მთავარი,სიახლეები

უკრაინა ირანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, ისრაელს კი საჰაერო თავდაცვას სთხოვს

18.10.2022 • 1173
უკრაინა ირანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, ისრაელს კი საჰაერო თავდაცვას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დმიტრო კულებას მტკიცებით, უკრაინის ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებულ დაბომბვებზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, რამდენადაც მან მიაწოდა იარაღი რუსეთს.

როგორც The Guardian-ი წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი მალე ოფიციალურად მიმართავს ისრაელს გადაუდებელი საჰაერო თავდაცვისა და თანამშრომლობის თხოვნით.

კულებამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სანქციები დაუწესონ ირანს რუსეთისთვის „უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის განხორციელებაში“ დახმარების გამო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კამიკაძე დრონებით იბომბება სტრატეგიული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობები. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ გამოყენებულია ირანული დრონები. თავად ირანმა 17 ოქტომბერს უარყო რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდება. 18 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს „არ აქვს ინფორმაცია“ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს ისრაელის დიასპორის მინისტრმა, ნახმან შაიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დროა ისრაელმა უკრაინის სამხედრო დახმარება დაიწყოს:

„ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის. უკვე აღარაა არანაირი ეჭვი, სად უნდა იდგეს ისრაელის სახელმწიფო ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება ისევე, როგორც შეერთებული შტატებისა და NATO-ს ქვეყნებისგან იღებს.“

ისრაელის დიასპორის მინისტრის განცხადებას 17 ოქტომბერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გამაფრთხილებელი განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“.

The Guardian-ის ცნობითვე, დასავლეთი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვაში მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც გამოცემა წერს, დასავლელი ლიდერები მდგომარეობას აღწერენ, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილ მცდელობას, რუსეთმა გაანადგუროს უკრაინის მთლიანი სახელმწიფო ელექტროსისტემა.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრების ცალკე რაუნდისთვის მიემგზავრებიან, სადაც პარტნიორებმა უნდა განიხილონ ირანის საბრძოლო მოქმედებებში ჩარევაზე შესაძლო საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის, საკითხის დაყენება გაეროში, ახალი სანქციების დაწესება და ირანთან ბირთვული შეთანხმების შეწყვეტაც კი.

დასავლელი ოფიციალური პირები ასევე შეწუხებულები არიან ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დახმარების კიდევ უფრო დახვეწილი „მიწა – მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდების გაზრდის შესაძლებლობით.

აქ წაიკითხეთ, რას წარმოადგენს ირანული დრონები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: