ნეტგაზეთი • RU

როგორია ზღვის წყლის ხარისხი აჭარის პლაჟებზე – ბოლო კვლევის შედეგები

აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი – ქობულეთში.

ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში ამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს:

• ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები
• ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [საერთო კოლიფორმული ბაქტერიები]
• კოლიფაგი
• ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss]
• ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus aureus]
• პათოგენები საერთო [მათ შორის, სალმონელა]

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, 1 ლიტრ ზღვის წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაქსიმალური დასაშვები ნორმა არის 10 000, ხოლო ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირების დასაშვები ნორმა – 5 000.

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ივლისის თვის ბოლოს აღებული ზღვის წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი ასეთია:

  • ბათუმის ცენტრალურ პლაჟთან – 2 400 [ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები] და 620 [ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები]

შესაბამისად, სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლები:

  • სარფის პლაჟთან – 500 და 230
  • კვარიათის პლაჟთან – 620 და 230
  • აკვაპარკის მიმდებარედ [ბათუმი] – 2 400 და 500
  • ბარცხანის პლაჟთან [ბათუმი] – 2 400 და 620 ლაქტოზა
  • მწვანე კონცხთან [ბათუმი] – 7 000 და 2 400
  • ბობოყვათში [ქობულეთი] – 7 000 და 1 300
  • ქობულეთის ცენტრალურ პლაჟთან – 2 100 და 620

ნუგზარ პაპუნიძის თქმით, სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც ყველგან არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება საერთო პათოგენებს [მათ შორის სალმონელას]: „ეს ვირუსების გამომწვევი ბაქტერიებია და საერთოდ არ უნდა აღმოჩნდეს წყალში. ლაბორატორიული კვლევებით, არც აღმოჩენილა“.

„როცა აგვისტოში შედარებით თბება წყალი, მაჩვენებლები იცვლება – ბაქტერიების ცხოველმყოფელობა აქტიურდება და წყალიც შედარებით მღვრიე შეფერილობას იღებს. ვფიქრობთ, რომ უკვე პიკს აღწევს ზღვის წყლის ტემპერატურა, ოდნავ შეიძლება მოიმატოს მაჩვენებლებმა, თუმცა, ამ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, ალბათ არც მივუახლოვდებით მაქსიმალურად დასაშვებ ნორმასაც კი. ბაქტერიების რაოდენობა წყალში განსაკუთრებით დღის 12 საათიდან იზრდება, საღამოს, როცა ტემპერატურა იკლებს, ზღვის ხარისხი უტოლდება იმ მდგომარეობას, რაც დილითაა“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

კვარიათის პლაჟი

ნუგზარ პაპუნიძის თქმით, მიმდინარე წელს და არც ბოლო წლებში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმასთან შედარებით გაუარესებული არ ყოფილა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, ეს მაჩვენებელი გაუარესდა. „ასეთ დროს მონაცემები უნდა გადავუგზავნოთ მუნიციპალიტეტს; ისინი გადაუგზავნიან ჯანდაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც ხელახლა გადაამოწმებენ წყლის ხარისხს ლაბორატორიულად. თუ აღმოჩნდა, რომ მაჩვენებლები დასაშვებ ნორმას აჭარბებს, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ბანაობის აკრძალვა-არაკრძალვაზე, ოღონდ, კონკრეტულ მონაკვეთში და არა მთლიანი სანაპიროს გასწვრივ. თუმცა ასეთი ფაქტები არ ყოფილა.“

ზღვაში სინჯებს იღებენ შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ე.წ „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟის ტერიტორიები, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ 2 წერტილი – სულ 8 წერტილი.

აპრილიდან აგვისტომდე სულ 64 სინჯი იქნა აღებული, პროცესი ნოემბრამდე გაგრძელდება.

აჭარის სანაპირო ზოლში არის ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალული ან არარეკომენდებულია, თუმცა არა ზღვის წყლის ხარისხის, არამედ ტექნიკური მიზეზების გამო [სასაზღვრო ზოლი, მდინარის შესართავი, ნაპირსამაგრი ნაგებობები, კლდოვანი სანაპირო, პორტის აკვატორია].

ამ და სხვა დეტალებზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ზღვის წყლის ხარისხს წელსაც გააკონტროლებენ – უსაფრთხო ბანაობა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com