესი იყო.
მე თვითონაც ისეთ დღეში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მაგრამ მშობლებს პირობა მივეცი, რომ ვაკუნას გავზრდიდი და ყოველთვის მის გვერდით ვიქნებოდი“, – გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.
მან მშობლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სწორედ აქედან დაიწყო მისი და ვაკოს ახალი ცხოვრება.
„ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, ძალიან დიდი ნებისყოფა, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით შედეგის მიღება. ერთად დავდიოდით ყველგან, დამყავდა მდინარეზე საბანაოდ, ვასწავლე ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, პატარა ტრაქტორი ვუყიდე და თანდათანობით ვასწავლიდი, როგორ დაემუშავებინა, მოევლო ბაღისთვის.
ძალიან დიდი მეურნეობა მაქვს და ვასწავლიდი მარწყვის მოვლას, ყველგან დამყავდა, დღე და ღამ ერთად ვიყავით და ყველაფერს ვასწავლიდი.
დამყავდა ხალხმრავალ ადგილებში – ასე ვცდილობდი მის სოციალიზაციას.
შეეშინდა, პირველად მდინარეზე რომ წავიყვანე, მაგრამ მივაჩვიე. მერე ზღვაზეც წავიყვანე. საცურაო კამერაზე თოკს მოვაბამდი, წელზე გამოვიბამდი და ასე შემყავდა ზღვაში. ახლა დამოუკიდებლადაც შეუძლია ცურვა, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მის გვერდით ვარ“, – გვეუბნება ვალერიანი.
მისი თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ყოფნას, კარჩაკეტილი მდგომარეობა მათთვის ძალიან საზიანოა.
„მე ძალიან შემიწყო ხელი იმან, რომ სოფელში ვცხოვრობ. ქალაქში, ერთ ოთახში თუა ბავშვი გამოკეტილი, შედეგიც ნაკლებია – ამ ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრება. „დრო არ მაქვს“ ან „ხვალ ვიზამ“ – ასეთ დროს არ არსებობს. ეს აზიანებს შედეგს.
რა არ გვაქვს მოვლილი მე და ვაკუნას, სად არ ვყოფილვართ. პარკები და გასართობი ცენტრებიც შემოვლილი გვაქვს, რომ მუდმივად იყოს კომუნიკაციაში და შეისწავლოს გარემო“, – გვეუბნება ბაბუა.
მისი თქმით, ბავშვთან მუშაობა უზარმაზარ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს და რაც უფრო მომთმენია ასისტენტი, მით უკეთესია შედეგიც.
„თავიდან არც მე მქონდა ამხელა გამოცდილება, ამიტომ კინაღამ დავაშავე იმით, რომ ჩემზე დამოკიდებული გახდა. როცა რაიმეს გაკეთებას ცდილობდა, ყველაფერზე მე მიყურებდა თვალებში.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად მუშაობას. ბავშვს უნდა მისცე თავისუფლება, არჩევანის უფლება. ერთ ადამიანზე რომ არ იყოს დამოკიდებული.
ჩოხატაურში ვიყიდდი ბანანს, მივიტანდი სოფლის მაღაზიაში, მერე გავუშვებდი სახლიდან ველოსიპედით და ვეტყოდი – ბაბუ, წადი ბანანი იყიდე-მეთქი. წავიდოდა და მოიტანდა სახლში. რასაც აკეთებს, ყოველთვის გულით აკეთებს.
სასწაულად ჰიგიენური ბავშვია და ეს უკვე დედისა და ბებიას დამსახურებაა. არ უყვარს მისი ნივთების მიმოყრა, დაბანაც დამოუკიდებლად შეუძლია“, – გვიყვება შვილიშვილზე ვალერიანი.
ვალერიან კოტრიკაძემ 2017 წელს ყველა ტრენინგი გაიარა, რომელიც აუტისტური სპექტრის შესწავლაში დაეხმარა. იმდენი ვისწავლე, ოქროს სერტიფიკატიც კი ავიღეო, – გვითხრა.
ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი დააფუძნა, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წევრიც და ახლა გურიაში ყველა ბავშვსა და მშობელს ეხმარება განვითარებაში.
„აუტისტური სპექტრის ბავშვებს არ უყვართ ხანგრძლივად ერთსა და იმავე პროცესზე ყურადღების მიპყრობა, ამიტომ აქტივობები ხშირად უნდა შევუცვალოთ. მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
კარჩაკეტილობა კი ასეთი სპექტრის ადამიანებისთვის ძალიან მავნებელია. უბრალოდ, მეზობელთანაც რომ გადავიდეს, ამასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, „აბა, სად მივდივართ?“, „ვისთან ვიყავით“, „ახლა რას ვაკეთებთ“ და ასე შემდეგ.
როცა რაიმეს ამბობენ, აუცილებელია, რომ მანამდე გაამეორებინო, სანამ სწორად არ იტყვიან, გადადება არ შეიძლება, რადგან თუ არასწორად დაიმახსოვრა, მერე ყოველთვის ასე იტყვის.
ძალიან მგრძნობიარე ბავშვები არიან, ნამდვილი ანგელოზები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშვიდად არიან, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ეს მომენტი არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, – გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.
რთულია 73 წლის ასაკში იცხოვრო ბავშვის, შემდეგ მოზარდის ცხოვრებით? რა გაძლევთ ამის ძალას? – ვეკითხებით მას. პასუხად კი ერთ ისტორიას გვიყვება.
„თბილისში, ერთ-ერთ კონფერენციაზე, 300 ადამიანი ვიყავით დარბაზში. საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ შშმ ბავშვების მშობლები. ერთადერთი კაცი ვიყავი და ისიც ბაბუა.
სად არიან ასეთ დროს მამები? – ყველა შეხვედრაზე, სადაც კი მივდივარ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ბაბუებო, მამებო, დაუდექით ქალებს ამ საქმეში გვერდით. ხშირად მსმენია, რომ კაცები გაურბიან ამ საქმეს, ბევრი ვიცი, ოჯახიც მიატოვეს, როცა ნახეს, რომ შშმ შვილი ჰყავთ და გაიქცნენ.
აი, ეს არის უბედურება, რომ ქალები ამ პრობლემასთან დატოვეს მარტო პირისპირ, როცა ქალს ისედაც დიდი ტვირთი აქვს. კაცებმა უფრო მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინონ და ქალებს დაუდგნენ გვერდით.
ამას ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ კაცების ჩართულობა აუცილებელია. ბავშვს მარტო დედა არ ზრდის, ზრდის ოჯახი – დედა, მამა, ბებია-ბაბუა და ბავშვის ძირითადი ჩამოყალიბება მაინც ოჯახში ხდება, აქედან იწყება ყველაფერი“, – გვეუბნება ის.
რატომ უთხარით ვაკოს მშობლებს, რომ თქვენ იღებდით მასზე პასუხისმგებლობას? ისინი ვერ შეძლებდნენ იმას, რაც შეძელით თქვენ? – ვკითხეთ მას.
„ნამდვილად ვერა“, – გვიპასუხა ვალერიანმა.
მისი თქმით, ვაკოს მამა ახალგაზრდა კაცია, მუშაობს, ხან ქალაქშია, ხან – სოფელში. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან ყოფნა კი მუდმივად საჭიროა. „მაშინ უნდა მიატოვო ყველაფერი“, – გვეუბნება ის და ერთ ადამიანზე გვიყვება, რომელმაც იგივე გააკეთა საკუთარი შვილისთვის.
„მე ვიცნობ ასეთ კაცს, რომელსაც აუტისტური სპექტრის შვილი ჰყავს. თბილისში სპეციალურად გაიარა ტრენინგები, რომ ბავშვს დახმარებოდა. ახლა ყველაფერი იცის. აი, ამას ჰქვია მამა.
გადადებული საქმე იკარგება, ამას უნდა მუდმივი ჩართულობა. აი, ვაკუნას 18 წელი შეუსრულდა ახლა და უკვე ზედმიწევნით იცის ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში ვასწავლე. მე ამას მივაღწიე. მაგრამ, ვიცნობ ოჯახებს, რომლებიც მალავენ შშმ ბავშვებს. ჩაკეტილი ჰყავთ.
მაქვს შეხვედრა ასეთ ხალხთან და ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება. 8 წლის ბავშვი ვნახე, რომელიც გარეთ არ იყო ნამყოფი, ჩაკეტილი ჰყავდათ სახლში. 20 წლის შემდეგ რა უნდა ქნას? – ვკითხე ამ ბავშვის ბებიას და მეორე დღეს, ხელკავით გამოყვანილი ჰყავდა გარეთ.
არც ოჯახის წევრმა უნდა შეხედოს ამ ბავშვებს სიბრალულის თვალით, ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც შედარებით მეტი საჭიროება აქვთ. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ განვითარებაში.
გარდატეხის ასაკში დიდი პრობლემები ჰქონდა ვაკუნას, ფსიქიკური აშლილობაც დაემატა, მაგრამ მთელი ენერგია ჩავდე, რომ დავხმარებოდი. თბილისში ცალკე ტრენინგები გავიარე, რომ ამ პროცესის სწორად მართვა შემძლებოდა.
არც სხვისთვის ვიშურებ რჩევებს, კარდაკარის პრინციპით დავდივარ და ვეხმარები ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება აქვს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ბაბუა ვარ და შემიძლია რეკომენდაციაც, დახმარებაც, რომ ავუხსნა რა არის უკეთესი. სიტყვიერი ახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გამოცდილება გაქვს, გავლილი გაქვს ეს გზა.
მეც ბედნიერი ვარ, როცა სხვა მშობლები კმაყოფილი მხვდებიან. არასდროს მეზარება დახმარება, რჩევის მიცემა, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე ამით ვცხოვრობ.
მიხარია სარკეში საკუთარი თავის დანახვა, ზურგი არ მეწვის, რადგან იმას ვაკეთებ, რაც აუცილებელია. მეამაყება, რომ ამ ხნის ადამიანი ვაკეთებ არა მარტო ჩემთვის სასარგებლო საქმეს, არამედ იმას, რაც სხვებისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ვალერიანი.
ცოტა ხნის წინ გულზე რთული ოპერაცია გაიკეთა, ამბობს, რომ ახალი გულით უფრო დიდხანს უნდა იცოცხლოს, რადგან ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება.
„14 წელი ვითამაშე ფეხბურთი. სპორტსმენი ვარ. ოთხი წელი უკრაინაში ვთამაშობდი, ბათუმის „დინამოში“ ვიყავი. 30-40 წლის ადამიანის ენერგია მაქვს ახლაც.
ოპერაცია გადავიტანე, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვტოვებ ვაკუნას, არც იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ. არ არსებობს დღე, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში რომ არ მივიდე ამ ბავშვებთან.
იყო დრო, ტერმინოლოგიაც კი არ ვიცოდი, ყველაფერი ვისწავლე, იმდენი ვიწვალე, რომ ახლა შემიძლია სხვას დავეხმარო. ამ ყველაფერმა შემცვალა და უფრო მიზანსწრაფული გამხადა. ჩემთვის მთავარია შედეგი“, – გვეუბნება ის.
მისი აზრით, ყველა ასაკში შეიძლება იპოვოს ადამიანმა მოწოდება და წლები ხშირად არაფერს ნიშნავს. 70 წლის ასაკში, ფაქტობრივად, ახალი საქმე, ახალი პროფესია შეიძინა და ეს შეაძლებინა სიყვარულმა, საკუთარი შვილიშვილის და იმ ბავშვების, რომლებსაც მისი მხარდაჭერა სჭირდება.
„თბილისში იყო შემთხვევა, როცა საქალაქო ტრანსპორტში გულყრა დაემართა ბავშვს. ეპილეფსიით იყო ბავშვი ავად და დაეცა. მაშინვე წამოვხტი და გავუწიე დახმარება, რადგან ესეც ვისწავლე ტრენინგებზე.
რამდენიმე ადამიანმა პრეტენზია გამოთქვა, ტაქსით ვერ წავიდა, თუ ასეთი რამ სჭირდა ბავშვსო?. როცა საქმეს მოვრჩი, ისეთი პასუხი გავეცი, სამივე ჩავიდა ავტობუსიდან.
სამაგიეროდ, იმ ბავშვის დედის თვალები მახსოვს, როგორი მადლიერი იყო თანადგომით. წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოება მართლა შეიცვალა. ბევრია ისეთი, ვინც მაღალი ცნობიერებით ეკიდება შშმ ადამიანებს, მაგრამ სამუშაო კიდევ არის“, – გვითხრა ვალერიან კოტრიკაძემ და ჩვენთან საუბარი ასე დაასრულა:
„ჩემთვის თქვენი ზარი იცით რამდენს ნიშნავს? წამალზე უკეთესია, მალამოა ჩემი გულისთვის, რადგან გაინტერესებთ ეს ადამიანები“.
ვალერიანი ამბობს, რომ როცა საზოგადოება ინტერესდება შშმ ბავშვებით და თანადგომას გამოხატავს, ეს მას აცოცხლებს.