სიახლეები

რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია

11.10.2022 • 1008
რატომ გავიქეცი ქვეყნიდან – ერთი ქალის ისტორია

მარიამმა [სახელი შეცვლილია] საქართველო ყოფილი ქმრის შიშით 15 წლის წინ დატოვა. რუსთავიდან ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მოძალადისგან თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.

15 წლის წინანდელი გამოცდილება ამბებისა და შეგრძნებების დონეზე დღემდე ახსოვს.

ბოლო ათი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ მსხვერპლი ქალი დისტანციურად ჩაწერა.

  • მარიამის ნაამბობი

მახსოვს, ერთად როგორ მივდიოდით რუსთაველის გამზირზე. სანამ თავისუფლების მოედნამდე ჩავიარეთ ქუჩა, თუ ვინმემ შემომხედა, ყველაზე იეჭვიანა. ამ დროს მკლავზე მჩქმეტდა ხოლმე. ვეკითხებოდი, ამას რატომ აკეთებ, მტკივა-მეთქი. მპასუხობდა, რომ არ სიამოვნებდა, თუ ვინმე შემომხედავდა.

მაშინ პატარა ვიყავი, ვერ ვცემდი ამაზე პასუხს, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა.

როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდით, სულ ფანჯრის მხარეს ვჯდებოდი, ის სულ გვერდით მიჯდებოდა, ჩემ გვერდით რომ ვერავინ დამჯდარიყო და წინაც რომ არავინ დამდგომოდა. თუ ფანჯრიდან გავიხედავდი, ბრაზდებოდა.

თუ ვერ მჩქმეტდ,ა ჩემი ხელი ეჭირა ხელში და მაგრად მიჭერდა. მიაჩნდა, რომ რახან ფანჯრიდან ვიხედებოდი, ბიჭებს ვაყოლებდი თვალს. თითქოს ჩემი ბრალი იყო, რომ ქუჩაში გამვლელები დადიოდნენ.

ერთხელ გინეკოლოგთან მისვლა დამჭირდა. გასინჯვის დრო რომ დადგა, კაბინეტიდან არ გადიოდა, ექიმთანაც არ მტოვებდა მარტო. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ეს ექიმმაც შენიშნა, მაგრამ მას არ უთქვამს ჩემი ქმრისთვის პაციენტთან მარტო დამტოვეთ თუ შეიძლებაო. სამწუხაროდ, ეს არ უთხრა.

თვალები დამიბნელდა უხერხულობისა და შეურაცხყოფისგან, ათას რამეს ვგრძნობდი ერთდროულად, გინეკოლოგიც ქალი იყო და წესით, უნდა მიმხვდარიყო, რომ არ იყო ეს ყველაფერი ნორმალური.

  • ზუსტად ვიცი, როგორ მოქმედებენ მოძალადეები

მოძალადე მსხვერპლის სრულ კონტროლს იწყებს, რასაც მზრუნველობით ნიღბავს. როცა ისე არ იქცევი, როგორც მას სურს, იწყებს დადანაშაულებას, უნდა თავი დამნაშავედ გაგრძნობინოს,  თუ შესაძლებლობა აქვს, მისი ოჯახის წევრების წინაშეც.

მერე იწყება იზოლაცია. ცდილობს ჩამოგაშოროს ყველა, იწყებს მეგობრებით. გეუბნება, რომ მათ შურთ შენი, არ არიან შენი მეგობრობის ღირსი, რომ უკეთესი მეგობრები უნდა გყავდეს, რომ შენი „წრიდან“ არ არიან და ასე შემდეგ. თუ მეგობრებს დათმობ, მერე ოჯახის წევრების რიგი დგება.

გარწმუნებენ, რომ დედას, მამას, ძმას, დებს საკმარისად არ უყვარხარ, არ გაფასებენ… ასე ამუშავებს ფსიქოლოგიურად მოძალადე მსხვერპლს.

გარწმუნებენ, რომ სამყარო გოგოებისთვის საშიშია. მარტო პარკში არ უნდა ივარჯიშო, მარტო არ უნდა იარო და ბოლოს სახლში უნდა დაჯდე.

შემდეგი ეტაპია იგნორირება. მსხვერპლს უგროვდება წყენა, პრეტენზია და უნდა საუბარი, გარკვევა, ახსნა-განმარტების მიღება მოძალადისგან. ცხადია, ამ დროს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ მსხვერპლი ხარ.

პასუხად იღებ სრულ უგულებელყოფას. ისე უგულებელგყოფენ, რომ ხანდახან საკუთარ არსებობაში გეპარება ეჭვი. თუ ოჯახის წევრებს მიმართავ დახმარებისთვის და მათ შესჩივლებ, რომ სალაპარაკო გაქვს, გიპასუხებენ, რომ თავი უნდა დაანებო ამ დროს ადამიანს. სულ მოგიწოდებენ, რომ სრული კომფორტი შეუქმნა მოძალადეს და არ გააღიზიანო. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

მოძალადის მშობლებმა ყოველთვის კარგად იციან, რომ მათი შვილი მოძალადეა. უბრალოდ, თვალს ხუჭავენ ამაზე და ცდილობენ გაამართლონ საკუთარი შვილები, დაადანაშაულონ, ხანდახან კი დააშინონ მსხვერპლი.

ამდენი შეზღუდვისგან ბოლოს სუნთქვა გიჭირს. ერთ დღესაც იღვიძებ და ჰაერი აღარ გყოფნის. ერთ დღესაც გრძნობ, რომ უბრალოდ იგუდები.

ახლა ზუსტად ვიცი, როგორ იწყებს ურთიერთობას მოძალადე, ზუსტად ვიცი, როგორ ამოვიცნოთ ისინი.

  • ძალადობას ძალიან ცუდი თვისება აქვს. შეიძლება შენც მოძალადედ გაქციოს – დაგროვილი ბრაზი ყველასა და ყველაფერზე გადაგაქვს

მახსოვს, ქუჩაში ვიჩხუბეთ რამდენჯერმე. არავინ გამომქომაგებია. უამრავმა ადამიანმა ჩაგვიარა და არავინ იმჩნევდა, რომ მიყვიროდა, მაჯანჯღარებდა შუა ქუჩაში.

ამ დროს კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ვერავინ დაგიცავს, არ დაგიცავს.

როცა დავშორდი, ქუჩაში მარტო გასვლის მეშინოდა. სულ მეგონა, რომ სადმე შემხვდებოდა. მეგობრების გარეშე არსად დავდიოდი. გაფრთხილებული მყავდა ყველა, რომ თუ სადმე გადაგვეყრებოდა, მასთან მარტო არავის დავეტოვებინე.

სულ მხვდებოდა მაღაზიასთან, უნივერსიტეტთან, სადარბაზოსთან. სულ მეშინოდა, რომ აასრულებდა ერთ დღესაც ყველაფერს, რასაც სიტყვებით მეუბნებოდა.

ხვდებოდა ჩემს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს, კლასელებს და მათი პირით მითვლიდა ხოლმე მუქარებს.

რაღაც პერიოდი სახლიდან თვეობით არ გამოვდიოდი, მაგრამ ფანჯრიდან ვხედავდი ეზოში დადიოდა აქეთ-იქით. როცა სახლში ვამბობდი, ამ ადამიანს აქ რა უნდა-მეთქი, მპასუხობდნენ: მეგობრების სანახავადაა მოსული ალბათ, მერე რა მოხდაო. ამას მეუბნებოდნენ ადამიანზე, რომელიც ფეხების დამტვრევით, თვალების დათხრით მემუქრებოდა. ვის უნდა ენდო ამ დროს, როგორ არ უნდა გეშინოდეს. რომც დარეკო პატრულში, რა უნდა უთხრა, რა როგორ უნდა დაამტკიცო, როგორ უნდა აუკრძალო უბანში მოსვლა. არ ვიცოდი მაშინ ეს ყველაფერი.

არასდროს მიმიმართავს პოლიციისთვის. მეშინოდა, რომ დიდი ამბავი ატყდებოდა, ძალიან მრცხვენოდა. იმის მიუხედავად, რომ დედაჩემთან ყოველთვის ყველაფერზე ვსაუბრობდი, ძალადობაზე ვერ ვისაუბრე და ბევრი რამ დავმალე.

მეშინოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის იმედი გამეცრუებინა.

პოლიციისთვის რომ მიმემართა, აზრს ვერ ვხედავდი. ორი გავლენიანი ბიძა ჰყავდა ჩემს ყოფილ ქმარს და ნებისმიერ შემთხვევაში დაიხსნიდნენ პატიმრობიდან. მეგონა, მერე უარესად დაიბოღმებოდა და გააკეთებდა ყველაფერს, რასაც სიტყვიერად მემუქრებოდა.

ერთ დღესაც დედაჩემთან ვიყავი. ზამთრის თბილი და გრძელსახელოიანი სვიტერი გამოვიცვალე. ადგილი არ მქონდა, სადაც სისხლჩაქცევა არ მეტყობოდა. დედაჩემი და ჩემი და გაოგნდნენ.

საშინლად გაბრაზდნენ. გვერდით დამიდგნენ, ძალიან გამიკვირდა. ასეთ მხარდაჭერას არ ველოდი.

გაფრთხილებები მიიღო ჩემმა ქმარმა ჩემი ოჯახისგან, მაგრამ გაფრთხილებები გაფრთხილებებად რჩებოდა. მერე ჩემმა ოჯახმა პატრულის ჩარევა შემომთავაზა, რაზეც უარი ვთქვი. არ მინდოდა, ყველას ყველაფერი გაეგო. მეგონა დაუსრულებელი პროცესი იქნებოდა და უარესად გააბრაზებდა იმ ადამიანს. მეშინოდა, რომ მუქარებს აასრულებდა.

ერთხელაც ვთქვი, რომ აღარ მინდოდა ამ ადამიანის დანახვაც კი. მიუხედავად ამისა, რაღაც პერიოდი  მაინც მოდიოდა ჩვენთან. ხანდახან დღეში რამდენჯერმეც.

დედაჩემმა დამსვა და მითხრა: უნდა დავსხდეთ, დავილაპარაკოთ მისი ოჯახის წევრებთან და, რა თქმა უნდა, შენც იქ უნდა იყოო. პანიკამ მომიცვა და მივხვდი, რომ იყო საფრთხე შევრიგებოდით ერთმანეთს. ოჯახებით შეკრებაზე უარი ვთქვი. მაშინ დედაჩემთან არ ვიყავი დიდად გახსნილი და მან ამ დროს ყველაფერი ჯერ კიდევ არ იცოდა.

ძალადობას ძალიან ცუდი თვისება აქვს. შეიძლება შენც მოძალადედ გაქციოს – ჩაგვრამ გაგაბოროტოს, რადგან დაგროვილი ბრაზი ყველასა და ყველაფერზე გადაგაქვს. მახსოვს, პატარა დისშვილი მყავდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ რაღაც პერიოდი ბავშვს ძალიან, ძალიან ცუდად ვექცეოდი – კარგი დეიდა ურჩხულად გადაიქცა. ერთხელაც ბავშვი მომიბრუნდა და მითხრა: იცი რა? სანამ დათოს გაიცნობდი, მანამდე უფრო მომწონდი და მიყვარდი, ახლა სხვანაირი ხარო.

არ ვიცოდი, როგორ მეშველა თავისთვის და ერთადერთ გამოსავალს მივაგენი – ქვეყნიდან უნდა გავქცეულიყავი.

გავიქეცი.

  • ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, ეს ის არის, რასაც აკარგვინებს ხოლმე მოძალადე მსხვერპლს

გერმანული ვიცოდი. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა. ჩავაბარე ენის გამოცდა, გავიარე საელჩოში გასაუბრება და მივიღე გერმანიის ვიზა. მახსოვს, რამხელა შვება და თავისუფლება ვიგრძენი, როცა პასპორტი გავაკეთე და ვიზა მომცეს.

გერმანიაში წასვლა ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო. არ მქონდა მოშუშებული ძველი ჭრილობები, მქონდა შიშები, თბილისის ქუჩებსაც ვერ ვაგნებდი ნორმალურად და ამხელა ქვეყანაში მარტო მივდიოდი. გერმანიიდან საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად და ბოლო 10 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ.

გერმანიაში სწავლა ძალიან კომფორტულია. ხელს გიწყობს სახელმწიფო სწავლასა და მუშაობაში, უნივერსიტეტი იაფია, აქვს კამპუსები, რომელითა ფასიც ასევე ხელმისაწვდომია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე.

სიყვარული არ არის ჩაგვრა, კონტროლი და ღირსების შელახვა. ეს მოძალადესთან ცხოვრების მერე, 5 წლის შემდეგ გავიაზრე, სიყვარული არ არის მოქნეული ხელი, არ უნდა ვითმინოთ ურთიერთობაში ძალადობა, არ უნდა ვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს ჩვენი ბრალია, რომ მეორე ადამიანი გამოდის მდგომარეობიდან და კარგავს სახეს. თითქოს ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა მისთვის სათანადო კომფორტი.

დაახლოებით 6 წლის წინ ვმუშაობდი ქალთა თავშესაფარში საფრანგეთში. აქ ბევრი ძალადობაგამოვლილი ქალი იყო. ისინი სახელმწიფოსგან უდიდეს დახმარებას იღებდნენ: ფსიქოლოგიურს, ეკონომიკურს, სოციალურს.

წლობით იყვნენ თავშესაფარში და მათ არავინ აიძულებდა დაეტოვებინათ ეს უსაფრთხო ადგილი. იქ იყვნენ მანამ, სანამ მიდიოდა სასამართლო პროცესი და კვლევა. მანამ, სანამ არ შეიცვლიდნენ რეგიონს, საცხოვრებელ ადგილს და იყვნენ დაცულები. ძალიან მინდა, საქართველოშიც ასე იცავდნენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

მინდა, არ უწევდეთ მსხვერპლებს 3, 6 თვის შემდეგ თავშესაფრის დატოვება. მინდა, მეტად ეხმარებოდნენ სოციალურად, ფსიქოლოგიურად. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა ჩემი წასვლის შემდეგ, მაგრამ არ მგონია მსხვერპლი ქალებისთვის არსებობდეს სრული სერვისი რეაბილიტაციისთვის. არ მგონია, საქართველოში ისე ეხმარებოდნენ მსხვერპლ ქალებს, როგორც ეს ევროპაშია, არ მგონია, ასე ზრუნავდეს სახელმწიფო ქალის განათლებაზე – რაც ასე აუცილებელია. ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, ეს ის არის, რასაც აკარგვინებს ხოლმე მოძალადე მსხვერპლს.

მსხვერპლის მეგობრებს მინდა ვურჩიო: რამდენჯერაც გადაწყვეტს მსხვერპლი, რომ დატოვოს მოძალადე, ყოველთვის გვერდით დაუდგნენ, იქნება ეს მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე მცდელობა. არ გავკიცხოთ ისინი ყოყმანისთვის.

მეტი ემპათიაა საჭირო. ძალიან რთულია პირველსავე მცდელობაზე დატოვო მოძალადე… ძალიან ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს ამის გასაკეთებლად.

ქვეყნიდან რომ წავედი, ბევრი გვერდი შექმნა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და სხვადასხვა გვერდიდან მწერდა. არასდროს ვპასუხობდი და პირდაპირ ვბლოკავდი. დაახლოებით 5, 6 წლის მერე მობეზრდა და თავი დამანება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: