მთავარი,სიახლეები

„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

18.04.2016
„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა.

„იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით  უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე.  მისი თქმით,  ჩამოშლილი მიწა საფრთხეს უქმნის კერძო პირის, ბაგრატ ვერძაძის სახლსაც, რომელიც  გზის ქვემოთ  დგას. „გეოლოგიის დასკვნა არსებობს, რომ  თუ არ გამაგრდება ფერდობი, საიდანაც შეიძლება ისევ მოხდეს მიწის ჩამოშლა, იმ სახლში ცხოვრება სახიფათოა“.

გელა დეკანაძის განცხადებით, ამ წუთებში გზის გასამაგრებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დარღვევით.

„ორი დღეა დაიწყეს სამუშაოები, თუმცა უკანონოდ, რადგან მერიამ ფერდობის წინ  მაღალი კედლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი 23 მარტს გამოაცხადა.  წინა კვირის ხუთშაბათს ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა – „ხობი 2015“.  ბუნებრივია ჯერ საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული არ არის, თუმცა გზის გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

გელა დეკანაძის ინფორმაციით, სამუშაოებს  არა „ხობი 2015“, არამედ სულ სხვა პირი აწარმოებს:

„ვიღაც ინდმეწარმე ირემაძე მისულია ტრაქტორებით. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. არც ნახაზი, არც  რაიმე საგარანტიო. ხელშეკრულება ოფიციალურად არ არის გაფორმებული“.

გელა დეკანაძის თქმით, ამ წუთებში ტრაქტორებს ჩამოშლილი მიწა გააქვთ, შემდეგ კი გზის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  „ნაცმოძრაობის “ წევრის ბრალდებაზე მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: