მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

21.11.2022 • 3360
ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომის პირობებსა და მიზერულ ხელფასებს აპროტესტებს. პროფკავშირის გენერალური მდივნის, რეზო კარანაძის განმარტებით, აღნიშნული ზრდა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რადგან ის არ აკმაყოფილებს ექთნებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტს. „ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ღირსეული ხელფასების დაწესება მედმუშაკებისთვის“ – ამბობს ის.

„ეს მატება არ არის საკმარისი, მაგრამ ექთნებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, რომელთაც საათში 1.2 -1.1 ლარი აქვთ ხელფასი, ნამდვილად კარგი იქნება 400 ლარიდან 700-ლარიან მინიმალურ ხელფასზე გადასვლა, მაგრამ მინიმუმ 8-9 ლარი უნდა იყოს საათში ხელფასი, რომ ცხოვრებისთვის იყოს საკმარისი.

რეზო კარანაძე

ჩვენ 2021 წელს დავთვალეთ საცხოვრებელი ხელფასი და ხელზე გადასახადებისა და ქირის დაანგარიშების გარეშე გამოვიდა 1 272 ლარი და 70 თეთრი.

აქიდან გამომდინარე, დღევანდელი ხელფასი, რომელიც ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის დაახლოებით 50% გამოდის, საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება და ვერც იმას უზრუნველყოფს, რომ ამ ადამიანებს ერთზე მეტი სამსახური არ ჰქონდეთ მოსაძებნი. მაგრამ ნამდვილად მივესალმებით, რადგან ეს არის პირველი გადადგმული პროგრესული ნაბიჯი, რომელიც სტანდარტიზებას დანერგავს ქვეყანაში,“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

მისივე თქმით, 4.4 ლარი საათში დაბალი ანაზღაურებაა, თუმცა დადებითია ის, რომ რეგიონები და ქალაქი გათანაბრდება და რეგიონებში ექთნებს თვეში 200 ლარამდე ხელფასი აღარ ექნებათ.

„მაგალითად, 2020 წელს 184 ლარი ჰქონდა ხელზე ხელფასი ქობულეთის კლინიკის ექთანს. 2021 წელს, როცა კვლევას ვატარებდით, ახალციხის კლინიკაში ექთანს 183 ლარი და 40 თეთრი ჰქონდა ხელფასი. დღემდე ამ ადამიანების ხელფასები არ გაუმჯობესებულა.

ადამიანისთვის, რომელსაც 200-მდე ლარი აქვს ხელფასი და უცებ 600-700 ლარ ხელფასს მიიღებს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით ქალაქში დასაქმებული ექთნებისთვის, ბათუმსა და თბილისში,“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს, რომ მედმუშაკების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. სამინისტროსვე ცნობით, 2025 წლისთვის ექთნის მინიმალური ანაზღაურება საათში 5.6 ლარი გახდება, რაც, რევაზ კარანაძის შეფასებით, ექთნის ხელფასის ზრდის ძალიან ნელი ტემპია:

„ჩვენ მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, [მინიმალური ხელფასი საათში] 5 ლარი უნდა ჰქონოდა ექთანს უკვე 2015 წლისთვის და არა 2025 წლისთვის, ანუ ეს 10 წლით დაგვიანებულია. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის დონეს, ეს არანაირად არ იქნება საკმარისი და არ შეაჩერებს პროფესიონალი კადრების გადინებას, რაც დღეს ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, თუ 2025 წელს ექთნის მინიმალური ხელფასი 5.6 ლარი გახდება, ეს მაინც წარმოუდგენლად დაბალია, საათში მინიმუმ 8-10 ლარი უნდა იყოს ახლა”.

მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით დაადგინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: