მთავარი,სიახლეები

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

19.10.2022
ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

ბოლო 36 დღეში უკრაინის თავდაცვამ 223 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო – ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საჰაერო ძალების შტაბი წერს.

„19 ოქტომბრის მონაცემებით, იმ პირველი შემთხვევის შემდეგ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ ჩამოვაგდეთ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალებისა და სხვა დანაყოფების მიერ განადგურებულია ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის საჰაერო ძალები აღნიშნავენ, რომ ირანული დრონები რუსებს „გარან 2-ის“ სახელით აქვთ მარკირებული.

„ვმუშაობთ მათი გაუვნებლების უფრო ეფექტიან და ნაკლებხარჯიან მეთოდებზე, რადგან ახლა დრონის ჩამოგდებაზე გამანადგურებელი ავიაცია და საზენიტო კომპლექსებიც კი მუშაობს, თუმცა ვიდრე საფრთხე იარსებებს, გამოვიყენებთ ყველა საშუალებასა და ძალას, რაც ამ უპილოტო საფრენი აპარატების გასადაგურებლად გვაქვს,“ – უთხრა ჟურნალისტებს საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.

იგნატის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 85%-ს ანადგურებს.

ირანული წარმოების ლეტალურ აპარატებს რუსეთი უკრაინაში განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში იყენებს. 10 ოქტომბერს დაწყებულ მასობრივ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებში მთავარი როლი სწორედ „შაჰედებს“ ჰქონდათ. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობდა, რომ 17 ოქტომბრის დილით დედაქალაქის თავზე 30-მდე დრონი დაფრინავდა.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს დამატებით კიდევ 2 ათასი დრონი შეუკვეთა.

რამდენიმე დღის წინ, დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით, დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა მასალები, რომელთა მიხედვითაც ირანი რუსეთისთვის დრონების გარდა ბალისტიკური რაკეტების გადაცემასაც აპირებს.

ოფიციალურმა თეირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდება არაერთხელ უარყო, თუმცა როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, უკრაინა მზადაა წარუდგინოს ევროკავშირის ქვეეყნებს მტკიცებულებები, რომლებიც თეირანისგან მოსკოვისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას დაადასტურებს. კულებამ უკვე მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ უკრაინამ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: