მთავარი,სიახლეები

„ბუჩას მკვლელების“ ბრიგადამ შემადგენლობის 90%-ზე მეტი დაკარგა – გენშტაბი

18.09.2022 • 2892
„ბუჩას მკვლელების“ ბრიგადამ შემადგენლობის 90%-ზე მეტი დაკარგა – გენშტაბი

90%-ზე მეტი დაკარგა რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელმაც ოკუპირებულ ბუჩში უკრაინელები აწამა და დახოცა – ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

საუბარია ლიკვიდირებულებზე, დაჭრილებზე, დეზერტირებსა და მათზე, ვინც შემდგომ ბრძოლებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ დაკარგა თავისი შემადგენლობის 90%-ზე მეტი – მოკლულების, დაჭრილების, დეზერტირებისა და საომარი მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შედეგად“, – იუწყება გენერალური შტაბი.

ივლისში ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ბუჩეში ჩადენილი სისასტიკის დასამალად, კრემლს შეეძლო ამ ბრიგადის სრული განადგურება.

ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ბევრ დასახლებასა და ქალაქთან ერთად თავს დაესხა კიევის რეგიონს – რუსეთის ჯარებმა მათ შორის დაიკავეს ქალაქი ბუჩა.

აპრილის დასაწყისში ბუჩა მტრისგან გათავისუფლდა, მაგრამ ქალაქში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები, რომლებშიც ასობით ადგილობრივი მცხოვრები იყო დამარხული. დაღუპულთა ცხედრებზე ძალადობის კვალი დაფიქსირდა.

ბუჩას ქუჩებში დახვრეტილი მოქალაქეების ცხედრები იყო მიმოფანტული, მათ შორის იყვნენ ქალებიც, ბევრი მოკლულის დაწვაც სცადეს.

მოგვიანებით, ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე მოკლეს, გააუპატიურეს ბავშვები და მოზარდები, უკრაინა დღემდე პოულობს ნაწამები ადამიანების ცხედრებს.

ქალებისა და გოგოების ჯგუფი 25 დღის განმავლობაში სახლის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. 9 მათგანი ახლა ორსულადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის „გმირობა და სიმამაცე“ აღნიშნა – მოძალადეების, მარადიორებისა და მკვლელების ბრიგადას „გვარდიელები“ უწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: