მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია ნარკოტიკით ზედოზირების ნიშნები და დახმარება ნარკოკომის დროს | ინტერვიუ

14.10.2022 • 1982
როგორია ნარკოტიკით ზედოზირების ნიშნები და დახმარება ნარკოკომის დროს | ინტერვიუ

მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ნარკოტიკების ზედოზირებით. ნარკოტიკები საეჭვო შემადგენლობით, ანუ დაბინძურებული ნარკოტიკები და მათგან გამოწვეული ზედოზირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საქართველოშიც გახშირდა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინეზა სულამანიძე ამბობს, რომ ისეთი საშიში პრაქტიკა, როგორიცაა ნარკოტიკთან კომბინაციაში ალკოჰოლის ან/და დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება, ხშირად ხდება ადამიანების ნარკოკომაში ჩავარდნის მიზეზი.

სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ცნობით, საქართველოში ხშირად  ფენტანილით დაბინძურებული ნარკოტიკი იყიდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში ოპიოიდია, რომლის სიმძლავრეც ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. მას ბოლო წლებია პოულობენ სხვადასხვა ნარკოტიკში, რომლებშიც ფენტანილს, პარტიის სიმძლავრის გასაზრდელად, დილერები ამატებენ. ამ მოდიფიკაციის შედეგი ისაა, რომ მომხმარებლების ნაწილი ფენტანილის (ოპიოიდური) ზედოზირების შედეგად იღუპება.

რა არის ნარკოკომა, როგორია ნარკოტიკით ზედოზირების ნიშნები და როგორ შეიძლება ასეთ დროს დავეხმაროთ ადამიანს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინეზა სულამანიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ინეზა, რა არის ნარკოკომა?

ნარკოკომა არის ცნობიერების დათრგუნვა, ცნობიერების დაკარგვა, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების შედეგად. ამ დროს ნარკოტიკი სწრაფად აღწევს ტვინამდე და მოქმედებს იმ უჯრედებზე, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემას, ძილს და სუნთქვას.

ის, რომ პირველივე მოხმარებაზე ადამიანი ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება, ცოტათი გადაჭარბებულია, თუმცა ის, რომ ორგანიზმი ძალიან სწრაფად ეჩვევა განსაზღვრულ დოზას და მომხმარებლებს მალევე სჭირდებათ მეტი და მეტი დოზის მიღება იმავე ეფექტის მისაღებად – ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ხდება, რომ ადამიანები ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ ზედოზირებით, ანუ იმაზე მეტი დოზით, ვიდრე ადრე მოიხმარდნენ.

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლს ან დამამშვიდებელ პრეპარატებს, კომბინაციაში იღებენ ამ ყველაფერს, რაც, რასაკვირველია, აძლიერებს ნარკოტიკის მოქმედების ეფექტს და ადამიანი გადაჰყავს კომის მდგომარეობაში.

ზედოზირების დროს სუნთქვა ნელდება ან წყდება, რაც ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ტვინამდე აღწევს, ამ მდგომარეობას ჰიპოქსია ჰქვია. ჰიპოქსიას შეიძლება მოჰყვეს ხანმოკლე ან ხანგრძლივი ფსიქიკური ეფექტები და ზეგავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე – გამოიწვიოს ისეთი დაზიანებები, როგორიც არის კომა ან ტვინის სხვა სახის დაზიანება.

  • რა ხდება ყველაზე ხშირად მდგომრეობის დამძიმების მიზეზი?

ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევების უმრავლესობა, ანუ სიკვდილით დამთავრებული შემთხვევები, დაკავშირებულია სითბურ დაკვრასთან – ჰიპერთერმიასთან.

სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას ამძაფრებს კლუბებში არსებული დახუთული გარემო, ტემპერატურის მომატების ფონზე განუწყვეტელი ცეკვა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ეს ყველაფერი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას.

იშვიათად, მაგრამ მაინც, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ დროს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, არის არითმია, ანუ გულის რითმის დარღვევა, რაც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედების გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

  • რა ნიშნები ახასიათებს ზედოზირებას, რაც წინ უძღვის ნარკოკომას?

ამ დროს ადამიანებს აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, პანიკური შეტევები, არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, არითმია, გულყრა, ცნობიერების დაბინდვა, არ შემოდიან კონტაქტში საერთოდ, იმყოფებიან კომაში. თუ ასეთი ნიშნები შეამჩნიეთ ადამიანს, რომელსაც იცით ან ეჭვობთ, რომ მიღებული აქვს ნარკოტიკული ნივთიერება, ჩათვალეთ, რომ  ის არის ზედოზირების მდგომარეობაში.

ადამიანს ნივთიერებების ზედოზირებით მიღებისას აღენიშნება პირის სიმშრალე, შევიწროებული გუგები, კანის სიმხურვალე ან აწითლება, აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მხრებსა და ფეხებში, გულისრევა და ღებინება, ხშირად ამბობენ, რომ მუცელში გრძნობენ სპაზმებს და აქვთ უკონტროლო მოძრაობები, ახასიათებთ შფოთვა და მოუსვენრობა.

  • ახასიათებს თუ არა ზედოზირების სხვადასხვაგვარი ნიშნები სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს?

ზედოზირების ნიშნები ძირითადად ერთნაირია, მიუხედავად ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფისა. ძალიან რთულია გამოიცნო რომელი ნივთიერებისგან არის ადამიანი ასეთ მდგომარეობაში, თუ არ ვიცით სად იყო, თუ ინფორმაციას ამის შესახებ მისი თანმხლები არ გვეტყვის.

  • როგორია პირველადი დახმარება ნარკოკომის დროს?

პირველ რიგში, უნდა მოვუხმოთ დახმარებისთვის სხვებს და ვიდრე სხვები მოვლენ – მარტო არ უნდა დავტოვოთ ადამიანი.

ცხადია, პირველი, ვისაც ვუხმობთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა, მაგრამ თუ საშუალება გვაქვს და ვახერხებთ – ჩვენ თვითონ სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში.

დაზარალებული ზურგზე არ უნდა დავაწვინოთ, განსაკუთრებით ჩვენით ტრანსპორტირებისას. ის უნდა დავაწვინოთ მარცხენა გვერდზე და გვერდზე მივუბრუნოთ თავი.

არავითარ შემთხვევაში ზურგზე არ უნდა იწვეს და არ უნდა ჰქონდეს თავი უკან გადაწეული, რადგან პირღებინების შემთხვევაში, არ მოხდეს ამ მასების ასპირაცია სასუნთქ გზებში. თუ დაზარალებული არ სუნთქავს, აუცილებლად უნდა გავუსუფთაოთ მას პირის ღრუ, გავუთავისუფლოთ პირი სასუნთქი გზებისკენ.  თუმცა ძალდატანებით ნუ ვეცდებით, რომ პირი გავუღოთ; თუ აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოვიღოთ და დავიწყოთ ხელოვნური სუნთქვა, თუ კი ეს შეგვიძლია.

ვაკონტროლოთ მისი სუნთქვა – უნდა ვეცადოთ გავიგოთ, აქვს თუ არა გულისცემა. თუ პულსს ვერ ვიპოვით (მაჯაზე), გულზე დავადოთ ყური და ისე მოვუსმინოთ, თუ კი ამასაც ვერ ვიპოვით, მაშინ უნდა გავუკეთოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი – თუ, რა თქმა უნდა, ამის უნარები გვაქვს.

აუცილებლად გავუხსნათ ტანსაცმელი, ქამარი, ყველაფერი, რაც შეიძლება უჭერდეს.

სასწრაფოს მოსვლამდე: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ადამიანი ამ დროს ცივი წყლის აბაზანაში, ასე შეიძლება დაიხრჩოს. არ უნდა გამოვიწვიოთ ღებინება ძალით, ვინაიდან შეიძლება ამ მასით მოხდეს სასუნთქი გზების დახშობა. არ უნდა მივცეთ არც საკვები, არც რაიმე სასმელი (არც წყალი, არც ყავა).

  • თუ პაციენტს უვითარდება კრუნჩხვა?

სამწუხაროდ ამ დროს ხშირად არასწორად იქცევიან ხოლმე. თუ პაციენტი კარგავს გონებას და უვითარდება კრუნჩხვა, უნდა ვეცადოთ არ დაიზიანოს კიდურები; უნდა დავუჭიროთ თავი, რომ არაფერს მიარტყას, გავუკავოთ სხეული, რომ მკვეთრი მოძრაობებით ან დაცემით არ დაემტვრეს ნეკნები.

თუ დაკარგა გონება, არ რეაგირებს ტკივილზე, დავუზილოთ ყურის ბიბილოები, რომ რაღაც ტკივილმა გამოაფხიზლოს, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ მისი სუნთქვა და გულისცემის სიხშირე.

  • რა ხდება, როცა პაციენტი შემოდის რეანიმაციაში?

რეანიმაციაში, ძალიან ხშირად, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა, ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან, ცუდად სუნთქავენ.

იმაზე, თუ რამდენი ხანი არის გასული ნარკოტიკული საშუალების მიღებიდან კლინიკაში მოსვლამდე, ძალიან დიდი პროცენტით არის დამოკიდებული პაციენტის გამოჯანმრთელების ხარისხი.

ზოგჯერ რამდენიმე საათში ხდება პაციენტის გამოფხიზლება, ზოგჯერ – რამდენიმე დღე-ღამეში, ზოგჯერ საერთოდ ხანგრძლივდება ეს პროცესები, რადგან, როგორც გითხარით, ზოგჯერ კრუნჩხვის დროს ზიანდება თავის ტვინი ან მოტეხილობები აქვს პაციენტს, ან პირნაღები მასა გადასცდა სასუნთქ გზებში და ეს ასპირაცია იწვევს ფილტვის ძალიან მძიმე დაზიანებებს.

ხშირად ასეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, აქვთ ღვიძლის დაავადებები, მაგალითად, B და C ჰეპატიტები და როცა ღვიძლის დაზიანებაა, დეზინტოქსიკაცია ანუ ამ მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედებიდან გამოსვლა, უფრო ძნელდება.

  • არსებობს პრაქტიკა, როცა ადამიანები თავად ეძებენ ანტიდოტურ საშუალებას, მაგალითად, ნარკანს, ეს რამდენად სწორია? 

ჰეროინით ზედოზირებისას გამოიყენება ნარკანი და ნალოქსანი, მაგრამ გეტყვით, რატომ არ არის სწორი თვითმკურნალობა.

ჯერ არ იშოვება ადვილად, მერე მეორე – შეიძლება ერთმა ამპულამ არც უშველოს და რამდენიმე ამპულა იყოს გასაკეთებელი. ასევე, სანამ ნალოქსანს და ნარკანს იპოვით, შეიძლება ადამიანმა ისეთი ტიპის დაზიანებები მიიღოს, რომ მხოლოდ ამ ნივთიერების ანტიდოტის გაკეთებამ საქმეს არ უშველოს.

როცა კომაა, პაციენტს სჭირდება კომპლექსური დახმარება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების აღსადგენად, ამიტომ, პირველ რიგში, თუ თქვენ ამ პაციენტის გადაყვანა შეგიძლიათ, უნდა მიიყვანოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გადაყვანა, მაშინ სასწრაფოში დარეკეთ, იქამდე კი გავაკეთოთ ის, რაზეც ვისაუბრეთ.

  • მთავარი მიზეზი, რის  გამოც ასეთ დროს სასწრაფოში დარეკვას ერიდებიან, კონფიდენციალურობის და პოლიციის შიშია, რამდენად დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ასეთ დროს?

ექიმსა და პაციენტს შორის კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პაციენტი აუცილებლად უნდა ენდობოდეს ექიმს იმ დონეზე, რომ ყველაფერი მოუყვეს.

გვყოლია სწორედ ასეთი პაციენტები, რომლებსაც უთხოვიათ, რომ მათი ოჯახის წევრებს არაფერი ვუთხრათ მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომ არ მივაწოდოთ რაიმე საბუთები, კვლევის შედეგები ან ფორმა 100 ან ა.შ.

რასაკვირველია, პაციენტის ოჯახის წევრი ამ დროს მოტივირებულია, რომ გაიგოს პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ კონკრეტიზაციისგან თავი შევიკავო და პაციენტის შესახებ ინფორმაცია, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ გავაცხადო სხვასთან. თუ კი ეს პროცესი ისეთი მძიმეა, რომ კომაშია პაციენტი, ამ დროს პირიქით, თავად ოჯახის წევრებისგან გვაქვს ხოლმე ეს ინფორმაცია და დამალვას აზრიც არ აქვს.

  • პოლიციასთან რა შემთხვევაში მიდის ინფორმაცია?

სამედიცინო დაწესებულებას ზედოზირების შემთხვევაში პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვს, თუ ადგილი არ ჰქონდა რამე კრიმინალს, მაგალითად, თუ პაციენტს არ ეტყობა რამე დაზიანებები, ანუ თუ ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ იქ მოხდა ჩხუბი, ან დაჭრილები არიან… თუ არ გვაქვს ეჭვი, რომ იყო კრიმინალი, სხვა შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება არ გვაქვს და არც ვატყობინებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: