მთავარი,სიახლეები

რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე

15.12.2022 •
რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე

22 წლის ანდრეი გრომოვი საქართველოში მოსკოვიდან 2 კვირის წინ ჩამოვიდა ლარსის გავლით. ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ანდრეი ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესები კრიპტოვალუტას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია.

ანდრეი IT სპეციალისტია. ამბობს, რომ საქართველოში სულ მცირე 1 წლით აპირებს დარჩენას. ქვეყნის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის 22 წლის მოქალაქე გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს, ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

  • ანდრეი, როგორ ჩამოხვედით საქართველოში და რას ფიქრობთ რუსეთში მობილიზაციის შესახებ?

აქამდეც მინდოდა წამოვსულიყავი, მაგრამ არ გამოდიოდა, ომი არაფერ შუაშია, ბევრი მიზეზის გამო წამოვედი. ომი არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ყველას თავისი ინტერესები და გეგმები აქვს, ეს პირადი საკითხებია.

  • ანუ ომი და მობილიზაცია არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც წამოხვედით რუსეთიდან?

არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მინდოდა რუსეთიდან სადმე წასვლა. იყო რაღაც ინფორმაცია, რის საფუძველზეც აუცილებელი გახდა ჩემი წამოსვლა.

  • ზოგადად რას ფიქრობთ მობილიზაციაზე, უკრაინაში ომზე?

არ არის კარგი რამე ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მას უწოდებენ.

  • ეს სამხედრო ოპერაციაა თუ ომი?

ომია.

  • როდის  ჩამოხვედით საქართველოში?

2 კვირის წინ.

  • რატომ ჩამოდიან საქართველოში რუსები? ომი არ სურთ უკრაინასთან და წინააღმდეგი არიან მობილიზაციის საშუალებით ფრონტზე გაწვევის, თუ უბრალოდ სანქციებს არიდებენ თავს?

 იმიტომ, რომ ყველაფერი იზღუდება რუსეთში ნელ-ნელა და გვავიწროებენ. ვერავინ ხედავს მიზანს და იდეას ამ ომში. არ ვიცით, რატომ უნდა გავწიროთ საკუთარი სიცოცხლე. ეს ომი რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია და არა ხალხის.

  • რუსეთში რომ დარჩენილიყავით გამოგიძახებდნენ?

კი. ვარ ჯარში ნამყოფი. ვიცნობ ხალხს, ვინც გამოიძახეს. არ ვიცი მათ სურდათ ომში წასვლა თუ არა.

  • საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე რა იცით? რა გსმენიათ ან წაგიკითხავთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ომებზე?

როგორც ვიქტორ ცოი ამბობდა, ადამიანი იბადება არა ქვეყანაში, არამედ დედამიწაზე, ამიტომ არ უნდა განვასხვაოთ ადამიანები ეროვნების მიხედვით.

  • არავისგან გასხვავებთ, უბრალოდ არსებობს ფაქტები და არსებობს ისტორია, თუ როგორ მოქმედებდა ესა თუ ის ქვეყანა უახლოეს წარსულში და ახლა, ამ ფაქტებზე რას ფიქრობთ, როგორც რუსეთის მოქალაქე, საინტერესოა ჩვენთვის.

რაც 2008 წელს მოხდა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წავიკითხე.

  • არამხოლოდ 2008 წელს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ორჯერ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს. დღემდე მცოცავი ოკუპაციით იტაცებენ საქართველოს ტერიტორიებს რუსი ჯარისკაცები. არ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?

ერთი ომის შესახებ ვიცოდი. მე ამას ასე არ ვუყურებ, ეს პოლიტიკაა და მშვიდად ვრეაგირებ, თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას? ომები ყოველთვის იყო, არის და იქნება, არამხოლოდ რუსეთის მხრიდან, ზოგადად.

  • კონკრეტულად საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას აღგიწერთ: თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგანან რუსი ჯარისკაცები და ნელ-ნელა, იტაცებენ საქართველოს ტერიტორიებს, თვითნებურად ავლებენ მავთულხლართებს, საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ ადამიანებს, რას იტყოდით ამ კონკრეტულ ფაქტზე.

არ ვიცოდი ამის შესახებ. ახლახან წავიკითხე. ეს სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენი – არა. მე რას გავაწყობ? რა უნდა ვთქვა.

  • როგორც რუსეთის მოქალაქემ რომ შეაფასოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს სურს უკრაინის ოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მიტაცებული აქვს და ნაწილს კი მცოცავი ოკუპაციით იტაცებს.

აბსოლუტურად ყველა ხელისუფლებას თავისი ათწლიანი გეგმა აქვს და ეს ყველაფერი ზემოდან მოდის. ეს შორს არის ჩვენი, ხალხის ინტერესებისგან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას თავისი ცხოვრება აქვს.

  • ანუ თქვენ არ გეხებათ რუსეთის ხელისუფლების გეგმები?

არ მეხება მათი გეგმები, მაგრამ მეხება იმ თვალსაზრისით, რომ თუ რუსეთში რამე მოხდება, შემეხება, მე მაქვს ჩემი აზრი, აი ხომ გპასუხობთ. აუცილებლად რადიკალური უნდა ვიყო, რომ წინააღმდეგი ვარ ომის?

  • არა, უბრალოდ საინტერესოა, რას ფიქრობს საქართველოში გადმოსახლებული რუსეთის მოქალაქე უკრაინის ომზე, მცოცავ ოკუპაციაზე საქართველოში. რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისთვის, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ჯარი იპყრობს სხვა ქვეყნებს.

ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ჩემი მსოფლმხედველობის მიხედვით გამოტანილი დასკვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი: სახელმწიფოს სხვა ინტერესები აქვს, სამყაროს სხვაგვარი ხედვა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, მათ თავისი ცხოვრება აქვთ.

  • რატომ გადაწყვიტეთ რუსეთიდან წასვლა? ალბათ რთულია, საკუთარი ქვეყნის დატოვება და გადასახლება.

არ არის რთული, მე მარტივად მივიღე გადაწყვეტილება. ბევრმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა აქ წამოსვლა, პირველ რიგში ეკონომიკურმა. მომავალშიც ალბათ კიდევ რაღაცები გამწვავდება.

  • რუსეთში რომ იყოთ და გამოეძახებინეთ, რას იზამდით, წახვიდოდით ომში?

არ ვიცი, ალბათ არა. უამრავი საშუალებაა რომ არ წახვიდე. უამრავი რამეა ცხოვრებაში, რაზეც ზემოქმედებას ვერ მოახდენ.

  • მომავალში სად გეგმავთ ცხოვრებას?

ალბათ დავრჩები საქართველოში. პირადი საკითხია. IT სპეციალისტი ვარ. მომწონს საქართველო. ლამაზი ქალაქია ბათუმი, განვითარებულია კრიპტოვალუტა, რითაც მე ვარ დაინტერესებული, შესაძლოა ერთი წელი მაინც მშვიდად დავრჩე, რადგან ხალხი ტოლერანტულია.

ვიცი მაგალითად ისეთი ერები, როგორც დაღესტნელები და ჩეჩნები არიან, ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ რუსების მიმართ, არ უყვართ.

  • რთულია ჩეჩნებს რუსები უყვარდეთ, რუსული აგრესიის შედეგად ომში 16 ათასზე მეტი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.

არა, ჩვენ არ ვხოცავდით, ჩვენი ხელისუფლება ხოცავდა ჩეჩნებს. თქვენ რა, ყველაფერი კარგად გაქვთ თქვენს ქვეყანაში? ყველა ქვეყანას თავისი ამოცანა აქვს.

___

მთავარი ფოტო: pexels, ფოტოზე არ არის რესპონდენტი გამოსახული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: