მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში 59 ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

09.02.2026
ბათუმის პორტში 59 ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

კერძოდ, საბაჟო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ შემოტანილ ავტომობილებს მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდები ე.წ. – VIN კოდები შეცვლილი ჰქონდა.

„საბაჟო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ უფლებამოსილმა პირებმა,დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს და აღკვეთეს.

დათვალიერების შედეგად, რომელიც განხორციელდა ეჭვის საფუძველზე, დადგინდა რომ ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრები ე.წ. ვინკოდები იყო გადაკეთებული.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს-ს შესაბამის სამსახურებს,“ – თქვა დავით კლიმენკომ, „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსმა.

დავით კლიმენკოს კომენტარი შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

ავტომობილები, რომელთა შემოტანაც კანონის გვერდის ავლით იგეგმებოდა,  დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ღირებულების იყო.

შემოსავლების სამსახურს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელ კომპანიას ან კერძო პირს შემოჰქონდა ავტომობილები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: