მთავარი,სიახლეები

იოდის 30 მლნ აბი და თავშესაფრების განახლება – უკრაინის მეზობლები ბირთვული საფრთხის წინაშე

14.10.2022 • 974
იოდის 30 მლნ აბი და თავშესაფრების განახლება – უკრაინის მეზობლები ბირთვული საფრთხის წინაშე

რუსეთის კიდევ ერთი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეშფოთებას იწვევს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან უკრაინას. როგორ ემზადებიან პოლონეთში, მოლდოვას და უკრაინის სხვა მეზობელ ქვეყნებში, ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს მასალას.

რუსეთის მიერ ნაწილობრივ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის მხოლოდ 500 კილომეტრია.

ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიოაქტიური ნარჩენები, დიდი ალბათობით, მოხვდება მოლდოვაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2,5 მილიონია.

2022 წლის ზაფხულში რუმინეთმა შეისყიდა და მოლდოვას მიაწოდა იოდის 1 მილიონი აბი. აბები გადაეგზავნა მოლდოვას ჯანდაცვის ორგანოებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ექიმებს გადასცემენ.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ახლა მოსახლეობას იოდის აბებს არ აძლევენ, რათა ხალხმა ის პროფილაქტიკის მიზნით არ მიიღოს. აუცილებლობის შემთხვევაში იოდს მისცემენ 40 წლამდე ასაკის პირებს, ხანდაზმულებისთვის კი იოდის მიღება არ არის რეკომენდებული.

გამოცემა წერს, რომ მოლდოვას მთავრობა არ საუბრობს შესაძლო ბირთვულ საფრთხეზე, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს, რადგან ქვეყანა არც ისე კარგად არის მომზადებული ასეთი სცენარისთვის.

საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა შეიმუშავეს ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ღონისძიებების სია და გაავრცელეს ვიდეორეკომენდაციები. მოსახლეობას ურჩევენ, ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, დახურონ ფანჯრები და შეძლებისდაგვარად თავი შეაფარონ სარდაფებს.

ამავე დროს, მოლდოვაში თითქმის არ არის ბუნკერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას რადიაციისგან ან საჰაერო თავდასხმისგან. მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვშიც კი, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი თავშესაფარი არ არის. საბჭოთა პერიოდის ბუნკერები წინა მთავრობებმა მიჰყიდეს სხვადასხვა კომპანიას და ამჟამად ისინი გამოიყენება საწყობად ან მიტოვებულია და ვირთხებით სავსე.

უკრაინის მეზობელ რუმინეთშიც მთავარი აქცენტი იოდის აბებზე გაკეთდა.

რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 6 მილიონი ევროს ღირებულების 30 მილიონი აბი შეუკვეთა ადგილობრივ კომპანიას. აბები მთელი ქვეყნის აფთიაქებში შეიტანეს და მისი მიღება ყველა მოქალაქეს შეუძლია უფასოდ, ოჯახის ექიმის დანიშნულებით.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ამ დროისთვის აქციით მხოლოდ 500 000 ადამიანი დაინტერესდა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კი მოსახლეობაში ინტერესის ნაკლებობა გააკრიტიკა და ამის მიზეზად არასაკმარისი ინფორმირებულობა დაასახელა. მისი თქმით, ქვეყანა მომზადებულია შესაძლო ბირთვული საფრთხისთვის, მაგრამ როგორც ექიმებმა, ასევე საზოგადოებამ უკეთ უნდა გაიაზრონ სიტუაცია.

რაც შეეხება უნგრეთს, აქ, უკრაინის სხვა მეზობლებთან შედარებით, სიმშვიდეა. იოდის აბებზე მოთხოვნა არ გაზრდილა, ქვეყანაში მცირე საჯარო განხილვა მიმდინარეობს მეზობელ უკრაინაში ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობის შესახებ.

რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მოსახლეობის დაცვაზე ხელისუფლება ინფორმაციას არ ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით უკრაინის მეზობელ სლოვაკეთში პანიკა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე ატომური დარტყმის ან უბედური შემთხვევის შესაძლებლობის გამო მარტში დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ გაიყიდა ქვეყანაში იოდის აბები, მაგრამ თანდათან შიში ჩაცხრა და ბირთვული იარაღის გამოყენება ამჟამად არ განიხილება, როგორც რეალისტური სცენარი.

გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთი დაეყრდნობა ნატოს მოკავშირეებს, პირველ რიგში – შეერთებულ შტატებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სლოვაკეთში რეკორდულად, 72 პროცენტამდე გაიზარდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.

რაც შეეხება პოლონეთს, უკრაინის მეზობელსა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს, „დოიჩე ველეს“ ცნობით, აქ მოსახლეობა ჯერჯერობით შედარებით მშვიდად რეაგირებს ბირთვულ საფრთხეზე. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ეშინია რუსეთის ბირთვული დარტყმის, მაგრამ პანიკა არ შეინიშნება.

პოლონური მედია წერს, რომ იოდის აბების მიმართ ინტერესი ბოლო დროს გაიზარდა, ხოლო მუნიციპალიტეტები ემზადებიან იოდის აბების დასარიგებლად საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

პოლონეთში მზადდება თავშესაფრებიც, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 62 000-ზე მეტია და აქ თავის შეფარება შეუძლია 1,3 მილიონ ადამიანს, მოსახლეობის 3,5 პროცენტს.

მეხანძრეებს ევალებათ შეამოწმონ ყველა თავშესაფრის მდგომარეობა, თუმცა თავშესაფრების უმეტესობა შეიქმნა ცივი ომის ეპოქაში და საეჭვოა, რომ მათ ეფექტურად დაიცვან ადამიანები ბირთვული რადიაციისგან. ექსპერტების აზრით, მხოლოდ 3500 ობიექტი აკმაყოფილებს თანამედროვე ბუნკერების კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რადიაციისგან დაცვას.

__________________________

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მასალის მიხედვით.

ფოტოზე: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ფოტო: ენერგოატომი

ამავე თემაზე: 

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

გადაბეჭდვის წესი


ასევე: