განათლება,მთავარი,სიახლეები

მივმართავ ბსუ-ს რექტორს, ღიად გამოხატოს თავისი პოციზია რუსულ კანონზე – სტუდენტი

08.03.2023 • 3987
მივმართავ ბსუ-ს რექტორს, ღიად გამოხატოს თავისი პოციზია რუსულ კანონზე – სტუდენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი ნიკა თურმანიძე უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს.

სტუდენტი რექტორს და ლექტორებს მოუწოდებს, ღიად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთა დაკავშირებით, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის მცდელობა, ასწავლოს სტუდენტებს რა არის ევროპული დემოკრატია, ევროპული ღირებულებები და სამართლიანობა, აზრს კარგავს.

„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აუცილებელია ისმოდეს უნივერსიტეტის ხმა და ღია პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით.

ასეთ დროს სწორედ უნივერსიტეტი უნდა ასრულებდეს ყველაზე მნიშვნელოვან როლს და ის უნდა ყოფილიყო პირველი, რომელიც ამ მოწოდებას გააჟღერებდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ წერილობითი მიმართვა დამჭირდა რექტორის პოზიციის გასაგებად“ – ამბობს ნიკა თურმანიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, როცა დღეს სტუდენტები და საზოგადოების დიდი ნაწილი იცავს თავის ევროპულ არჩევანს, ლექტორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი ფარდის უკან დგომას ამჯობინებს.

„უნივერსიტეტის რეალური პოზიცია არ ჩანს. გუშინ გვქონდა სტუდენტებს საინფორმაციო შეხვედრა რუსულ კანონთან დაკავშირებით და არც იქ მოვიდნენ ლექტორები, გარდა რამდენიმესი.

დღეს უნივერსიტეტის პოზიცია სამწუხაროდ არის სიჩუმე. მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის, რომელიც უნდა აჟღერებდეს სტუდენტების ხმას უნივერსიტეტში.

ლექტორი, რომელიც სამართლიანობაზე, ევროპულ კულტურაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპულ დემოკრატიაზე გვესაუბრება, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ გვერდით არ იდგეს?“ – ამბობს ნიკა.

მისი თქმით, იმ ძალისხმევაში, რაც მოქალაქეებმა გაიღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, ნაწილობრივ ამ ხალხის წვლილიცაა, დღეს კი, „როცა ყველაფერი ჩვენ თვალწინ ინგრევა, სწორედ ეს ლექტორები და სტუდენტები უნდა გამოსულიყვნენ ამის დასაცავად“.

მისი თქმით, რუსულ კანონპროექტზე მსჯელობა ლექცია-სემინარებზეც კი არ მიმდინარეობს.

„მე ვსწავლობ სამართლის ფაკულტეტზე და სამწუხაროა ის, რომ როცა ამხელა ამბავია რუსულ კანონპროექტზე, სამართლის ლექტორები ამ პრობლემაზე საერთოდ არ საუბრობენ, არც ლექციებზე და არც სემინარებზე.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გვიჭერენ მხარს, მაგრამ არა ღიად, ფარდის უკან დგომას არჩევენ.

სამწუხაროდ, ის კონფორმიზმი, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გარკვეულწილად უნივერსიტეტშიც ვრცელდება, თუმცა იმედი მაქვს, ამ ისტორიული არჩევანის დასაცავად, რაც წლების წინ ავირჩიეთ, ჩვენი ლექტორ-მასწავლებლებიც ჩვენ გვერდით იქნებიან და დაიცავენ ევროპულ მომავალს“ – ამბობს ნიკა.

მისი აზრით, გუშინ, 7 მარტს, აქციაზე ხელისუფლებამ დაარღვია როგორც შეკრების, ასევე მანიფესტაციის, აზრის გამოხატვის თავისუფლების და სხვა უფლებებიც და ასეთ ვითარებაში ადამიანებს უჩნდებათ შიში. თუმცა ნიკა თურმანიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური მოძრაობის შეჩერება არავის შეუძლია.

„როგორც ჩანს, ბევრი ვერ იაზრებს იმ შედეგს, რაც რუსულ კანონს მოჰყვება.

რაც არ უნდა სიტყვები ჩაწერონ შიგნით, იქნება ეს „კეთილსინდისიერება“ თუ სხვა რამ, ამ კანონის მიზანი ერთია – ვინც არ მოეწონებათ ყველაზე თქვან: „ჯაშუში“, „მოგზავნილი“, „აგენტი“. ასე საუბრობდა დღეს კობახიძე და სწორედ ეს არის ამ კანონის მიზანიც.

შესაბამისად, ნებისმიერი ის ლექტორი ან სტუდენტი, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში, მათ შორის, უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებსა და პროგრამებში, შესაძლოა გახდნენ ამ კანონპროექტის მსხვერპლი, თუკი კრიტიკულ აზრს გამოხატავენ ხელისუფლების მიმართ.

როგორ შეიძლება სტუდენტების ლეგიტიმურ პროტესტს ჯაშუშობა ან აგენტობა უწოდო? მე გამოვხატავ ჩემს გულწრფელ პროტესტს და ამ ადამიანებს უბრალოდ მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეძლებენ სტუდენტური მოძრაობის და სტუდენტების გაჩუმებას, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს და სწორედ ამას ემსახურება ეს რუსული კანონპროექტი“ – ამბობს ნიკა.

მას იმედი აქვს, რომ რუსული კანონი ვერ შევა ძალაში და თუ მაინც შევიდა, მალევე დასრულდება.

„ისევე, როგორც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთმანეთისთვის „ჯაშუშის“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებება.

და ბოლოს, რექტორს მინდა გულწრფელად ვთხოვო, გამოხატოს მკაფიო და საჯარო პოზიცია უნივერსიტეტის სახელით და თუ ეს არ მოხდება, გამოჩნდება, რომ უნივერსიტეტი უბრალოდ არ უჭერს პირველ რიგში მხარს ევროპულ მომავალს და მეორე – მხარს არ უჭერს თავის სტუდენტებს.

მაშინ შეუძლიათ აღარც ლექციები ჩაატარონ, რადგან ნებისმიერ ლექციას, რომელიც ამის შემდეგ ჩატარდება და სადაც საუბარი იქნება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა თუ სამართლიანობაზე, აზრი აღარ ექნება, რადგან წინ გვექნება იმის მაგალითი, რომ უნივერსიტეტმა ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როცა ჩვენი ქვეყნის მომავალი იდგა სასწორზე, სწორედ მაშინ უღალატა ამ პრინციპულ არჩევანს და არ დადგა სწორ მხარეს, სტუდენტების მხარეს და ნათელი აზრის მხარეს“ – ამბობს ნიკა თურმანიძე.

  • რა ხდება?

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმებიმხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: