მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება

22.11.2022
რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება.

რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამ ვადამდე დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის კუთხით.

სტანდარტი ასევე დააწესებს სავალდებულო პირობებს სამედიცინო პერსონალის განათლების კუთხით და ასევე მათი რაოდენობა/თანაფარდობის თვალსაზრისით.

როგორც ცნობილია დღეს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებებში ექთნების დეფიციტის გამო, ხშირად ერთ ექთანს, თანაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად,  10-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს, რაც გარდა ექთნისთვის დამძიმებული სამუშაო პირობებისა, ნეგატიურად აისახება მომსახურების ხარისხზე.

„რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ზოგადად ეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, მაგალითად, როგორიცაა ფართობი საწოლებთან მიმართებაში, ასევე განსაზღვრავს პირობებს პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით, თუ რა კვლევებს უნდა ატარებდნენ ისინი ადგილზე, როგორი სამედიცინო აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი განყოფილება.

ყველა ეს დეტალი გაწერილია რეანიმაციული მომსახურების პირობებში“ – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ადამია.

ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ორი წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

მსოფლიოში საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს, საქართველოში კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ექნებათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: