მთავარი,სიახლეები

უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გმირი ომში დაბრუნდა

04.07.2023 • 5003
უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გმირი ომში დაბრუნდა

22 წლის იყო ვასილ ტარასიუკი, როცა უკრაინის გმირი გახდა, ახლა 29 წლისაა. ფრონტზე მას მეტსახელად „ტაიფუნი“ შეარქვეს. ზედმეტსახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: ტანკთან ორთაბრძოლაში მარტო აღმოჩნდა. მაშინ არც ჯაველინები ჰქონდა უკრაინის არმიას და არც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. შეტაკება 2016 წელს იყო ავდეევკასთან ახლოს, როცა რუსული ტანკი და ვასილი ბრძოლის ველზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ ორთაბრძოლაში ვასილმა გაიმარჯვა.

ბრძოლის ველზე ტარასიუკმა მიიღო სამი გამჭოლი ჭრილობა, ოთხჯერ მძიმე კონტუზია და დაზიანებები თავის არეში. მისი საბრძოლო მანქანა ნაღმზე აფეთქდა, თავად კი ამ დროს დაწვას წარმოუდგენლად გადაურჩა. სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნარჩენით მთელი თვე არ დაუტოვებია ბრძოლის ველის მოწინავე პოზიცია. ორჯერ ისეთ სროლებსა და აფეთქებებში მოყვა, თანამებრძოლებმა თითქმის მიწიდან ამოთხარეს.

ცხოვრობს ფრონტსა და საავადმყოფოებს შორის. როცა პირველი სამხედრო ჯილდო, ბოგდან ხმელნიცკის ორდენი მიიღო, იმ დროსაც ფრონტზე იყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ტაიფუნი“ არმიას დროებით ჩამოშორდა, თუმცა მისთვის სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება რთული აღმოჩნდა და რეზერვისტი ლეიტენანტი ჯარში დარჩა – სამუშაოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების კონტროლის განყოფილებაში.

მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით გაიგეს მისმა თანამშრომლებმა, რომ მშვიდი, თავაზიანი და ჩუმი ბიჭი, რომელიც მათთან მუშაობდა, იყო უკრაინის სახალხო გმირი და ომის მეორე ჯგუფის შშმ პირი.

ვასილ ტარასიუკი, იგივე „ტაიფუნი“, უკრაინის სახალხო გმირი/ფოტო:Armyinform

უკრაინის სახალხო გმირის, ვასილ ტარასიუკის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform”-ი ავრცელებს. გამოცემა მასალებს სამხედრო ოპერაციების ჩანაწერების, ჯარისკაცების მონათხრობისა და ამბის მთავარ გმირებთან ინტერვიუების მიხედვით ამზადებს.

  • „ტაიფუნი“ ტანკის პირისპირ

2016 წლის ერთ დილას „ტაიფუნი“ თავისი საჯარისო ნაწილის ირგვლივ აკვირდებოდა სიტუაციას. ასეთ დროს მტრის საარტილერიო თავდასხმები იშვიათი იყო, თუმცა აშკარად იგრძნობოდა, რომ რუსული მხარე რაღაცისთვის ემზადებოდა. თავდაცვის ხაზი მოულოდნელად დაიკავეს ნაღმმტყორცნებმა. მათ უკან კი მალევე გამოჩნდა რუსული T-72, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა დანაყოფის დამცავ სიმაგრეს.

რუსული მხარე ყოველ ღამით ესხმოდა თავს დანაყოფს და უნადგურებდა საბრძოლო საინჟინრო კონსტრუქციებს. ამ აფეთქებებისას დაიჭრა „ტაიფუნის“ სამი მეგობარი და თანამებრძოლი.

თუმცა ვასილმა მეზობელი ასეულის ჯარისკაცებთან და ბატალიონის ყუმბარმტყორცნთა ოცეულთან ერთად მტერს სამაგიერო გადაუხადა. ზუსტად გამოთვალეს ტანკის გადაადგილების მარშრუტი და სწორ დროს გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც რუსული ტანკი ჯართად იქცა.

მალე ახალი ძალა გამოჩნდა, რომელიც დღისით, მზისით ესროდა დანაყოფს. ლეიტენანტი უახლოეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს მივარდა, ნაღმის ნამსხვრევებმა მას ოპტიკური სათვალთვალო სისტემა დაუზიანა, მაგრამ მექანიკური ნაწილი მაინც მუშა მდგომარეობაში დარჩა.

„ტაიფუნმა“ როგორღაც მოახერხა და მიზანში ამოიღო ტანკი, რუსულმა T-72-მა ვასილიც მარტივად ამოიღო მიზანში მცირე მანძილზე.

ერთხანს ვასილი და რუსული ტანკი ერთმანეთს რიგრიგობით ესროდნენ, რაღაც მომენტში კი ერთდროულად გაისროლეს. ტანკი შავ კვამლში გაეხვა, ვასილი კი აფეთქების ტალღისგან ტყეში, ათი მეტრის მანძილზე გადავარდა. ყველა ძვალი და კუნთი სტკიოდა, მხოლოდ იმის დანახვა მოასწრო, რომ ზედ დააცვივდა გარღვეული ტომრები, საიდანაც ქვიშა ცვიოდა. მერე კი გონება დაკარგა.

  •  „ტაიფუნს“ ყველა ჩვენგანი ჯოჯოხეთშიც ჩაჰყვება

მხოლოდ ამ ბრძოლების გამო არ მიუღია „ტაიფუნს“ გმირის წოდება. ოცეულის მთავარი სერჟანტი სერგეი, მეტსახელად „კაშეი“ კარგად იცნობს ვასილს და გამოცემა „Armyinform“-თან ჰყვება:

„ვასილი ბევრჯერ დაიჭრა და რამდენჯერმე კონტუზია მიიღო, ის დაწვას გადარჩა, მისი ტანკი კი ნაღმზე აფეთქდა, სროლების შემდეგ ორჯერ თითქმის მიწიდან ამოვთხარეთ.

ავდეევკასთან რვათვიანი ბრძოლების შემდეგ ჩვენი დანაყოფიდან „ტაიფუნს“ ყველა ჯოჯოხეთშიც ჩაჰყვება. ჩვენი დანაყოფის ბევრი მებრძოლი სწორედ მისი წყალობით გადარჩა.

წელს ზამთრის ბრძოლებში იძულებული გავხდით ჩვენი მებრძოლები საკუთარი პოზიციებიდან სხვაგან გადაგვესროლა, რადგან რეალური საფრთხის მოლოდინში ვიყავით. დასამალი არსად იყო, თხრილები რუსი ჯარისკაცებით იყო გადავსებული და შტურმისთვის ემზადებოდნენ. 26 გრადუს ყინვაში წვიმასავით დაგვდიოდა თავზე ნაღმები და ჭურვები.

მეგონა, რომ ლოცვა დავიწყებული მქონდა, მაგრამ ერთ საათში ყველა გამახსენდა და დავიწყე ხმამაღლა კითხვა. შიშისა და სიცივისგან ერთდროულად ვკანკალებდით, ვასილი კი მშვიდად ხელმძღვანელობდა ბრძოლას“.

თხრობას ასმეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი რომანი აგრძელებს.

„2023 წლის იანვარ-თებერვლის ბრძოლებს, ჩემი აზრით, ჩვენთვის პრინციპული და ტაქტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენმა ბატალიონმა და დანაყოფმა არამხოლოდ აჯობა მტერს, არამედ ჩაშალა მათი შეტევა ავდეევკას მიმართულებით.

„ტაიფუნის“ მიერ განსაზღვრული ახალი პოზიციების წყალობით ჩვენ ოკუპანტებს ერთდროულად ორ მიმართულებაზე ჩავუკეტეთ იარაღისა და აღჭურვილობის მისაწოდებელი გზები.

ამავდროულად მოვახერხეთ იასინოვაცკაიას საგზაო კვანძის კონტროლი. „ტაიფუნი“ არამხოლოდ მონაწილეობდა ყველა ოპერაციის დაგეგმვაში, არამედ ხელმძღვანელობდა სამხედრო წესრიგს ოპერაციების დროს“, – იხსენებს ვასილის თანამებრძოლი.

ვასილი ტარასიუკი, იგივე „ტაიფუნი“,უკრაინის სახალხო გმირი თანამებრძოლებთან ერთად /ფოტო:Armyinform

2023 წლის თებერვალში, მძიმე ბრძოლების დროს ის ისევ დაიჭრა ფეხებში, ნაღმის ფრაგმენტებით, რის შემდეგაც ერთი თვე მაინც არ დაუტოვებია სანგარი, რადგან დანაყოფების შეტაკების წინა ხაზზე იყვნენ და თითოეულ ჯარისკაცს ოქროს ფასი ჰქონდა.

თანამებრძოლები არწმუნებდნენ, რომ სამკურნალოდ წასულიყო, რადგან ცალ ფეხს უკვე ვეღარ ეყრდნობოდა“.

„უკრაინის გმირის ოქროს ვარსკვლავის ორდენი“ 2017 წლის 23 აგვისტოს მიიღო „ტაიფუნმა“. შემდეგ კი, 2022 წლის 18 აგვისტოს მიიღო უკრაინის საზოგადოებრივი ჯილდო და წოდება: უკრაინის სახალხო გმირი.

ვერავინ იფიქრებდა, რომ „ტაიფუნი“ ისევ ფრონტზე დაბრუნდებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო. თუმცა ის ისევ შეუერთდა მშობლიურ დანაყოფს და დღემდე დონეცკის რეგიონში იბრძვის „Чорні запорожці“-ის ერთ-ერთ ქვედანაყოფში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: