განათლება,მთავარი,სიახლეები

მინდა ბავშვები ქვეყნიდან წასვლაზე არ ოცნებობდნენ – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ხულოდან

28.12.2022 • 2129
მინდა ბავშვები ქვეყნიდან წასვლაზე არ ოცნებობდნენ – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ხულოდან

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ლანა ჯორბენაძე საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო კონკურსის – „ჩემი გალაკტიონი“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია. ლანამ კონკურსისთვის გალაკტიონის ლექსზე – „რომელი საათია?“, ვიდეოკოლაჟი მოამზადა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული, შემოქმედებითი და ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება იყო.

„როცა ამ ლექსს ვუსმენ, ასე მგონია, მარტო არ ვარ. კოლაჟი ფოტოებით, მუსიკის ავაწყვე და ჩემი ხმა დავადე, მე ვკითხულობ ლექსს. როგორც ჩანს, მოეწონათ. დამოუკიდებლად ვიმუშავე, დაახლოებით ორი დღე. ზოგადად, პოეზია მიყვარს და მეც ვწერ ლექსებს. გალაკტიონი ჩემი საყვარელი პოეტია, ამიტომ ვიფიქრე, რომ მიმეღო კონკურსში მონაწილეობა.

რატომ მიყვარს? – ალბათ იმიტომ, რომ მისი პოეზია ყველაზე უკეთ გვესმის მოზარდებს“ – გვეუბნება ლანა.

კონკურსზე ლანა ჟიურის რჩეული გახდა და საჩუქრად ვაუჩერი მიიღო წიგნების შესაძენად. „250 ლარიანი ვაუჩერი და დიპლომი მომცეს. მიხარია, რომ ბევრ საინტერესო წიგნს შევიძენ“ – გვეუბნება ის.

ლანამ გვითხრა, რომ გალაკტიონის „მესაფლავე“ მისთვის ყველაზე ემოციური ლექსია. ამბობს, რომ ეს ლექსი განსაკუთრებით მას შემდეგ შეუყვარდა, როცა ერთი წლის წინ მისი სკოლელი დაიღუპა. „ამ ლექსს ვუსმენდი ყოველღამე და ასე მგონია, მაშინ ყველაზე მეტად ეხმიანებოდა ჩემს განწყობას“ – ამბობს ლანა.

მას უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს.

„კარგი ქირურგი მინდა ვიყო, ისეთი, რომ უცხოეთშიც შევძლო წასვლა და მუშაობა. ახლობლების მოტივაციაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომლებიც მეუბნებიან, რომ მეტს ვიმსახურებ და მეტს მივაღწევ. ასე რომ, უნდა გავაგრძელო“ – ამბობს ლანა.

თუმცა ის გარემო, რომელიც სოფლის სკოლებშია, ლანას და მის თანატოლებს ნელი ნაბიჯით აახლოებს მიზანს.

„მინდა, რომ ჩვენს სკოლაში ინგლისურის კარგი მასწავლებელი გვყავდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო ჩემს სოფელში. მომავალში აბიტურიენტი ვიქნები და მომიწევს დამატებით მომზადებაც, რეპეტიტორების გამო ბევრი ბავშვი ხულოდან ბათუმში დადის მოსამზადებლად და კარგი იქნებოდა, ინგლისურის სპეციალისტები ხულოშიც რომ იყვნენ.

მე ექიმობას ვაპირებ და სკოლაში არ გვაქვს თუნდაც ქიმიის ლაბორატორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სად ის, როცა შენი ხელით გააკეთებ ცდას და თვალით დაინახავ შედეგს და სად – მხოლოდ თეორიულად წაკითხული.

სკოლაში არც სპორტდარბაზი გვაქვს, დაბაში ჩავდივართ ბავშვები, რომ იქ ვითამაშოთ, ცეკვის კლუბიც არის იქ და ასე ვცდილობთ რაიმე საინტერესო აქტივობაში ჩავერთოთ“- გვეუბნება ლანა.

სკოლის გარდა ლანა და მისი თანატოლები არაფორმალური განათლებითაც არიან დაკავებული. ლანა ამბობს, რომ ხშირად საუბრობენ საქართველოს მომავალზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და გენდერულ თანასწორობაზე.

„საქართველოში დღეს მოზარდების ცხოვრება არ არის მარტივი. თუნდაც იმიტომ, რომ ნეგატიური გარემოა ირგვლივ. ხშირად ვკითხულობ ახალ ამბებში მოზარდების თვითმკვლელობაზე, მკვლელობაზე, სოციალურ გაჭირვებაზე და ეს ძალიან რთულია.

ძალიან მინდა, რომ თუნდაც 10 ან 20 წლის შემდეგ მაინც არ იყოს ასეთი მდგომარეობა, აქედან წასვლის ოცნება არ ჰქონდეთ ბავშვებს და აქ შეძლონ კარგი განათლების მიღებაც და კარგად ცხოვრებაც.

რუსეთ-უკრაინის ომში, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარეს ვართ და ჩემი აზრით, უკრაინა გაიმარჯვებს კიდეც.

რუსეთი რომ საქართველოსთვის საფრთხეა, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა მივცეთ რუსეთს ჩვენი წაშლის უფლება“ – გვეუბნება ლანა.

რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, ლანა ამბობს, რომ უფლებებზე მოზარდებსაც უწევთ ხოლმე დისკუსია და არის შემთხვევები, როცა უწევს იმის მტკიცება, რომ ქალი და კაცი თანასწორია.

„ჩვენ ყველანი თანასწორებად გავჩნდით და არ აქვს მნიშვნელობა რა სქესის ვართ. ის, რაც კაცს ეპატიება, ქალსაც უნდა ეპატიებოდეს. ჩემი აზრით, სადაც თანასწორობა და სამართლიანობა არ არის, იქ ცხოვრება ძალიან რთულია“- გვეუბნება ლანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: