მთავარი,სიახლეები

„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში

20.10.2022 • 2302
„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში

„ქალები ვართ და გვატერორებენ… დაგვანებონ თავი, მოგვცენ ჩვენი მამის აშენებულ სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალება. წლებია გვაიძულებენ, რომ სახლი გავყიდოთ, დაანგრიონ და აქაც კორპუსი ააშენონ, მაგრამ ჩვენ სახლს არ ვყიდით,“ – ამბობენ ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას 14 ა – ში მცხოვრები დები ეთერ და ნათელა მანელიშვილები. ისინი მორიგი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ისტორიული, ბათუმური ბელეტაჟის გვერდით, უფრო ზუსტად კი, 30 სმ-ის დაშორებით.

ისტორიული სახლის გვერდით ახალი კორპუსის აშენების შემდეგ 1953 წელს აშენებულ სახლში მზე მხოლოდ ქუჩიდან თუ შევა.

ქუჩის მხრიდანაც, ისტორიული ბელეტაჟის ქუჩის გადაღმა, მრავალსართულიანი კორპუსი შენდება . ეს ვაჟა-ფშაველას 13-ია, სადაც ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი, აგურით ნაშენი სახლი 2015 წელს დაანგრიეს და ამისთვის ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.

„ნახეთ, რა ახლოს არის ამოყვანილი ეს ხიმინჯები,“ – გვიყვება ეთერ მანელიშვილი და სახლის შესასვლელთან ჩერდება, საიდანაც კარგად ჩანს მშენებლობის ხიმინჯები ღობით შემოსაზღვრული მშენებლობის შიგნით და ისტორიული ბელეტაჟის პირისპირ – სახლსა და ახალ კორპუსს შორის გავლაც შეუძლებელი იქნება.

ეთერ და ნათელა მანელიშვილები

ეთერ მანელიშვილი

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან, საიდანაც ნათლად ჩანს, ისტორიული სახლის გვერდით იყო მეზობელი სახლის შესასვლელი

ახალ კორპუსს ვაჟა-ფშაველას 14-ში კომპანია „GM BUILD“-ი აშენებს. ამ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 12 ივლისს მიიღო, თუმცა ნებართვის საფუძველი 2016 წელს ამავე მისამართზე გაცემული ნებართვაა.

„ასეთი პროექტი არ არსებობს, სადაც დისტანცია არ არის დაცული ჩვენს სახლსა და ახალ კორპუსს შორის, დისტანცია უნდა ყოფილიყო მინიმუმ მეტრ-ნახევარი,“ – ირწმუნება ნათელა მანელიშვილი. მისი თქმით,  საკითხზე დაახლოებით ერთი თვის წინ ის ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.

„…არჩილ ჩიქოვანი დამპირდა, რომ მინიმუმ მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნებოდა დისტანცია, მაგრამ ეს დღეები აქტიურად აშენებენ ამ ხიმინჯებს სახლის გვერდით, ყოველგვარი დაშორების გარეშე.

გვერდით მშენებლობის გამო საძირკველს პრობლემები აქვს, ძველი სახლის ფუნდამენტია, გვანგრევენ…“ – ამბობს ნათელა მანელიშვილი.

ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსი ვაჟა-ფშაველას 14-ში ნებართვის შესაბამისად შენდება.

„ვაჟა-ფშაველას 14-ში მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  პროექტი ასევე მოიცავს კონსტრუქციულ ექსპერტიზას,“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც ასევე ვითხოვეთ, ეჩვენებინათ, რა სახით გაიცა ნებართვა 2016 წელს და ითვალისწინებდა თუ არა პროექტი ახალი კორპუსის აშენებას ისტორიულ ბელეტაჟთან დისტანციის გარეშე.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისგან უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით.

2016 წლის გაცემული ნებართვა და არქიტექტურული პროექტი ვერც კომპანია GM BUILD-ში წარმოგვიდგინეს. აქ მხოლოდ ახალი ნებართვა გვაჩვენეს, რომლითაც ახლა აშენებენ და განმარტეს, რომ 2016 წელს გაცემული ნებართვა და წინა პროექტი არ აქვთ, რადგან მაშინ ვაჟა-ფშაველას 14-ის მესაკუთრე სხვა ფიზიკური პირი იყო, რომელსაც რეალურად კორპუსის მშენებლობა არ დაუწყია. ამ კომპანიაში დები მანელიშვილების პრეტენზიებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს გაეცნო, რომელიც ვაჟა-ფშაველას 14-ში მშენებლობას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უმსჯელია და დათანხმდა „არსებულ 2-სართულიან შენობაზე ერთი ტექნიკური და ექვსი სასტუმროს სართულის დაშენებას“.

საუბარია იმ ორსართულიან სახლზე, რომელიც ისტორიული ბელეტაჟის მეზობლად იდგა და ამ სახლებს შორის დისტანცია არსებობდა. ეს სახლი უკვე დანგრეულია და აქ ახლა ხიმინჯები დაგხვდებათ ახალი კორპუსისთვის.

სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ორსართულიანი სახლის სრულად დანგრევა და ახალი, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ნებართვა მესაკუთრემ 2021 წლის მარტში ითხოვა.

რატომ დათანხმდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო ამჯერად ბელეტაჟზე მიჯრით შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას, როცა 2016 წელს მიიჩნია, რომ ბელეტაჟის მეზობლად არსებული ორსართულიანი სახლისთვის დაეშენებინათ 6 სართული? – კითხვაზე პასუხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.

დები მანელიშვილები კი ჰყვებიან, როგორ შეიცვალა მათი მყუდრო ცხოვრება მას შემდეგ, როცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე ბელეტაჟის გარშემო ბათუმის ჩაცემენტება და ქაოსური მშენებლობები დაიწყო.

„მშვენიერი, მზიანი სახლი იყო ჩვენი სახლიც… ჯერ ერთი კორპუსი აშენდა, მერე მეორე, გასულ წელს ქვებიც დაგვიშინეს ზემოდან სპეციალურად, სახურავი დაგვიზიანეს და წყალიც ჩამოგვდის, ნესტია ყველგან, ყველა მხრიდან უკვე ცემენტის კედლებია, არავინ გვისმენს, აშკარად გვავიწროებენ იმის გამო, რომ უკვე ხანდაზმულები ვართ და ვართ ქალები. ფიქრობენ, რომ ვერ დავიცავთ თავს და სახლს გავყიდით,“ – ამბობს ნათელა მანელიშვილი.

„600 ათასსაც გვთავაზობდნენ ამ სახლში, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით… ეს სახლი არ დაინგრევა. მაცხოვრონ ჩემს დედმამისეულ სახლში მშვიდად, არ მაქვს ამის უფლება?“ – კითხულობს ეთერ მანელიშვილი.

დები მანელიშვილები ასევე ამბობენ, რომ მათი მიწის ნაკვეთის ნაწილიც უკვე მიისაკუთრეს, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს ვერ მიმართეს. „კოლოსალური თანხა სჭირდება სასამართლო დავას, როგორ ვიდავოთ?“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ეთერ მანელიშვილმა.

„ფონი თუ მოისპო“ – ეს ფრაზა ახსენა რამდენჯერმე ჩვენთან საუბრის დროს გია რამიშვილმა. ის არქიტექტორია და ამ მოცემულობაში მთავარ პრობლემას ხედავს მასშტაბის დარღვევაში – მრავალსართულიან, ახალ კორპუსებს შორის მომწყვდეული ბელეტაჟი კვარტალში, სადაც განაშენიანება ისედაც ქაოსურია. გია რამიშვილი ამბობს, რომ წლების წინ, როცა ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო, ჰქონდა ინიციატივა საკრებულოში:

„ეს ითვალისწინებდა სიმაღლის შეზღუდვას, მაგალითად, ახალი შენობა ძველთან შედარებით ყოფილიყო მხოლოდ ნახევარჯერ მაღალი. ვთქვათ, თუკი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ან ისტორიული სახლის სიმაღლე არის 4 მეტრი, მის გვერდით მდებარე შენობა არ აშენებულიყო მასზე 2 მეტრით უფრო მაღალი… განუხილველი დარჩა ეს ინიციატივა.

ამ სახლს არ აქვს ძეგლის სტატუსი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სახლია, ძეგლის დაცვის არეალში ფონი თუ მოისპო… მის პირდაპირ ისტორიული სახლი დაინგრა, დიაგონალზე, კლდიაშვილის კვეთაში, მოშორებით არის აგურის სახლი, რომელსაც დიდი ხანია ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, ქუჩის სიგანიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აქ 9 სართულიც შეიძლება აშენდეს, მაგრამ არსებული სახლისთვის უნდა გაეწიათ ანგარიში.

პრობლემა ისაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსაც [ეს საბჭო განიხილავს ისტორიული განაშენიანების ზონაში ახალი მშენებლობის საკითხს] ვერ მოსთხოვ პასუხს –  არ არის ეს საბჭო სპეციალისტებით დაკომპლექტებული. საჯარო მოხელეები არიან და მოთხოვნის მიუხედავად ამ საბჭომ ვერ მიიღო ის სახე, რაც უნდა ჰქონოდა… ვიცით, რომ ხშირად გამოყენებულია ეს საბჭო ინსტრუმენტად სხვადასხვა მანიპულაციისთვის,“ – აღნიშნა გია რამიშვილმა „ბათუმელებთან“.

არქიტექტორი გია რამიშვილი ორ პრობლემას ასახელებს: საბჭო, რომელსაც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა უნდა შეეძლოს და კონკრეტული რეგულაციები, რაც შესაბამის სამართლებრივ აქტებში უნდა გაიწეროს, მათ შორის, ისტორიული განაშენიანების ზონაში ახალ მშენებლობებზე.

არქიტექტორი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მიჯრით შენდება ახალი კორპუსი ისტორიული ბელეტაჟის გვერდით:

„ახალი რეგულაციებით აუცილებელია, განისაზღვროს სხვადასხვა მახასიათებელთან ერთად განაშენიანების სახეობა. ბათუმის ისტორიულ ნაწილში ქალაქი სხვა უბნებისგან განსხვავებით, ტრადიციულად არსებობდა შეჯგუფებული განაშენიანება, მიჯრით მიდგმული შენობები. ვიდრე არ გვაქვს გზშ, მსგავს სიტუაციაში კვლევით დგინდება განაშენიანების საშუალო მაჩვენებელი, რისთვისაც კონკრეტული პროცედურებია გასავლელი – უნდა გამოიკვეთოს საშუალო მაჩვენებელი: შესაძლოა კონკრეტულ შენობებს შორის ამ კვარტალშიც იყოს დისტანცია, მაგრამ მონაცემი ითვლება კონკრეტული კვარტლის მიხედვით, უნდა განისაზღვროს, რა არის დომინანტი და შენობების 75 პროცენტზე მეტი.

შესაბამისად, ამ კონკრეტული კვარტალის გათვალისწინებით, ისტორიული განაშენიანების გათვალისწინებით, მიჯრით აშენებაში ვერ ვხედავ პრობლემას, შესაძლებელია, ზიარი კედელიც არსებობდეს, მთავარია, ზიანი არ მიადგეს მესაკუთრეს და თუ ზიანი მიადგება, ეს უკვე სამოქალაქო დავის საგანი იქნება.

პრობლემას ვხედავ ფონის დაკარგვასა და მასშტაბში, ფონი თუ მოისპო…“ – ფონის დარღვევას დაუბრუნდა ისევ არქიტექტორი გია რამიშვილი.

ამ თემაზე:

იმიტომ, რომ ქალები ვართ, სახლის სახურავს ქვები დაუშინეს და დაგვიზიანეს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: