მთავარი,სიახლეები

რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი

28.11.2022
რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი

ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. მეციტრუსეების თქმით, ჯერ ციტრუსის შეძენის მსურველი არ გამოჩენილა იმის მიუხედავად, რომ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა – აჭარის რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა მოსავალს ელიან.

მეციტრუსეებს პოზიტიური მოლოდინი არც აქვთ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია.

„შარშანდელზე ნაკლები ფასი არ იქნება,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ონიანი „ბათუმელებთან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს შევახსენეთ, რომ შარშანდელთან შედარებით თითქმის ყველაფრის ფასი გაორმაგდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია, ციტრუსი კი, გასულ წელსაც საშუალოდ 60 – 80 თეთრი ღირდა.

„იგივე არ დარჩება [ფასი], ხარისხიან მანდარინზე მოთხოვნა იქნება მაღალი. კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით… ხარისხიანი მანდარინი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ნორმალურ ფასში ჩაბარდება,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა.

წელს ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი 45 ათასი ტონაა. ამ ეტაპზე 700 ტონაა ექსპორტირებული. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, 500-ზე მეტი ტონა სომხეთში წაიღეს, დაახლოებით 150 ტონა კი – რუსეთსა და უკრაინაში.

„გართულდა, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკა, რაც აისახა ტრანსპორტირების ფასზე,“ – ციტრუსის შტაბის ხელმძღვანელი გვიყვება, როგორ გართულდა ციტრუსის ექსპორტი ომის გამო საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად – უკრაინის ბაზარზე.

„არის სახმელეთო და საზღვაო მიმართულებები. ერთი გზაა ციტრუსის შეტანა თურქეთში, შემდეგ კი, რუმინეთის გავლით შედის უკრაინაში. მოძრაობს ასევე ბორანი – ციტრუსი ჩააქვთ ბულგარეთამდე და შემდეგ შეაქვთ ასევე რუმინეთიდან უკრაინაში.

რუსეთში ისევ შედის მანდარინი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან,“ – აღნიშნა ირაკლი ონიანმა „ბათუმელებთან“.

რატომ ვერ შეაქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზრებზე? – ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ დღემდე ციტრუსი ევროპის ბაზრებზე არ გაუტანიათ. რეალურ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად და იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ციტრუსის უმნიშვნელო რაოდენობა გააქვთ  ევროპაში, სამინისტროს წარმომადგენელი გვაიმედებს, რომ ქართული მანდარინის ზოგიერთი ექსპორტიორი მანდარინს ევროპაში წელსაც გაიტანს.

„ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებმაც წინა წლებში მანდარინი წაიღეს პოლონეთში, ბალტიისპირეთში, სლოვენიაში. გვჯერა, რომ წელსაც გვექნება ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, პირიქით, მოიმატებს კიდეც, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს,“ – ამბობს ირაკლი ონიანი.

მეციტრუსეს წელს 1 კილოგრამიარასტანდარტულ მანდარინში 20 თეთრს გადაუხდიან [15 თეთრი ბიუჯეტიდან, 5 თეთრი – საწარმო]. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ასევე დასძენს, რომ მანდარინის შესაფუთად 22 საწარმოა მზად.

„22 აქტიური საწარმოა, ყველა მზადყოფნაშია, ნახევარმა უკვე დაიწყო მუშაობა,“ – გვითხრა ირაკლი ონიანმა, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: