მთავარი,სიახლეები

კობახიძე ოპოზიციას და კრიტიკულ საზოგადოებას ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს

08.03.2023 • 1008
კობახიძე ოპოზიციას და კრიტიკულ საზოგადოებას ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, ასევე კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს და აგვისტოს ომის დაწყებას ისევ საქართველოს მაშინდელ მთავრობას აბრალებს.

„ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას რა დავუშვებთ. საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს.

დღეს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.

საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა.

საზოგადოებას ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 მარტს.

ის ოპონენტებს და კრიტიკულ საზოგადოებას უკვე მოიხსენიებს ჯაშუშებად და ამბობს, რომ „თუ ჩვენ არ დავიცავთ ქვეყანას ჯაშუშებისგან, არამარტო ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ.“

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური პატივისცემა იმით გამოიჩინა ევროკომისიის მიმართ, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნა:

„მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქედან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი“.

რაც შეეხება აგვისტოს ომს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლომ მთლიანად რუსეთი დაადანაშაულა ომის დაწყებაში, კობახიძე ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „თქვენ, „ნაცმოძრაობამ“ შემოიყვანეთ რუსული ჯარი 2008 წელს“ – უთხრა მან ჟურნალისტს.

უცხოური გავლენის აგენტის რუსული კანონპროექტი ევროკავშირმა, აშშ-მ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკულად შეაფასა და მას საქართველოს დემოკრატიის შავი დღე უწოდა. ამის მიუხედავად კობახიძე მაინც იმეორებს, რომ „კანონი ამერიკულია“ და რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

„ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების, არა ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ საზოგადოების დღის წესრიგის შესაბამისად“ – ამბობს კობახიძე.

გუშინ, 7 მარტს, ათასობით საქართველოს მოქალაქემ უარი უთხრა „ოცნების“ რუსულ კანონს და საპროტესტო აქცია გამართა.

ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა. მშვიდობიანი აქციის მიუხედავად, პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: