ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან.
19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო განვითარებაში ხელს უშლის.
„მაგიდის ჩოგბურთის თამაში მეორე კლასში დავიწყე. სოფელ ვაშლოვანში ვცხოვრობ, მაგიდის ჩოგბურთსაც იქ ვთამაშობდი. ჩემი მწვრთნელი მინურ რიჟვაძეა.
რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ვარ, რამდენჯერმე გავხდი საქართველოს ჩემპიონი სხვადასხვა კატეგორიაში. ბოლოს ვიასპარეზე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავე“, – გვიამბო თაკომ.
ის სამომავლოდაც აპირებს ჩემპიონატებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს, რისთვისაც, როგორც ამბობს, ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობს.
თაკო დღის განმავლობაში მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშს მინიმუმ 4 საათს უთმობს. იგი ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობაში განვითარებისთვის სოფლის სავარჯიშო დარბაზში შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ:
„არ არის ნორმალური მაგიდები. რაც შეეხება ბურთებს, საერთოდ არ გვაქვს, ჩვენი ხარჯით ბურთების შეძენა ხშირად გვიწევს. ხარისხიანი ბრენდის ბურთების მოპოვება ჭირს, ამიტომ გვიწევს ან გამოვიწეროთ, ან ვიყიდოთ სადღაც და ამაში დამატებით თანხა გვეხარჯება.
როცა საზღვარგარეთ გვიწევს წასვლა საერთაშორისო ტურნირებზე, ყოველთვის ჩვენ ვიხდით გზის ხარჯს აეროპორტამდე. მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთებს გვიფინანსებენ. როცა გვაქვს ფრენა და ხულოდან, სოფლიდან გვიწევს თბილისში ჩასვლა, გზის ხარჯს მთლიანად ჩვენია. კვებაც. თუ ცოტა ხნით გაჩერება გვიწევს [დედაქალაქში], სასტუმროს ხარჯიც. ასეა უკანა გზაზეც, ხულომდე. აი, ახლა გვიწევს მსგავს შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება და აქაც ჩვენი თანხით მივდივართ.
სექტემბერში სერბეთში ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა დამ. მოვუყევით მწვრთნელსაც, მაგრამ უშედეგოდ. სოფლიდან ბევრს ვერ დაგვაფინანსებენ, რადგან სხვა სპორტის სახეობებიცაა. გაუჭირდათ ჩვენი ტრანსპორტის ხარჯის დაფარვა თბილისამდე“, – ამბობს თაკო.
მისი თქმით, საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებში მათ მონაწილეობას კიდევ ბევრი დისკომფორტი ახლავს:
„ცოტა ისეთი თემაა, მაგრამ მაინც შევეხები. როცა გუნდს გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა, არ გვაქვს შესაბამისი გუნდური ფორმა, სამოსი, რომლითაც წარვადგენთ ჩვენს გუნდს. ძალიან იშვიათად, რომ გამოყონ თანხა და მაისურები შეგვიკერონ საქართველოს დროშის ფერებში.
როცა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს აცვია შესაბამისი გუნდური ფორმა და არაჩვეულებრივად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მეც მსურს, რომ ჩვენი ქვეყნის დროშის აფრიალებისას სათანადო სამოსი მეცვას, ყველამ გაიგოს, რომ საქართველოდან ვარ“.
თაკო ზუსტად ვერ იხსენებს წელს, მაგრამ ამბობს, რომ პირველად სპორტულები და ჩანთა მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ჩემპიონატზე წასვლის წინ მისცეს:
„გუნდურ სამოსში მაისურს, შორტსა და სპორტულებს ვგულისხმობ. ახლა მაისური და შორტი ძირითადად გვაქვს, ოღონდ საკუთარი ხარჯებით შეძენილი. შეჯიბრებებში გამოსვლისთვის ჩემი ხარჯით შეძენილი მაისური და შორტი მაქვს მეც“.
თაკოს თქმით, საქართველოს ნაკრების წევრები მაგიდის ჩოგბურთში ძირითადად ხულოელი სპორტსმენები არიან და მათაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მას და მის დას.
მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობდა ანრი მელაძეც. მან სპორტის ამ სახეობაში სხვადასხვა სახის 20-მდე ტურნირში გაიმარჯვა. ანრი აქამდე ძირითადად სოფელ ვაშლოვანში ვარჯიშობდა. 5 თვეა, რაც ის საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა და ვარჯიშს ბათუმში აგრძელებს.
„ვფიქრობ, ჩემს სპორტულ აქტივობაზე დადებითად აისახება ქალაქში გადმოსვლა, რადგან ხულოში არ იყო ისეთი პირობები ამ სპორტისთვის, როგორიც, მაგალითად, ბათუმში ან თბილისშია. [ვაშლოვანში] ვარჯიში არ იყო ისეთი კარგი, როგორიც ჩვენ გვინდოდა, არასათანადო ინვენტარის გამო.
მაგიდები გვქონდა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გვჭირდებოდა. ჩოგნებს ჩვენ ვყიდულობდით, რადგან ისეთ კარგს არ გვაძლევდნენ, რომელიც თამაშისთვის გამოგვადგებოდა“, – ამბობს ანრი.
ანრის თქმით, ზოგჯერ გზის ხარჯს თბილისამდე უფინანსებენ, მაგრამ ძირითადად მათი ხარჯებით მიდიან: „როცა [საქართველოს ნაკრების] შეხვედრები გვაქვს, მაშინაც ჩვენი ხარჯებით ჩავდივართ. სასტუმრო და რაღაცები დაფინანსებული გვაქვს“.
სოფელ ვაშლოვანში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელი 2004 წლიდან მინურ რიჟვაძეა.
„30-მდე საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი გავზარდე. 2020 წელს საქართველოს პირველობიდან ჩემმა მოსწავლეებმა იმდენი მედალი წამოიღეს, რამდენიც ერთად აღებული ყველა სხვა მონაწილემ საქართველოს ყველა კუთხიდან. ქვემო ვაშლოვნის პატარა სკოლიდან, სადაც 108 მოსწავლე სწავლობს, გათამაშებული 6 ოქროს მედლიდან 4 ჩვენ მოვიპოვეთ“, – გვიყვება მინურ რიჟვაძე.
მწვრთნელის თქმით, მაგიდის ჩოგბურთი ვაშლოვანში ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს – მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ნაკრების წევრების უმრავლესობა ქვემო ვაშლოვნის მოსწავლეა, ხოლო საქართველოს ნაკრებს 4 წევრი ჰყავს ჩვენგანო – გვეუბნება მწვრთნელი.
„სპორტსმენებს ვავარჯიშებ, რომ შედეგი დაიდოს – საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებში ითამაშონ. მე ეს მოსწავლეები კარგად რომ მოვამზადო, მაღალი ხარისხის მაგიდები მჭირდება, რაც ახლა არ გვაქვს. დაბალი ხარისხის მაგიდაზე როცა სწავლობს სპორტსმენი თამაშს და ჩადის თბილისში, სადაც მაღალი ხარისხის მაგიდები აქვთ, თამაში სულ სხვანაირად მიდის. კარგი ხარისხის მაგიდა საერთოდ არ მაქვს. რამდენჯერმე დამპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არ მოუციათ.
ვესაუბრე საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს. ვუთხარი ჩვენ ასეთ დიდ წარმატებებზეც. შესაძლოა, მათთვის ერთი მაგიდა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. უკვე ჩვენი მაგიდებით ვერ ვახერხებთ მოვუგოთ სპორტსმენებს, რომლებიც თანამედროვე ტიპის მაგიდებზე სწავლობენ და აგრძელებენ მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშს.
2 დღით ადრე სპეციალურად ჩამყავს ხოლმე სპორტსმენები ბათუმში, რომ შეეჩვიონ ხარისხიან მაგიდაზე თამაშის წესებს და თბილისში შეჯიბრებებზე არ წააგონ.
მაგიდების საჭიროებაზე საუბარი 5 წლის წინ დავიწყე და დღესაც ამაზე ვესაუბრები ყველას“, – გვითხრა მინურ რიჟვაძემ.
ხულოს სასპორტო სკოლას მაგიდის ჩოგბურთის სულ 4 ჯგუფი და 60-მდე სპორტსმენი ჰყავსო – გვითხრა ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორმა ავთანდილ აბულაძემ.
„ჩვენს სპორტსმენებს მცირე შეხება აქვთ მხოლოდ აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრებთან. ჩვენ გვირჩევნია, რომ უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ თბილისის ნაკრებთან, უფრო წარმატებულ სპორტსმენებთან და წელიწადში ორჯერ მაინც ჰქონდეთ 10-12-დღიანი შეკრებები.
დამატებით ინვენტარიზაციაა საჭირო, პროფესიონალური ჩოგნებიც რომ შევუძინოთ. ამაზეცაა დამოკიდებული მათი წარმატება. რა საშუალებაც გვაქვს, იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ.
ძვირადღირებული სპორტიცაა. ჩოგნები, მაქსიმალურად კარგი ბურთები რომ შევიძინოთ, კარგი იქნებოდა სპორტსმენებისთვის“ – ამბობს ავთანდილ აბულაძე.
____________________
მთავარ ფოტოზე: თაკო და მარი რიჟვაძეები და ანრი მელაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები. ფოტო: საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია