განათლება,მთავარი,სიახლეები

სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე

20.09.2022 • 4632
სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე

რატომ მიდიან ახალგაზრდები ქვეყნიდან და როგორ აისახება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოს მომავალზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ის ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში მუშაობს.

  • დავით, ბოლო პერიოდში, თვალში საცემია ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების ტენდენცია. ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო, დარჩენილი ნაწილიც წასვლაზე საუბრობს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მსგავსად, დასავლეთში მიიღო განათლება. თქვენი აზრით, ეს რატომ ხდება?

ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში, ცხოვრების არცერთი ასპექტი ახალგაზრდებზე გათვლილი არ არის. ქვეყნის მომავალი მიტაცებულია და საზოგადოება ვერ ახერხებს კონცენტრაციას, რომ როგორმე ამ ჭაობიდან გამოვიდეთ.

ხანდახან ქართულ ტელევიზიას რომ ჩავრთავ, ისეთი რაღაცები გადის, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა არავის უნდა.

მარტო იმაზეა საუბარი, ვინ ვის გაუწყრა, გარჩევები ოპოზიციის შიგნით, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ შენი, როგორც ახალგაზრდის აზრი, ან განათლება ან გამოცდილება, არავის სჭირდება.

მიდიან იმიტომ, რომ დასავლეთში ხელფასიც უფრო მაღალია, პოლიტიკური სიტუაცია სტაბილურია, თვითგამოხატვის უფლებაც დაცულია და როცა იცი, რომ ქვეყანას მომავალი არ აქვს, მაშინ ფიქრობ წასვლაზე. თუმცა სულ გინდა, რომ ოდესღაც დაბრუნდე.

  • თქვენ სწავლობდით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, წესით თქვენი კვალიფიკაციის ადამიანებზე უნდა იყოს მაღალი მოთხოვნა ქვეყანაში, რადგან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაკლია კვალიფიციური კადრები, რატომ არ დარჩით საქართველოში?

არ არის ისე, რომ საქართველოში დაბრუნება არ მინდა და საერთოდ არ ვიხედები მაქეთკენ, სხვა ქვეყანაში მაინც უცხოელი ხარ.

თუმცა საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა, ვერ ვგრძნობ თავს ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე უნდა გრძნობდეს, ვერ ვგრძნობ, რომ ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ვარ.

საქართველო რომ ყოფილიყო ნორმალური ქვეყანა, რომელიმე საჯარო სტრუქტურაში ვიმუშავებდი, მაგალითად განათლების სამინისტროში ინოვაციების და რეფორმების მიმართულებით, რადგან რეალურად ეს არის ჩემი ინტერესების სფერო და კვლევაზე და კვლევით მეთოდზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება წარმოადგენს ჩემს ინტერესსაც.

მაგრამ, ქვეყანაში, სადაც მთელი სახელმწიფო აპარატი მობილიზებულია ერთი ადამიანის პირად სარგებელზე და ამავე დროს, სერიოზული კითხვები ჩნდება ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, არ მაქვს სურვილი ასეთ ქვეყანაში დავრჩე.

თუკი დღეს ვიმუშავებდი ვთქვათ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც მიდის რუსეთისკენ, ეს ნიშნავს, რომ მეც რუსეთისკენ მივდივარ ხომ? არ მინდოდა ასეთი მომავალი საკუთარი თავისთვის. მიმაჩნია, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირ რუსულ სისტემასთან ჩართულობა არის დანაშაული და ამ დანაშაულის გამოსწორება ასე მარტივი არ არის. ამიტომ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველო დამეტოვებინა.

  • რუსეთის ფაქტორის გარდა, რა არის ის, რაც აჩენს ქვეყნის დატოვების სურვილს, მაგალითად, დასაქმების საკითხი ავიღოთ. გაქვთ განცდა, რომ ამ ქვეყანაში პროფესიონალები სჭირდებათ, თუ მხოლოდ ნეპოტიზმის დონეზეა დასაქმება?

მე, პირადად, ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აქ კვალიფიციური კადრი სჭირდება, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს. კოვიდის პერიოდში საქართველოში ვიყავი და ვცდილობდი არაანაზღაურებადი სტაჟირება მეპოვა საერთაშორისო კომპანიების ქართულ ოფისებში. ყველა ხარჯს უნივერსიტეტი დამიფინანსებდა, მხოლოდ სტაჟირების გავლა მინდოდა.

ბევრ კომპანიას მივწერე და არცერთმა პასუხი არ გამცა, გასაუბრებაც კი არ შემომთავაზეს. მაშინ, როდესაც იგივე კომპანიების ოფისები, მაგალითად დუბაიში, გასაუბრებაზე მიწვევდნენ.

ქართული მენეჯმენტი სადაც არის დასაქმებული, ძირითადად ყველგან მსგავსი სიტუაციაა.

სხვათა შორის, რამდენი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასაც მივწერე, შედარებით მემარცხენე-ლიბერალურს და ისიც აღვნიშნე, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული – ვიფიქრე, რომ იქნებ ასე მაინც შემეძლო ქვეყნის მომავალში ჩართვა, მაგრამ არც მათგან იყო ინტერესი. შესაბამისად, ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში მე არავის ვჭირდები და წავალ იქ, სადაც ვინმეს დავჭირდები.

  • ალბათ გახსოვთ მამუკა ბახტაძის ლოზუნგი – „განათლების ქართული იდეა“. მას შემდეგ ხელისუფლება იმეორებს, რომ განათლებაა პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის, ამბობენ, რომ მილიონებს ხარჯავენ ამისთვის. რას ნიშნავს ეს განცხადებები თქვენთვის?

გლობალურად, შესაძლოა იხარჯება კიდეც განათლებაში მილიონები, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ განათლება გვაქვს. მთავარია, რაში იხარჯება ეს წარმოსახვითი მილიონები, როგორ იხარჯება და რამდენად რაციონალურია ამ ფულის ხარჯვა.

მე, მაგალითად, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ჩემმა პროფესორმა შემომთავაზა დასაქმება ლაბორატორიაში კვლევებზე და წლის ბოლოს, ამ კვლევის შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ.

აქ საუბარია პროფესიულ დონეზე სამეცნიერო საქმიანობაზე. ამ სამეცნიერო საქმიანობაში მე მაგალითად, ყველაზე მინიმალური ანაზღაურება საათში მქონდა 20 დოლარი, თუმცა პროფესორები გაცილებით მეტსაც იღებენ.

საქართველოში სულ რამდენიმე მეცნიერი გვყავს და ისინიც კი გაათავისუფლეს სამსახურიდან და როცა მუშაობდნენ, ხელფასს რას იღებდნენ, ეს ცალკე ამბავია.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორი დოქტორანტურაც რომ გქონდეს, საქართველოში მაინც არ გექნება შესაბამისი ხელფასი თუ არსებულ რეჟიმს არ უკრავ თავს.

მე, მაგალითად, რაც არ უნდა დაბალი ანაზღაურება მქონდეს, არ დავუკრავ ტაშს ადამიანს, რომელსაც ჩემი მომავლის განადგურება უნდა. ეს პრინციპულია ჩემთვის, რადგან ყველაფერი ფულზე არ იყიდება.

  • უნივერსიტეტებზე რას ფიქრობთ, მათთან ხომ არ გქონიათ თანამშრომლობის სურვილი?

ქართულ უნივერსიტეტებთან ბევრი გამოცდილება არ მაქვს. მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, ვისაც არ მოსწონს ქართული განათლების ხარისხი და ცდილობს უცხოეთში წავიდეს. როგორც იცით, არასამთავრობო ორგანიზაცია „შესაძლებლობის ცენტრი“ დავაარსე ახლახან და უკვე 20-მდე ახალგაზრდა დაინტერესდა ჩვენით.

არ მოსწონთ აქ სწავლა, რადგან უნივერსიტეტში როცა მიდიხარ, არ უნდა გძულდეს იქ სიარული. უნივერსიტეტი, პირველ რიგში, არის სოციალური გამოცდილება და რასაც გასწავლიან, ისეთ დონეზე უნდა გასწავლიდნენ, რომ ამ ცოდნის სხვა ქვეყანაში გამოყენებაც შეძლო. მე რომ ქართულ უნივერსიტეტში მესწავლა, არა მგონია საზღვარგარეთ ვინმეს სამსახური შემოეთავაზებინა, თუ რა თქმა უნდა, პროგრამირებაზე არ იქნება საუბარი.

არის ქვეყნები, სადაც საქართველოზე ბევრად უკეთესი განათლების ხარისხი აქვთ, მაგრამ მაინც მიდიან ახალგაზრდები იმ სურვილით, რომ ოღონდ იქედან გააღწიონ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში განსხვავებული მდგომარეობაა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლების მხრივ და ამიტომაც.

როცა ლონდონში ჩამოვედი, ყველასთვის სულერთი იყო, საიდან ვიყავი. ნაცნობობით და ნეპოტიზმით ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში ყველგან ვერ გახვალ. შესაბამისად, ძალიან განსხვავდება საქართველოსგან, აქ მართლა შენი პროფესიონალიზმით და უნარ-ჩვევებით უნდა მიაღწიო წარმატებას.

  • განსხვავებული შეხედულების ადამიანებისთვის არ არის ჩახერგილი სივრცე, როგორც აქ?

რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების ადამიანები მუშაობენ ერთ სივრცეში. ჩვენს გუნდშიც ბევრია ისეთი ვინც, მაგალითად, რადიკალურად ლეიბორისტულ პარტიას უჭერს მხარს და არის ხალხი, ვინც მონარქიას უჭერს მხარს, საქართველოში კი თუ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება გაქვს, ვერაფერს მიაღწევ.

შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდე და მმართველი პარტიის ოპოზიცია იყო. ასეც ხდება, ლონდონში ვინც მუშაობს ძირითადად ოპოზიციური გემოვნების ხალხია.

  • სიდუხჭირის, უმუშევრობის გარდა, კიდევ რა მიზეზებს ხედავთ, რის გამოც აღარ სურთ ახალგაზრდებს აქ ცხოვრება?

როდესაც სამუშაო გარემო ტოქსიკურია, იქ მუშაობა არ მოუნდება ადამიანს. მეორეს მხრივ, მას არ აქვს დიდი არჩევანი, რადგან სიდუხჭირე დგას მეორე მხარეს.

არის დღეები, როცა აქაც ვიღლები და არაფრის თავი მაქვს სამსახურის შემდეგ, ეკონომიკა იმიტომ არის განვითარებული, რომ ყველა მუშაობს და სამუშო გარემოც არის შესაბამისი.

შაბათ -კვირას კი ადამიანს შესაძლებლობა აქვს თავისუფალი დრო კარგად გაატაროს, ყველაფერზე ჰყოფნის ფული, შეუძლია გაერთოს და არ ექნება იმის განცდა, რომ ხელფასი ზეთში და პურში აღარ ეყოფა.

თუ ავად გახდა, აქვს საშუალება იმკურნალოს, მძიმე დაავადებაც რომ დაგემართოს შეგიძლია წასვლა, მკურნალობა და სამსახური ამაში ხელს შეგიწყობს.

საქართველოში რასაც იხდის დამსაქმებელი საათში, ძალიან მიზერულია. ყველაფრის ეკონომია უნდა გააკეთო და შეიძლება მაინც არ გეყოს.

  • თუ არ შეჩერდა ქვეყნიდან ინტელექტუალური ძალის გადინება, როგორც ამბობენ ხოლმე, „ტვინების გადინება“, რა სურათს მივიღებთ დაახლოებით ათი-ოცი წლის შემდეგ, როგორი ქვეყანა გვექნება?

ალბათ იქცევა იაფი მუშახელის ქვეყნად, ისეთად, როგორიც, ვთქვათ, ბანგლადეშია, სადაც 1 დოლარს უხდიან ადამიანებს საათში.

მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი საქართველოში მთავრობა რომ შეიცვალოს, თუ ვიღაც მეტყვის, რომ თქვენნაირი ახალგაზრდებისთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ დავსაქმდეთ, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარებაზე. ჩამოვიდოდი, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი მაგარი ქვეყანაა და ძალიან მიყვარს. თუ არ იქნება გარდატეხა, თუ არ მოვიდა ისეთი ხალხი მთავრობაში, რომელიც მოგცემს ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას, არაფერი შეიცვლება.

საქართველოს მართლა არ აქვს ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობა, უბრალოდ, რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ ადამიანებს. როცა გვპირდებიან, მაშინაც კი მარტო ქარხნებს ახსენებენ და არ ვთქვათ იმას, რომ ავაშენებთ ას ინტელექტუალურ ჰაბს, აქაც იაფ მუშახელზე აქვთ გათვლა, თუმცა არც ამას აკეთებენ.

  • თუ ინტელექტუალური ძალა, კრიტიკული ნაწილი გავა ქვეყნიდან, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ხომ აისახება?

რა თქმა უნდა. დარჩებიან ნაკლებად განათლებული ადამიანები, რომელთა მოტყუება ბევრად ადვილი იქნება რადიკალური თუ პოპულისტური ძალების მიერ.

თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ნამდვილად ვერ ჩამოვყალიბდებით ევროპულ სახელმწიფოდ, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირში, რადგან დემოკრატიასთან ერთად, ეკონომიკური განვითარებაც საჭიროა. ეკონომიკური განვითარება კი არ იქნება, თუ არ გაქვს ეკონომიკურ ზრდაზე მორგებული განათლება.

  • ხშირად არის მოწოდებები ახალგაზრდების მიმართ, რომ არ „წახვიდეთ, დარჩით და ერთად შევცვალოთ“, რას ფიქრობთ ამაზე?

მაგარი განცხადებაა, მაგრამ ასეთ ხალხს ვეტყოდი, რომ  მაშინ მოდით, მოგვეცით ნება რომ შევცვალოთ.

მე რომ ახლა სისტემის ჩამოშლა და ცვლილება შემეძლოს, სხვა ქვეყანაში არ წავიდოდი. როდესაც მოგვცემენ საშუალებას, მორჩებიან ხალხის გინებას, ცემას, როცა შეეშვებიან ჩვენი მომავლის მოპარვას და ამ ქურდების მხარდაჭერას, აი მაშინ დავბრუნდებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: