მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს თბილისიდან ჩამოსული ლილი დიმში, სოფლის მაშენებელ ქალებთან ერთად

27.07.2022 • 2814
როგორ ცხოვრობს თბილისიდან ჩამოსული ლილი დიმში, სოფლის მაშენებელ ქალებთან ერთად

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი,  ილიაუნის და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ლილიმ ერთი წლის წინ დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი მშობლიური ოდა „ნინოსეული“.

ლილის მიზანი „სოფლის შენებაა“, რაც მისთვის სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებით იწყება. ლილი „ბათუმელებთან“ სოფელში გადასახლების ერთი წლის ამბებს ჰყვება: რას აკეთებს, როგორ ეხმარება ქალებს, რა მოასწრო ერთი წლის განმავლობაში და რას გეგმავს სამომავლოდ, როგორ უყურებენ მის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას სოფელში და ა.შ.

  • ლილი ფულარიანი

კი, ასეა. ჩემი სოფელში დაბრუნების მიზანი აქ მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი გააქტიურება, დახმარებაა. ციფრული ტექნოლოგიები ჩემი პროფესიაა და მინდა ეს საქმე მათ სამსახურში ჩავაყენო, ცოდნა, უნარები გავაზიარო და რითაც შემიძლია აქაურობას დავეხმარო.

გადმოსვლისას მინდოდა TEDx-ის პლატფორმა დაგვეარსებინა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა რომ გაჩენილიყო. პანდემიამ ეს გეგმა ჩაშალა და ვერ გავრისკეთ ბევრი ხალხის ერთად შეკრება ამ რთულ დროში.

მერე გაჩნდა სოფლის სახლის რესტავრაციის იდეა და ხის ძველ ოდას ვაახლებ, რაშიც ჩემი და მეხმარება. მინდა ქალებისთვის ეს სახლი „საკუთარი ოთახი“ იყოს, სადაც ფემინისტურ თემებზე ვისაუბრებთ, იდეებს პროექტებად ვაქცევთ და ერთგვარ საგანმანათლებლო სივრცეს შევქმნით, ერთმანეთის იდეებს მხარს დავუჭერთ, სურვილების რეალობად ქცევის გზებს ერთად მოვძებნით.

ლილის 120 წლის ოდა „ნინოსოული“ სოფელ დიმში

სოფელსაც ხომ აქვს ურთიერთდახმარების დაუწერელი ტრადიცია: თუ ბევრი სტუმარი გყავს, მეზობელი მოდის და გეკითხება: ჭურჭელი, თეფშები გყოფნის სტუმრებისთვის? ყველა მოთავსდება შენთან? ზოგი თუ გინდა ჩემთან მოვასვენოთ და ა.შ. გვინდა ეს ურთიერთდახმარების ტრადიციები კიდევ სხვა სიმაღლეზე ავიყვანოთ.

დიმელი ქალები, ნინო, ლილი და თამუნა, სხვა თანასოფლელებთან ერთად იმერული სოფლის, და არამარტო, კეთილდღეობისთვის მოხალისეობრივად შრომობენ.

ხშირად ქალებს სოფლად აქვთ მეურნეობა, მაგრამ ნაკლებად აქვთ წარმოდგენა, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, ან აქვთ ერთი პროფესია, მაგრამ სოფელში არ არის ამ პროფესიით დასაქმების შანსი და სჭირდებათ სხვა მიმართულებით ცოდნის შეძენა. საქართველოში უწყვეტი სწავლის კულტურა არ გვაქვს: ამთავრებ სკოლას, უნივერსიტეტს და საქმდები. აქ წყდება სწავლის ციკლი ძირითადად. ამის იქით საგანმანათლებლო პროცესი მთავრდება.

მივხვდი, რომ სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო აქტივობა გვჭირდებოდა. ფონდ „ტასოს“ სააპლიკაციო ფორმა შევავსე, შემდეგ ეს ფონდი ჩამოვიდა ჩვენს სოფელში, ცამეტმა დიმელმა ქალმა მოისმინა მათი სემინარები. მერე მათგან სამმა ქალმა ხუთი ათას ლარამდე მცირე გრანტიც მიიღო. ერთმა საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად, მეორემ მარნის და მეღვინეობისთვის, მესამემ ფერმერობისთვის.

ვმუშობდი მაღაზიაში soplidan.ge, სადაც თავი მოვუყარეთ ინდივიდუალურ მეურნეებს, მწარმოებლებს სოფლებიდან და მათი პროდუქტი სოფლებიდან ქალაქში ჩადის, შეკვეთა ონლაინაცაა შესაძლებელი. ვებგვერდზე soplidan.ge შესაძლებელია თითოეული პროდუქტის მწარმოებლის ფოტოებისა და მეურნეობის ისტორიის ნახვა.

დიმის პროდუქტი ამ ონლაინ პლატფორმაზეც იყიდებოდა და შემოდგომაზე ისევ შეძლებენ ადამიანები თბილისსა და ქუთაისში დიმელი ქალების მიერ წარმოებული პროდუქტის შეძენას.

ვებგვერდი, სადაც დიმელი ქალების პროდუქტი იყიდება

ახლა ძირითადად ჩემი სოფლის გაძლიერებაზე ვმუშაობ და ხშირად მსაყვედურობენ, კარგი იქნებოდა მთელ ბაღდათზე ვრცელდებოდეს შენი საქმეებიო, მაგრამ მე მოხალისე ვარ. ყველაფერს მოხალისეობრივად ვაკეთებ და რთულია მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა შიშველი ხელებით.

სოფელში ხშირად არ სჯერათ საზოგადოებრივ საქმეში მოხალისეობის. არ არსებობს ამის პრაქტიკა. სოფელში მეზობელი მეზობელს შეიძლება დაეხმაროს მოსავლის აღებაში უსასყიდლოდ და ესეც მოხალისეობაა, მაგრამ ამის მიღმა მოხალისეობის პრაქტიკა საერთო საქმეში არ არსებობს.

სამმა გოგომ კინოთეატრის გაკეთება რომ მოვინდომეთ და ფულის შეგროვება დავიწყეთ მოხალისეობრივად, არავის სჯეროდა, რომ შევძლებდით. ზოგი იმასაც გვეუბნებოდა, ერთი ნეტა თქვენ, როგორმე კინოთეატრის გარეშეც გავძლებთო. არ სჯეროდათ არც ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს იდეის: ვის რად უნდა დიმში ღია კინოთეატრიო, მეუბნებოდნენ.

რომ შეგროვდა თანხა და მიზანსაც მივაღწიეთ, მერე ყველას ყველაფერი მოეწონა.

კინოთეატრი სოფელ დიმში

„ნეტა რა უნდათ ამათ?“ – ასეც ხშირად გვიყურებენ ხოლმე სოფელში აქტიურ ქალებს და უკვირთ, რატომაა ჩვენი ძალისხმევა მიმართული ქალთა გაძლიერებაზე. არ მეზარება და ყველას სათითაოდ ვუხსნი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს შორის ქალები ნაკლებად არიან. მოხალისეობრივი საქმიანობები სწორედ მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა იყოს მიმართული, რადგან ქალებს გააქტიურების გზაზე გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ საქართველოში, ვიდრე კაცებს.

გარდა ამისა, პირად ნიუანსსაც ვახსენებ, რატომაა ქალების გაძლიერების იდეა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი: შინაგანად დიდი პროტესტი მაქვს. დედაჩემი ჩემს ბავშვობაში საზღვარგარეთ წავიდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. ნახევრად დედის გარეშე გავიზარდე. არ მინდა სხვა ბავშვებმაც გამოცადონ დედის ემიგრაცია.

მომავალზე ვსაუბრობდით მე და ერთი ჩემხელა გოგო. ჩემი შვილები სკოლას რომ დაამთავრებენ, მეც უცხოეთში მომიწევს წასვლაო, მითხრა. ცივი წყალი გადამესხა. ჩემხელა გოგო ამბობდა ამას. დედაჩემის მომდევნო თაობაც სოფლიდან უცხოეთში მომვლელად გადახვეწისთვისაა განწირული და არაფერი იცვლება.

ხშირად მეუბნებიან, აქ რა გინდოდა, სადმე თბილისთან ახლოს გაგეკეთებინა რამე პროექტებიო. ვფიქრობ, აქ, სადაც უკვე ნდობა მაქვს მოპოვებული, სადაც გავიზარდე და სადაც მიცნობენ – აქ უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რაც სოფლისთვის მომაქვს.

ორმაგ შრომაში ვარ ჩაბმული. დილის ცხრა საათიდან საღამოს ოთხამდე სახლის საქმეებს ვაწესრიგებ, ოჯახის წევრებს ვუვლი, ოთხი საათიდან ონლაინლექციებს ვატარებ და ხანდახან ღამის ორამდე ვუზივარ ლეპტოპს, რომ ყველაფერი მოვასწრო.

ინტელექტუალურ შრომაშიც ვარ ჩართული, ციფრულ ტექნოლოგიებს ვასწავლი სტუდენტებს დისტანციურად და სოფლის შრომასაც ვეწევი.

უცნაურია, რომ როცა ასე თუ ისე შემდგარი ქალი ხარ, გიყურებენ როგორც უპრობლემო, მოსვენებულ ადამიანს, სინამდვილეში კი ამის უკან ქანცგამწყვეტი შრომა დგას.

როგორი მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, დილას მაინც ახალი მიზნებით და იმედებით ვიღვიძებ. მგონი ეს დაუძლეველი ოპტიმიზმი წყევლასავითაა.

განტვირთვა ჩემთვის სოფლის ქალებთან ერთად ახალი იდეების დამუშავება, საერთო საჭიროებებზე საუბარი, დისკუსიები და შეხვედრებია. რახან მეგობრებთან შეხვედრას ვერ ვახერხებ, საერთო საქმით გაერთიანებული ერთგვარი ამხანაგობა იქცა ჩემს სამეგობრო წრედ და თანამოაზრეთა სივრცედ.

სამაგისტრო ნაშრომში სოფლად მცხოვრებ ქალებთან დაკავშირებული ერთი პატარა კვლევა მქონდა, ძირითადად დიმში ჩავატარე გამოკითხვა და ქალების უმრავლესობამ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ აქტიურობენ ქალები საზოგადოებრივ ასპარეზზე თუნდაც მაშინ, როცა უმაღლესი განათლებაც აქვთ და პროფესიაც.

ქალების უმრავლესობამ თქვა, რომ აქ აქტიურ ქალებს პირდაპირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ეძახიან. ქალებს პირადი ცხოვრებით აკონტროლებენ და აქტიურ ქალებს ხელის შემშლელებად მოიაზრებენ, რომლებიც მათ საქმეებში ერევიან.

ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის.

ქალები ამბობდნენ, რომ სოფლის კრებაზე წასვლა და რაღაც საკითხის დასმაც კი, პრობლემური ამბავია. შეიძლება ჩვენ არავინ არაფერი გვითხრას, მაგრამ მამას ეტყვიან ან ქმარს: არ გრცხვენია შენი შვილი კაცებთან რომ დგას და რაღაც საქმეებს განიხილავსო?

ეს მაგალითები და ამბები ჩემთვის სახეში სილის გაწვნასავით იყო: რეებზე ვფიქრობ, რას ვგეგმავ და რა რეალობა დგას.

წარმოგიდგენიათ? ქალები სახლიდან ვერ გამოდიან – შეიძლება მათ ამის გამო ხელით არ შეეხონ, მაგრამ იმდენად მძიმე ტვირთია „ცუდი გოგოს“ იარლიყი, რომ ბევრს წინააღმდეგობის გაწევა არ სურს.

როცა სოფელში ცხოვრობ და გინდა პატივს გცემდნენ „კარგი გოგოს“ სტატუსი უნდა გქონდეს. „კარგი გოგოობა“ კი აქტიურობას გამორიცხავს.

შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ქალის როლი შევითავსე სოფელში. რაც უნდათ ის მეძახონ-მეთქი, ეს პოზიცია მაქვს ყველასთან.

ჩემთვის სულერთია, ვინ რას იფიქრებს ჩემზე. განათლებამ მომცა ეს თავისუფლება. რაღაცებს რომ სწავლობ და იკვლევ, მერე კიდევ მეზობელ ნარგიზას უნდა დაუჯერო ან ჯემალს, რომ ლილი სწორად არ იქცევა?

ქალებმა დიმში დაინახეს ჩემი ეს დამოკიდებულება. დაინახეს, რომ შემიძლია ვიყო სოფელში და თან არ მაინტერესებდეს სხვები ჩემზე რას ამბობენ. დაინახეს, რომ ამით ჩემს „კარგ გოგოობას“ არაფერი აკლდება, მათაც მიეცათ ძალა.

ეს ერთიანობა ბევრს ნიშნავს, ჩვენ ვართ ქალების ამხანაგობა, ვისაც არ ეშინია თუნდაც გიჟურ იდეებზე საუბრის, ვიცით ამ ამხანაგობაში, რომ ყველა ყველას მხარს დაუჭერს, მოუსმენს და გაითვალისწინებს მის გეგმებს, სურვილებს.

ჩვენთვის გიჟური იდეა არც არსებობს, ნებისმიერ რეალურ იდეას ვწერთ პროექტად, მერე განხორციელების დროს გავწერთ და მთელი წელი ასეთი იდეები გვაქვს გაწერილი პროექტებად.

ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი იდეაა სოფელ დიმის გაციფრულება.

რა საინტერესო ადგილიც კი არსებობს დიმში, უნდა აღვნუსხოთ რუკაზე ციფრულად და მათზე ინფორმაციაც დავიტანოთ გუგლში. ზოგ მარანს, მაგალითად, საკუთარი გვერდიც არ აქვს, ან საოჯახო სასტუმროს.

ძალიან კარგი ღვინის საოჯახო მარნებია დიმში და გვინდა ყველა მათგანს დავურეგისტრიროთ ობიექტები გუგლში და ტრიპედვაიზერზე, ისე, რომ ყველაფერი იძებნებოდეს მათ შესახებ.

ციფრული ტექნოლოგიებია ჩემი პროფესია და ამ ხალხს შემიძლია გამოვადგე. საოცარი მარნებია დიმში: 200 წლის საწნახელი რომ აქვთ მაგალითად და ისევ ამ საწნახელში რომ წურავენ საოჯახო ღვინოს.

ძალიან მინდა ბაღდათის მასშტაბით გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსით და მოხალისეობრივად ამას ვერ გავაკეთებთ – სამი დიმელი გოგოს რესურსით.

ჩვენი მიზანია, როცა ვინმე იფიქრებს, სადმე სოფელში წავიდოდიო, პირველად დიმი გაახსენდეთ. დიდი მიზნები გვაქვს, ერთ და ორ წელიწადში ვერ ვიზამთ ყველაფერს, მაგრამ ვამბობთ, რომ 10 წელიწადში ეს სოფელი აშენდება.

სოფელში ცხოვრება არ უნდა ნიშნავდეს კულტურული ცხოვრებისა და განათლებისგან მოწყვეტას. ჩვენს მაგალითზე ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ვინც წამოგვყვება ამისგან დიდ ხეირს ნახავს, რადგან ჩვენი მიზანი სოფლის ეკონომიკური გაძლიერებაა, ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია სოფელში ცხოვრება გიხაროდეს. თუ გშია ყველა პრიორიტეტი უკან იწევს.

საზღვარგარეთ წასული ქალების სახლებში მეურნეობაც იშლება – ოჯახის მხოლოდ პირველადი საჭიროებები კმაყოფილება.

ასევე ვგეგმავთ, რომ ძველი ამბები გავაცოცხლოთ: ბებიაჩემის კარ-მიდამოს მაგალითად ერქვა „ნინასოული“: ჩვენი ოჯახის პირველი ფემინისტი ქალი იყო ნინა ბებო ჩემი აზრით. ყველა ქალი უნდა იყოს განათლებული და ჰქონდეს სამსახური, თავისი შემოსავალიო, სულ ამას იმეორებდა ნინა ბებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: