მთავარი,სიახლეები

სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

20.09.2022 • 6406
სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები.

ავთანდილის 4 შვილი სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს – როცა სოფელში მცხოვრები ოჯახი მცირე მიწას ფლობ და 6 შვილი გყავს, ცხოვრება რთულია. „700 კვადრატი მიწის მეტი არაფერი არ გამაჩნია. 8 სულიანი ოჯახი სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. როგორ ირჩენ თავს და იკვებები?“, – გვეკითხება ავთანდილ შაინიძე.

ავთანდილი გვიყვება, რომ სკოლისთვის მოსამზადებლად და ტანსაცმელ-ფეხსაცმლის შესაძენად შვილები ბათუმშიც კი ვერ წაყვანა.

„იმიტომ ვერ წავიყვანე, რომ მგზავრობის ხარჯია. ერთ დღეზე ვერ ასწრებ. იქ ჭამა, ღამის გათევა გინდა. ეს ყველაფერი თავიდან ავარიდე.

260 ლარი ნისიად ავიღე და 500 ლარი ხელზე მივეცი გამყიდველს. წარმოიდგინეთ, 4 ბავშვს 760 ლარში რომ ჩაატევ, როგორ ტანსაცმელს შეიძენ.

წინდა, მაისური, პერანგი და შარვალი ვუყიდე შვილებს და რა ვიცი… ასეა ცხოვრება, გაწამებული და გაწვალებული ვართ“, – გვითხრა ავთანდილმა და დაამატა, რომ ვალების დაფარვას ნელ-ნელა აპირებს, სოციალურ დახმარების თანხას გაანაწილებს.

„ერთი შვილი, პატარა, მესამე კლასელია, ბათუმში მიმავალს „მარშუტკასთან“ ჩამყვა, გამაცილა. დამაბარა მე ეს ნივთები მჭირდებაო, მაგრამ შესაძლებლობა რომ არ იყო, რაც მთხოვა იმის მესამედიც ვერ მოვუტანე და რაც წამოვიღე ისიც ნისიად“, – გვიყვება ავთანდილი.

შაინიძეების ოჯახი

ავთანდილმა გვითხრა, რომ 2 უმცროსკლასელი შვილისთვის ჩანთების ყიდვა ვერ შეძლო და ამიტომ ისინი წინა წლებში ნაყიდ ჩანთებს გამოიყენებენ, 2-ს კი უყიდა, რადგან მათი ძველი ჩანთები აღარ ვარგოდა.

ავთანდილი გვიყვება, რომ ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, რომელიც იაფად იყიდა, მალევე ფუჭდება. თავადაც უნდოდა ხარისხიანი ნივთების შეძენა შვილებისთვის, თუმცა ამის უფლება ვერ მისცა საკუთარ თავს.

ამბობს, რომ გამყიდველს, რომელთანაც სასკოლო სამოსი ნისიად შეიძინა, იცნობდა და ამიტომაც დაითანხმა თანხის ნაწილი-ნაწილ გადახდაზე.

ის ბათუმიდან რვეულებისა და კალმების გარეშე დაბრუნდა შინ.

„აგერ სოფელში მეზობელს აქვს მაღაზია და იმას გამოვართვი რვეულები და კალმები ბავშვებისთვის ნისიად. აქამდე სოფლის მაღაზიაშიც არ იყო და გუშინ ამოვუტანე გამოთვლით – თითოს 6 რვეული და ორ-ორი კალამი.

ფლომასტერი, სახატავი რვეული, ფერადი ფურცლები ჩვენთან არ არის მაღაზიაში. რაიონში, ან ქალაქში უნდა ჩახვიდე მსგავსი ნივთებისთვის. მასწავლებელმაც რომ მოსთხოვოს ეს ნივთები, ვერ ვუყიდი“, – გვეუბნება ავთანდილი.

ავთანდილის უფროსმა შვილმა სალომემ სკოლა გასულ წელს დაამთავრა და სამართალზე უნდა ისწავლოს. „წელს უნდოდა მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, მაგრამ ფული არ გვქონდა. სულ ჩამოგვრჩა [სალომე]. ახლა მეორე შვილია აბიტურიენტი, მას საზღვაოზე უნდა ჩაბარება. სწავლობს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე, მაგრამ სოფლის ცხოვრება და გაჭირვება არ გვიწყობს ხელს“, – გვითხრა ავთანდილმა და დაამატა, რომ „ინტერნეტის უქონლობაც აისახება ბავშვების სწავლის ხარისხზე. ინტერნეტი რომ გქონდეს სახლში და ტელეფონები, უფრო მეტს გაიგებენო“.

მამა გვიყვება, რომ მის შვილებს სკოლა ძალიან უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ხშირად გაყინულები ბრუნდებიან სახლში. წაბლანის სკოლა მეწყერსაშიშ ზონაშია, ამიტომ ბავშვებს მეზობელი სოფლის სკოლაში უწევთ სიარული – მართალია ტრანსპორტი ემსახურება ბავშვებს, მაგრამ სახლში დაახლოებით 6-7 საათისთვის ბრუნდებიან, ზამთარში კი ამ დროს ძალიან ცივა.

ავთანდილის შეფასებით, თავის ცხოვრებაში ვერაფერი შეცვალა სასიკეთოდ, მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ შრომობს: „გათენდება – ძროხებს უნდა მიხედო. შემდეგ შვილებს უნდა მიუბრუნდე, სკოლაში გააცილო. ბოსტანია, ყანაა, ოჯახის სხვა საქმეებია. უცებ ღამდება, უცებ თენდება. აქ ყველა დღე ერთი და იგივეა, საქმეც ერთი და იგივეა. მესაქონლეობასა და სამეურნეო საქმიანობაში შვილებიც არიან ჩართულები. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

ბავშვები თვითონაც ხვდებიან, რომ ჩვენს ოჯახს ბევრის შესაძლებლობა არ აქვს. მე მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ და დიდ დატვირთვას ვერ ვუძლებ. მარჯვენა ხელზე მხოლოდ ერთი თითი მაქვს შემორჩენილი“, – გვითხრა ავთანდილმა.

„ჩვენი ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ეს არის ჩვენი საჭმელიც, სასმელიც, ქუდიც და საბანიც. დანარჩენი არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. მეექვსე შვილი, სანამ ერთი წლის გახდებოდა 180 ლარს ვიღებდით – „მრავალშვილიანი ოჯახი ხართო. მაგრამ მეტი დახმარება დიდი ხანია არ დამინახია“.

შაინიძეების ოჯახის სათიბი ჭალა, სადაც ხეხილიც ჰქონდათ, მეწყერმა წაიღო. ავთანდილმა დასახმარებლად მერიას მიმართა, ამბობს, რომ არ დაეხმარნენ.

„ეს ტერიტორია საკარმიდამოში მეწერა, იხვნებოდა და ითესებოდა. მთელი ხეხილი იქ იყო, ყველაფერი წაიღო და ჩვენ მთავრობისგან პასუხი ეგ მივიღეთ, რომ იქ სახლი არ იყო და არაფერი არ გეკუთვნითო. მეტი აღარაფერი აღარ გამაჩნია, ამ შუაგულ წაბლანაში მე რა გავაკეთო“, – გვეუბნება ავთანდილი.

ავთანდილის თქმით, წაბლანაში პირუტყვის საძოვრებიც არ აქვთ, ამიტომ ვერც მესაქონლეობას მისდევენ.

„ჩვენი შვილების გულგასახარი ცხოვრება არა მგონია დღეს რომ დატრიალდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია და ვერც დავიჯერებ, რომ წაბლაში რამე იშოვოს ადამიანმა და შვილს გული და სული მოუგოს, სურვილები შეუსრულოს“, – წუხს ავთანდილი.


დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხოთ:

GE91BG0000000537950017 – თამაზ შაინიძე (ოჯახის ნათესავი), საქართველოს ბანკი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: