„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია?
კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, – გვითხრა მან. USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელი მოგვიყვა, როგორ მუშაობენ ისინი ხელისუფლებასთან იმ კუთხით, რომ მეტი მაღალბიუჯეტიანი ტურისტის მოზიდვა მოხერხდეს ევროპის ქვეყნებიდან.
კლერ მესონს ინტერვიუს დროს ასევე ვკითხეთ, რამდენად შეიძლება გადახედოს USAID-მა სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, როცა აშშ მოსამართლეებს კორუფციაში ჩართვისთვის ასანქცირებს?
„ბათუმელებმა“ USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელთან, კლერ მესონთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ქალბატონო კლერ, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ფარგლებში ბათუმში ტარდება რეგიონული კონფერენცია – მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში. რას გვეტყვით ამ პროგრამის შესახებ? ვინ სარგებლობს პროგრამით? რატომ შეირჩა აჭარა პროექტის განსახორციელებლად და არის თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგები, რის გაზიარებაც გსურთ?
პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც „ბათუმელები“ აკეთებს. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა, გესაუბროთ იმაზე, რასაც ახორციელებს USAID-ი საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში.
ახლა დავბრუნდი კონფერენციიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინსტიტუციურ განვითარებას. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, ვმუშაობთ ინსტიტუციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან, რათა გავაუმჯობესოთ მათი შიდა შესაძლებლობები და გახდეს ეს უფრო ეფექტური. ამ ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობები, იმუშაონ უფრო მაღალ დონეზე. ეს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, მდგრადად განვითარდეს ეკონომიკა, გაიზარდოს დემოკრატია და გაძლიერდეს მთლიანად ქვეყანაში დემოკრატია.
წლებია USAID-ი რა სერვისებსა და მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს საქართველოში, ეს არ არის ორიენტირებული მხოლოდ დიდ ქალაქებზე. ეს კონცენტრირებულია რეგიონებზეც, ეს შეეხება არამხოლოდ ბათუმს – მთელი დასავლეთ საქართველოდან არიან მოწვეული კონფერენციაზე ადამიანები, რომლებსაც შეეხება ორგანიზაციული განვითარება.
როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციების მიმართ? მაგალითად, აჭარაში ჩვენ ვმუშაობთ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტთან, მათ შორის, ტურიზმის დეპარტამენტთან, აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან, განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, როგორიცაა, მაგალითად, „ორგანიკ ჯორჯია“.
ნება მომეცით, გაგიზიაროთ მაგალითი, რომელიც კონკრეტულად აჭარას შეეხება: 2021 წელს აქტივისტების ჯგუფი, ფერმერები შეიკრიბნენ. მათ ჰქონდათ იდეა, გაეფართოებინათ ორგანული ფერმერული საქმიანობა და გასულიყვნენ მრავალფეროვან ბაზრებზე. მათ ასევე სურდათ შეექმნათ ბიზნესასოციაცია. USAID-ი მათ დაეხმარა ორგანიზაციულ განვითარებაში – შეექმნათ ისეთი ბიზნესი, რომელიც იქნებოდა საკმაოდ მყარი: შეემუშავებინათ გეგმა, რომლითაც გავიდოდნენ სხვა ფერმერებზე და მეტ მოტივაციას გააჩენდნენ, რომ რაც შეიძლება მეტად დაემკვიდრებინათ ბიოფერმერობის პრაქტიკა.
მათ ასევე დავეხმარეთ, რომ შეემუშავებინათ ე.წ. ციფრული მარკეტინგი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ უფრო ადვილად დაჰკავშირებოდნენ ევროპის ბაზრებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში „ორგანიკ ჯორჯია“ გაიზარდა და უკვე 20 ფერმერია მონაწილე. ეს არც ისე მარტივია საქართველოსთვის: ჩვეულებრივი, სტანდარტული ფერმერობიდან გადმოერთო ორგანულ ფერმერობაზე. ასოციაციამ შეძლო, რომ დახმარებოდნენ ფერმერებს, ასევე გაეცნობიერებინათ, რა პროცედურის გავლა მოუწევდათ მათ. USAID-მა აი, ამ ბიზნესის განვითარებაში მცირედი წვლილი შეიტანა.
ჩვენ ვხედავთ, რომ 20 ფერმერი უკვე მონაწილეობს აჭარაში და ზრდიან თავიანთ შემოსავლებს. ვიცით, ასევე, რომ გაიზრდება მათი რაოდენობა, გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ გაზარდონ თავიანთი ოჯახების შემოსავლები და ეს დადებითად აისახება მთლიანად მოსახლეობაზე.
გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ შეგვეძლო გვემუშავა ჩვენს ბენეფიციარებთან. შესაბამისად, ბათუმში ამ კონფერენციის ჩატარებით მოვიზიდეთ ადამიანები არამარტო ბათუმში, არამედ აჭარასა და გურიაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევხვდეთ ადამიანებს, დავრწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვექნება მათი მხრიდან.
- 2024 წლის გეგმებზე მინდა გკითხოთ – გასულ კვირას სენატორმა შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იუსაიდის ხელმძღვანელს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გაგზავნის შესაძლებლობაზე ჰკითხა. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ასეთი მისია? როგორ შეიძლება დაეხმაროს იუსაიდი საქართველოს, რათა 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს?
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არის სწორედ ის მიზანი, რის გამო USAID-ი უკვე ათწლეულებია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ გვაქვს მიმდინარე, საკმაოდ კარგი პროგრამა, ესაა საარჩევნო პროცესების პროგრამა, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო პროცესს. დაკვირვება შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და ამ პროცესში შეიძლება ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები. ვიცით, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. USAID-ი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო პროცესს.
ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს ძალიან დიდი პროცესია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად. USAID-ის მხარდაჭერა ამავე დროს აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შესაძლებლობის გაძლიერებისთვის – ჩვენ ვცდილობთ, რომ არჩევნები გადავიდეს ციფრულ პლატფორმაზე [ელექტრონული არჩევნები], რაც ძალიან დიდი ცვლილებაა საქართველოსთვის.
ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნების პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს – დამკვირვებელი იქნება ეს თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვისაც ეხება ელექტრონული არჩევნები, კარგად ესმოდეს, როგორ მუშაობს ელექტრონული არჩევნები, ასევე დავეხმაროთ მათ, ვინც აკვირდება არჩევნებს.
ჩვენ ვმუშაობთ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, რომ დაუკავშირდნენ ისინი ახალგაზრდებს, თავიანთ ამომრჩევლებს. ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიუკერძოებელია – მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
- შესაძლოა ამ არჩევნების გათვალისწინებით USAID-ის ბიუჯეტი საქართველოში 2024 წელს გაიზარდოს?
ბიუჯეტი, რომელიც საქართველოში USAID-ს აქვს გამოყოფილი, ეს არის 75 მილიონი აშშ დოლარი. როგორც თქვენ იცით, USAID-ი არის ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სააგენტო, რომელსაც კონგრესი ყოველწლიურად აფინანსებს. კონგრესი გადაწყვეტს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს დაფინანსება: გაიზარდოს, თუ შემცირდეს. საქართველოს გაუმართლა, რადგან მას აქვს კონგრესის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დავეხმაროთ განვითარებაში. ეს არის მიზეზი, რის გამოც აქვს საქართველოს კონგრესის ეს დიდი მხარდაჭერა. ამიტომაც არის, რომ USAID-ს აქვს ამხელა ბიუჯეტი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ ფულით, ეს თანხა სტრატეგიაშია მთლიანად გაწერილი.
ჩვენი მთავარი მიზანია გარე ზეგავლენასთან ბრძოლა, აქ იგულისხმება რუსეთი და სხვა საფრთხეები – ამ კუთხით რომ იყოს ქვეყანა ძლიერი და მდგრადი. მეორეა – მხარი დავუჭიროთ მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მმართველობას, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იყოს ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა.
- რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს USAID-ის მხრიდან სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ამჯერად, როცა დასანქცირდნენ გავლენიანი მოსამართლეები კორუფციაში ჩართულობისთვის, მანამდე ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობდა კლანზე სასამართლოში.
USAID-ი მართლმსაჯულებასთან იმისთვის მუშაობს, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსამართლეებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობაზე, ფაქტებზე და მიღებულია ყოველგვარი გავლენის გარეშე. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა ხორციელდება მთელ ქვეყანაში და გაგრძელდება ეს პროგრამა. ჩვენ გვინდა, რომ განხორციელდეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეფორმები: გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული პროცესები.
- შესაძლებელია, გადაიხედოს თქვენი მხარდაჭერა, როცა ჩანს, რომ რეალურად სასამართლო ვერ ძლიერდება? – მოსამართლეების დასანქცირებამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა, რომ საქართველოს სასამართლოებში კლანია.
როგორც ვახსენე, USAID-ის პროგრამები წლებია ხორციელდება და ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა სჭირდება მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ მართლმსაჯულებასთან, ვეხმარებით მათ, იყვნენ უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულნი და თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთანამშრომლობთ მოსამართლეებთან, სასამართლოებთან, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან, ასევე პროკურატურასთან, იურისტებთან მთელ ქვეყანაში, რომ დავეხმაროთ მათ. USAID-ის მართლმსაჯულების უზენაესობის პროგრამა ასევე მუშაობს იურიდიულ დახმარებაზე.
- ცოტა ხნის წინ მღელვარების საგანი იყო საქართველოში „აგენტების შესახებ კანონი“, რომელიც საბოლოოდ გაიწვია პარლამენტმა. შეგიძლიათ ჩვენს აუდიტორიას უთხრათ: რა გავლენას იქონიებდა ამ კანონის მიღება ამერიკელი ხალხის დახმარებაზე? USAID-ის პროგრამებზე?
აშშ-ს ელჩმა საქართველოში ცალსახად უკვე ისაუბრა ამ კანონპროექტზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონპროექტს ექნებოდა სტიგმატური გამოხმაურება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით, იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე ახლოს მუშაობენ მოსახლეობასთან, რათა გააუმჯობესონ თემის საჭირბოროტო საკითხები.
ამ კანონის მიღება რეალურად დააზარალებდა საქართველოს ევროპულ მომავალს.
მინდა ვისაუბრო იმაზეც, თუ რატომ დებს ინვესტიციას USAID-ი სამოქალაქო ორგანიზაციებში და არა მხოლოდ საქართველოში. გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ფუნდამენტი ძლიერი დემოკრატიისა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი საკითხების წამოჭრაში, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, მთავრობა გახადოს ანგარიშვალდებული, ასევე მისცეს შესაძლებლობა ადამიანებს, რომ აიმაღლონ ხმა, ვისაც მანამდე არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.
როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ: რეალურად რა არის ეს. სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალგაზრდების ჯგუფი პატარა ქალაქში, რომლებსაც აწუხებთ, მაგალითად, გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, ისინი ერთიანდებიან და სხვადასხვა გზით ცდილობენ დაელაპარაკონ ადგილობრივ მთავრობას. მათ შეიძლება აქტივობით მიაღწიონ ცვლილებებს.
ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციაც, რომელიც შეიძლება ეხმარება შშმ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ ადეკვატური განათლება და სერვისი, რაც სჭირდებათ. შესაძლოა, ეს იყოს უფასო იურიდიული მომსახურება, ვისაც სჭირდება სასამართლო და არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს იურიდიული დახმარების მომსახურების საფასური. ეს შეიძლება იყოს აქტივობა, როცა ვინმე აკვირდება არჩევნებს და ბოლოს ეკონომიკური სფერო: ფერმერები, რომლებიც გაერთიანდნენ ადვოკატირებისთვის და უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნისთვის.
თითქმის ყველა პროექტში სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი ნიშა მიცემული. ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვახორციელებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ასევე, ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვახორციელებთ მთავრობასთან ერთად იმავე მიზნების მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ დონეზე.
- რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ საქართველოში, რა შეიცვლებოდა, როგორ აისახებოდა ეს ადამიანებზე, რომლებიც იღებენ სარგებელს USAID-ის პროგრამებით?
ვერ ვისაუბრებ ჰიპოთეზაზე. ვიტყოდი, რომ მოვისმინეთ შეშფოთებები, რაც მოდიოდა ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან, რა მოხდებოდა, თუ მიიღებდა საქართველო ამ კანონს.
USAID-ს ძალიან დიდი ისტორია აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის. ვერ ვხედავ, რომ რამე შეიცვლება. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შევუწყოთ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას, რაც დაკავშირებულია ევროკავშირისკენ სწრაფვასთან. სპეკულირებას ვერ მოვახდენთ, რა მოხდებოდა პოტენციურად კანონის მიღების შემთხვევაში, მაგრამ მთელმა მსოფლიომ და საქართველომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების წვლილი და როლი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ ვიცით, რა სურს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ.
- უახლეს წარსულს თუ გადავავლებთ თვალს – 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა, რუსული კანონის მიღების მცდელობა და კიდევ არაერთი სხვა ფაქტორი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კიდევ მეტად დამძიმდა მედიაგარემო საქართველოში და მას განსაკუთრებით მსუსხავი ეფექტი აქვს დამოუკიდებელ მედიაზე. ამ ფონზე ხომ არ აპირებთ დამოუკიდებელი მედიის პირდაპირ მხარდაჭერას, მით უფრო, 2024 წლის მოახლოებული არჩევნების პირობებში?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არის 3 მაისი, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. გილოცავთ ამ დღეს. ყველას მადლობა – პრესის და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობთ აქ იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოს მოსახლეობისთვის – მათ წვდომას აძლევთ სანდო ინფორმაციასთან.
საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, ასევე სხვა მედიასაშუალებები, რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე რასაც აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-ს უნდა, რომ მხარი დაუჭიროს მედიას და თავისუფალ სივრცეს.
ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე პროგრამა, რომელთა საშუალებითაც ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ სწორედ დამოუკიდებელ მედიას. პირველი, ეს არის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია დეზინფორმაციაზე.
ვიცით, რომ ძალიან შეიცვალა სამყარო სოციალური მედიის შემდეგ, გაიზარდა რაოდენობა იმ სივრცეებისა, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ინფორმაციის მიღება. ხშირად მოსახლეობა ინფორმაციას იღებს არასანდო წყაროებიდან.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რა არის რეალური ინფორმაცია და შეძლოს მისი გარჩევა ყალბი ინფორმაციისგან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვზრდით საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობას, რომ კარგად შეძლონ დეზინფორმაციის გარჩევა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ კონტენტზე მომუშავე ადამიანებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, გაქარწყლდეს დეზინფორმაციები, რაც გარკვეული მითებისგან იქმნება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში არსებული პრობლემაა, მათ შორის, ჩემს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის ამ დეზინფორმაციას და ვცდილობთ, გავიგოთ, რა არის რეალური ინფორმაცია, რა – დეზინფორმაცია.
ჩვენ გვაქვს ასევე მედიის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ კონტენტის შემქმნელებს, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება კვლევებს და იმ საკითხებს, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში, გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხო და ჩაგვრისგან თავისუფალ გარემოში. ჩვენ ვაფართოებთ მედიასთან მუშაობას, რადგან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობა იღებს ინფორმაციას ბევრი წყაროდან.
ეს არ არის მუშაობა მხოლოდ ტრადიციულ მედიასაშუალებებთან. ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ინფლუენსერებს, ონლაინმედიას, საიდანაც მოსახლეობა რეალურად ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მედიასივრცესთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გვესმის, რომ მართლა ძალიან რთული გარემოა. ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ მედიასაშუალებას მიმართოს და სად შეიძლება მოიძიოს სანდო ინფორმაცია.
- ვიცით, რომ USAID-ი არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთა საჭიროებების შესაბამისად. შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ მათზე, როგორ მუშაობს თქვენი პროგრამები აფხაზეთში?
ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ USAID-მა შექმნას დადებითი აქტივობები, ანუ USAID-ი ქმნის სხვადასხვა პროგრამას: გამყოფი ხაზის აქეთ მდებარე სოფლებისთვის და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის იქეთ მდებარე სოფლებისთვის. გვესმის, რომ რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა.
გამყოფი ხაზის აქეთ მხარეს ვქმნით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ვეხმარებით მოსახლეობას, რომ გავაძლიეროთ ისინი. გვჯერა, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, აუცილებელია, იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რათა მთლიანობაში საქართველო იყოს ძლიერი. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები, რასაც ჩვენ ვქნით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, მისცემს ცოდნას ადგილობრივ მოსახლეობას და ეს იქნება გზავნილი მოსახლეობისთვის, რომ მომავალი იქნება წარსულზე უკეთესი. მედეგობის გაზრდით, ამ თემების გაძლიერებით ისინი უკეთ შეძლებენ, თავი დაიცვან გარე ზეგავლენისგან, რომელიც ცდილობს თავს დაესხას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების პროგრამასთან [UNDP], რომლის საშუალებითაც გვეძლევა შესაძლებლობა, პროგრამები განვახორციელოთ აფხაზეთში. ამ პროგრამის მიზანია, შევქმნათ ხალხთაშორის ურთიერთობები და კავშირები, რაც არის შერიგების და მშვიდობის პროგრამის ნაწილი. რის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ, ეს არის ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, პრობლემები, რასაც აწყდებით აფხაზეთში მუშაობის დროს?
ბევრი გამოწვევაა, როცა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა არის შესაძლებლობები, სფეროები, სადაც დავინახეთ, რომ გაიზარდა თანამშრომლობა. 4 წელია საქართველოში ვარ და აქ გადავიტანე კოვიდის პერიოდიც. ცალსახაა, რომ ეს საშინელება იყო ყველასთვის, თუმცა ამან შეგვიქმნა შესაძლებლობა, გაგვეზარდა თანამშრომლობა აფხაზეთთან და ეს უკავშირდება ვაქცინაციას, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფდა იქ მცხოვრები ადამიანების ჯანდაცვას.
USAID-მა შეძლო მხარდაჭერის გაზრდა აფხაზეთში. ამან შექმნა კარგი პრეცედენტი, როდესაც ვნახეთ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის აქეთ და იქით მცხოვრები ექიმები როგორ ურთიერთობდნენ, ერთად მუშაობდნენ და ცდილობდნენ, რომ ებრძოლათ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ.
- USAID-მა ახლახან დაიწყო დიდი პროგრამა საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. მომავალ კვირას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის მუნიციპალიტეტთან. გთხოვთ, გაგვიზიაროთ დეტალები პროგრამის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით? რატომ აკეთებს USAID-ი აქცენტს ადგილობრივ მმართველობაზე?
ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ მმართველობაზე. პროგრამის მთავარი ბენეფიციარია ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი მმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ადგილობრივ მთავრობას პირდაპირი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ადგილობრივი მთავრობა წყვეტს, როგორ განაწილდეს რესურსები: რომელი ქუჩები უნდა გარემონტდეს, განახლდეს, რა სოციალური სერვისები დაფინანსდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ ეს კავშირი ადგილობრივ მთავრობებთან, რომ მათ შეუძლიათ პირდაპირ ესაუბრონ ადგილობრივ მთავრობას იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებთ და ასახონ თავიანთი პრიორიტეტები.
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მეორე მხარეს მათ ჰყავთ პარტნიორი, რომელიც მათ უსმენს და არის პასუხისმგებლობიანი. ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია შევქმნათ კავშირი და ნდობა მოქალაქეებსა და მთავრობას შორის. USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა იმუშავებს როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე. სახელმწიფო დონეზე ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფო ინსტიტუტების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას.
ადგილობრივ დონეზე ჩვენ ვიმუშავებთ 22 მუნიციპალიტეტში. მათ დავეხმარებით, რომ გააუმჯობესონ მომსახურება, გაზარდონ კავშირები მოქალაქეებთან, რათა უფრო ხელმისაწვდომები გახდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ბიზნესისთვის, რომ შექმნან ღია გარემო, სადაც მარტივად იმუშავებენ.
პირველ წელს ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ფარგლებში შევარჩიეთ 11 მუნიციპალიტეტი, ვისთანაც დავიწყებთ თანამშრომლობას. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ კვირას მემორანდუმს მოაწერს ხელს ბათუმის მუნიციპალიტეტი, ასევე გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. პასუხისმგებლობა და ვალდებულება იქნება ორივე მხარეს. რეალურად დოკუმენტი მოიცავს პრინციპს: მოდით, ვიმუშაოთ ერთად. ამ პროგრამის შედეგი იქნება ის, რომ დავუკავშირებთ მოსახლეობას ადგილობრივ მთავრობას, რომ შეძლონ ერთმანეთში დიალოგი.
- მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში რა შეიცვლება მემორანდუმის გაფორმების შემდეგ?
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ადგილობრივი მმართველობის ექსპერტი არ ვარ. ვიცი, რომ დეცენტრალიზაცია მოიცავს ფინანსურ საკითხებს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის, ჩვენ დავეხმარებით სწორედ მთავრობას ამ პროცესში. ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ პირდაპირ იმუშაონ მოქალაქეებთან. ვიდრე არ მოვაწერთ ხელს მემორანდუმებს, კონკრეტულ სპეციფიკაზე ვერ ვისაუბრებთ.
- საქართველოს ხელისუფლების მართვის სტილი არის მკაცრად ვერტიკალური – ზემოდან ქვემოთ. დასავლელი მეგობრები, მათ შორის, აშშ, ცდილობს მხარი დაუჭიროს დეცენტრალიზაციის პროცესს. თუ არ იქნება ხელისუფლების ნება, რამდენად მიიღწევა დეცენტრალიზაცია?
USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ადგილობრივ მთავრობებთან და ჩვენთვის პრიორიტეტია ის, თუ რა საჭიროებებია ადგილობრივ მთავრობაში. ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო დონეზე იმიტომ, რომ სახელმწიფო დონეზე არსებობს დეცენტრალიზაციის სტრატეგია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო.
ასევე, ვიტყოდი, რომ ადგილობრივი პოლიტიკოსები, საკრებულოების წარმომადგენლები, მერები, გუბერნატორები, რომლებსაც ყველაზე მეტად აქვთ ურთიერთობა ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებში შედის, რომ უზრუნველყონ საჭირო მომსახურება, მათ უნდა ნახონ თავიანთი ამომრჩეველი ყოველდღიურად. ადგილობრივი მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის, ქვეყნის წარმატებისთვის.
ვისთანაც უკვე ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რეალურად ყველა ადგილობრივი მთავრობიდან ძალიან დიდი ინტერესი მოდის თანამშრომლობაზე. უხარიათ ეს თანამშრომლობა. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგს ქართულ კონტექსტში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ცვლილებაა – დიდი ხანია ადგილობრივი მმართველობის პროგრამა ცალკე არ განგვიხორციელებია – აქამდე მხოლოდ დიდ პროგრამაში შედიოდა ადგილობრივი მმართველობის პროგრამა. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიდეთ რეგიონებში. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ცალკე ამ საკითხზე ორიენტირებული პროგრამა.
- აშშ-მ მოსამართლეები დაასანქცირა კორუფციაში ჩართულობის გამო. ეს ნიშნავს, რომ კორუფცია ყველა სახელისუფლო რგოლში შეიძლება იყოს გავრცელებული. USAID-ი დიდ პროექტებს აფინანსებს საქართველოში და მაინტერესებს, რა ბერკეტები გაქვთ ამ პროექტების მონიტორინგისთვის, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ხელისუფლება ამ პროექტებს?
USAID-ი თანამშრომლობს მთავრობასთან ყველა დონეზე. ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ თანხას არ ვაძლევთ მთავრობას. ამ შემთხვევაში მთავრობას ხელს ვუწყობთ შესაძლებლობების გაძლიერებაში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამერიკული ფონდების განაწილების საკითხს. თითოეული ეს თანხა, რაც ნაწილდება, უნდა აკმაყოფილებდეს დასახელებული მიზნების განხორციელებას. ეს უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ.
ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა გამოვარჩიოთ, გავარკვიოთ: რა სჭირდება საქართველოს? სად სჭირდება საქართველოს რაიმეს გაუმჯობესება, რომ დავეხმაროთ ქვეყანას, გახდეს უფრო უსაფრთხო და წარმატებული?
მაგალითად, აჭარაში ჩემთან ერთად ამ ღონისძიებაზე იყო აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც საუბრობდა, რამდენად დაეხმარა USAID-ი მთავრობას მუშაობის გაუმჯობესებაში. ის ძალიან მადლიერი იყო ყველა იმ მხარდაჭერით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, შეესაბამება და აკმაყოფილებს ევროპულ, დასავლურ სტანდარტებს.
- კიდევ რა პროგრამებს ახორციელებს USAID-ი აჭარაში? რა პოტენციალს ხედავთ ჩვენს რეგიონში?
USAID-ი მხარს უჭერს ბევრ პროგრამას აჭარაში, იმდენს, რომ ალბათ ვერც კი ჩამოვთვლი. ძალიან დიდი პოტენციალია დასავლეთი საქართველო. ყველა პროგრამა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, რომ გახდეს საქართველო უფრო ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა.
ბათუმი მეორე დიდი ქალაქია ქვეყანაში და არის საპორტო ქალაქი. აქ ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ეკონომიკა მეტად გაიზარდოს. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია სწორედ ამ სფეროზე, მათ შორის, ტურიზმზე, საწარმოებზე, ჩვენ ვხედავთ დასავლეთ საქართველოს ძლიერ და კარგ პარტნიორად.
მაგალითად, ჩვენ დავეხმარეთ ბათუმში ბიზნესს, რომლის სახელწოდებაა „აიბამბუ“, ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ავეჯს ბამბუკისგან. მათ შესაძლებლობა აქვთ, ინვესტიცია ჩადონ და შეიძინონ ახალი, დამატებითი დანადგარები და შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული ბაზრის მოთხოვნებს. ამ ინვესტიციების ფარგლებში, მათ შეძლეს შეექმნათ 14 მაღალანაზღაურებადი ადგილი და გაეზარდათ შემოსავლები 100 ათასამდე.
ამის გარდა, ვმუშაობთ ფოთისა და ბათუმის პორტებთან, ამ შემთხვევაში საზღვაო აკადემიასთან – ხელს ვუწყობთ იმას, რომ დასაქმებისთვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე პირები მოამზადონ, ვინც სჭირდება პორტს. ვცდილობთ, რომ გადავამზადოთ საჭირო სპეციალისტები. პორტში საკმაოდ კარგი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებია, მაგრამ არ არიან საკმარისი რაოდენობით ადამიანები, რომლებიც შეიტანენ განაცხადს ამა თუ იმ პოზიციაზე, მაგალითად, სჭირდებათ ამწეს ოპერატორი, ვინც მართავს ამწეს. რეალურად არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა ამ სამუშაო პოზიციებზე და, სამწუხაროდ, არ არიან ამ სპეციალობის ადამიანები.
რაც შეეხება ტურიზმს, აქ ძალიან კარგი ადგილია ტურიზმისთვის. ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა.
- თქვენ რომელ ადგილებს გამოარჩევდით ბათუმში?
ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური, ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა. ჩემი შვილები ალბათ იტყოდნენ, რომ ძალიან მოსწონთ ეშმაკის ბორბალზე, სიმაღლეზე ასვლა. მათ მოსწონთ, როცა მიყურებენ, როგორ მეშინია სიმაღლის.
ძალიან ბევრი ადგილის მონახულება შეიძლება აქ, როცა კარგი ამინდია. იმედია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა აქ არა მარტო რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპელი ჩამოდის, გერმანელები ჩამოდიან, მათ აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში, აინტერესებთ შავი ზღვა. ყველა ადგილი ლამაზია, თუნდაც, თუ ახვალთ მთიან აჭარაში, კარგია, თუ ახვალთ სასეირნოდ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ტურიზმის სააგენტოსთან, რათა გავზარდოთ მათი შესაძლებლობები, რომ შეძლონ მეტად მოიზიდონ ტურისტები დასავლეთიდან. საუბარია მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე, რომლებიც უფრო მეტს დახარჯავენ აქ და ხელს შეუწყობენ მთლიანი, დიდი ბაზრის შექმნას საქართველოში.
მომწონს ძალიან, როცა დავდივარ საქართველოში და ვეკითხები ყველას, როგორ ვთქვა დასახელება, ხალხს ვთხოვ გამოთქმაში დახმარებას.
- ქართული ანბანი რის გამო მოგწონთ?
პირველ რიგში, ძალიან ლამაზია. ასევე მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები. თუ ისტორიას გადავხედავთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ იბრძოლა და დაიცვა თავისი ენა, ეს აჩვენებს ძალიან კარგად იმას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი. თქვენ ყოველთვის იყავით ძლიერი და ამაყი ადამიანები, რომლებიც ისწრაფოდით დამოუკიდებლობისკენ და შეინარჩუნეთ ეს დამოუკიდებლობა. ეს ცალსახად მიუთითებს იმას, თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი.
- სწავლობთ ქართულს?
სამწუხაროდ არ მქონდა იმის დრო, რომ ქართული ენა მესწავლა, ძირითადად ორიენტირებული ვიყავი ჩემი საქმის შესრულებაზე, რომელიც სტრატეგიულ განვითარებას უკავშირდება. ამავე დროს მყავს ყველაზე კომუნიკაბელური თარჯიმანი, რომელიც ოდესმე მყოლია და ის დაგვყავს ყველა რეგიონში.