მთავარი,სიახლეები

რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

21.07.2022 • 14387
რუსები „ჰაიმარსებს“ ვერ მისწვდებიან, ბაზები ხერსონში თითქმის გავანადგურეთ – ვანო ნადირაძე

რუსეთი ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას აცხადებს. რამდენად გამოუვათ ეს და როგორია ბრძოლის სურათი ამ წუთებში უკრაინაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც ხერსონის ოლქში იბრძვის.

  • ბატონო ვანო, წინა კვირას ითქვა, რომ დონეცკიდან ხერსონის მიმართულებით, რუსების სამხედრო მანქანების კოლონა გადაადგილდება, რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე, შეინიშნება სადმე ეს კოლონა?

დონეცკიდან ხერსონამდე ძალიან შორი მანძილია და ასე ადვილად გადაადგილება არ ხდება. თუმცა, მე ასეთი კოლონების შესახებ არ გამიგია.

ცოტა ხნის წინ, გამოვაქვეყნე ხერსონთან, ანტონოვსკის ხიდის ფოტო, რომელიც ისეა დაზიანებული, მსუბუქი მანქანა თუ გაივლის, თორემ ტანკები იქ ვეღარ გადაადგილდებიან.

  • ეს სტრატეგიული ხიდია?

დიახ, სტრატეგიულია. ასევე, მეორე ხიდია ნოვა კახოვკასთან და ისიც დაიბომბება. „ჰაიმარსები“ უკვე სწვდება და რუსებმა შეიძლება ყულფში გაყონ თავი, რადგან ხერსონის მიმართულებაზე არც ისე დიდი ძალა ჰქონდათ და დახმარებაც რომ გამოიძახონ, ძალიან ძნელი იქნება მიწვდენა.

  • როგორც ვიცით, ამ კვირაში ძირითადი იერიშები რუსულ ბაზებზე იყო. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით რა რაოდენობის იარაღია განადგურებული?

ზუსტ მონაცემს ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეში 30-ჯერ იყო „ჰაიმარსი“  გამოყენებული და ყველა სერიოზული შედეგით. მელიტოპოლის, ნოვა კახოვკის და ლუგანსკის მხარეში, ზურგში ვუნადგურებთ ლოჯისტიკას [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს].

ბაზები რაც ჰქონდათ ხერსონის ოლქში განლაგებული, თითქმის განადგურებულია. იძულებული გახდნენ დაბომბვების შემდეგ უკან გადაეწიათ, სადაც ვერ მიწვდება რაკეტები. უკან გადაწევა იმას ნიშნავს, რომ რუსებს უკვე გაურთულდათ ლოჯისტიკა, წინ ხაზზე ადვილად ვეღარ მიაწვდიან ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტრანსპორტიც ორჯერ მეტი სჭირდებათ, რომ რაღაც ტემპი შეინარჩუნონ.

ფაქტობრივად, ლისიჩანსკის აღების შემდეგ, წინ ვეღარ მოდიან, სანტიმეტრი ვერ გადმოწეულან.

ანტონოვსკის ხიდი

ანტონოვსკის დაბომბილი ხიდი/ფოტო ვანო ნადირაძის facebook გვერდიდან

  • ამ დღეებში ითქვა, რომ აშშ დამატებით მიაწვდის უკრაინას 4 „ჰაიმარსს“, ეს რამდენად შეცვლის შეტევის მასშტაბებს?

როცა ამერიკა ამბობს – „უნდა მივაწოდოთ“, ის უკვე მოწოდებულია. სიტუაცია გამოსწორდა ევროპასთანაც, საიდანაც „ჰაუბიცებს“ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ველოდით. მთავარია ტექნიკა, თორემ, ადამიანური რესურსი უკრაინას საკმარისი აქვს.

  • რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ „ჰაიმარსებზე“ ნადირობას იწყებენ. როგორ ფიქრობთ, მოახერხებენ მათ განადგურებას?

ნული შანსი აქვთ. წარმოიდგინეთ, 70 კილომეტრი სიღრმიდან რომ გირტყამს ტექნიკა, რომელსაც ძალიან ბევრი დამცავი სისტემა აქვს, ასევე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც, ამიტომ ძალიან ძნელია, რომ რუსები „ჰაიმარსებს“ მისწვდნენ. შოიგუს განცხადება უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყო გაკეთებული.

მე რასაც აქედან ვუყურებ, რუსების მიერ დაანონსებული მეორე, ე.წ. მძაფრი ფაზა, ნელ-ნელა გაჩერდა. ლისიჩანსკი-სევეროდეცკიზეც შენელებულია მოქმედებები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები უკან და უკან წავლენ.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან და ამით ცდილობენ დაიბრუნონ საბრძოლო იმპულსი, სამხრეთიდან შეუტიოს მისთვის მნიშვნელოვან ქალაქებს – კრამატორსკსა და სლავიანსკს. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ამის დაკავებას?

უკვე ვეღარ უახლოვდებიან, დაზუსტებულ ინფორმაციას გეუბნებით.

  • ბოლო ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი ბრძოლები დონბასში მიდის. რა ტიპის წარმატების მიღწევას ელოდებიან აქ უკრაინელები?

დონეცკთან, ფაქტობრივად მიბმულია ერთი პატარა ქალაქი მარინკა, რომელიც იმდენად მყარად აქვთ გამაგრებული უკრაინელებს, რომ ვერ ეკარებიან რუსები. ძალიან სტრატეგიული ადგილია ეს ქალაქი და ალბათ მარინკის მხრიდან შეუტევენ და წარმატებას მიაღწევენ.

  • თქვენ ახსენეთ ანტონოვსკის ხიდი, რომელიც დაბომბილია და ვერ გადმოვა რუსული ტექნიკაო, კიდევ რა ხიდებია, რომელიც შესაძლოა ამის გამო დაიბომბოს?

საერთოდ, ხერსონის მიმართულებაზე, მდინარე დნეპრი არის ძალიან განიერი. რუსები პონტონური ხიდის [სამხედრო ხიდი] დადგმასაც კი ვერ შეძლებენ, რადგან ამას ტექნიკურად დიდი დრო სჭირდება და თან ეს იქნება ფაქტობრივად ცოცხალი სამიზნე.

გახსოვთ ალბათ, თვენახევრის წინ რაც მოუვიდათ პატარა მდინარის გადმოლახვისას, ეს მდინარე კი იმაზე ოთხჯერ განიერია.

  • რამდენჯერმე ითქვა ყირიმის ხიდის აფეთქებაც. 

კი, არის საუბარი. მას შემდეგ რაც  რუსებმა ვინიცაში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს,  ამერიკელებმა თქვეს, რომ გადმოგვცემენ 300-კილომეტრიანი მანძილის „ჰაიმარსებს“, რაც ყირიმის ხიდს თავისუფლად მისწვდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა ამ ხიდებთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები განალაგეს, მაგრამ „ჰაიმარსს“ ვერ დაიჭერს.

  • პარტიზანებზე რას გვეტყვით, კარგად მუშაობენ?

ხერსონის, მელიტოპოლის და ნოვა კახოვკას მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობენ ჩვენი პარტიზანული ჯგუფები. სწორი კოორდინატები გვაქვს დასაბომბად, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება ხდება ძალიან ზუსტად, ფაქტობრივად ვეღარ გვემალებიან რუსები, ვეღარ მალავენ თავის საწყობებს და ბაზებს.

  • ნიკოლაევის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა უკრაინელებს მოუწოდა, რომ დაეხმარო მოღალატეების გამოვლენაში, იქონია ამ მოწოდებამ გავლენა?

ოკუპირებული ქალაქებიდან ხერსონი ყველაზე პროუკრაინულია. რა თქმა უნდა, ხუმრობანარევი იყო, როცა კიმმა თქვა, 100 დოლარს მივცემთ ყველას, ვინც დაგვეხმარებაო, რადგან ჩვენც კი ზეპირად ვიცით, ვინ არიან აქ კოლაბორაციონისტები და ადგილობრივმა პარტიზანებმა ხომ უფრო მეტი იციან.

  • ყველაზე დიდ წარმატებად ამ კვირაში პირადად თქვენ რას მიიჩნევთ, როგორც მებრძოლი?

ხერსონს, რა თქმა უნდა. ადრე ვთქვი, მაქსიმუმ ათ დღეში გვექნება ხელშესახები წარმატება-მეთქი, აი, რამდენიმე დღე დარჩა კიდევ და ვნახოთ.

  • ხერსონის შემდეგ გეგმაში მარიუპოლის დაბრუნება შედის?

რა თქმა უნდა, ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაზეა საუბარი. საერთოდ კი, ომის დასრულებას შემოდგომის ბოლოს ველოდები, ჩვენი გამარჯვებით. ბევრი არ იზიარებს ჩემს პროგნოზს, – „საიდან ასეთი ოპტიმიზმიო“ – მეხუმრებიან კიდეც. ამხელა ურდოს როგორ ვძლევთ ასე მოკლე დროშიო, მაგრამ ვნახოთ, მე ოპტიმისტი ვარ. რა ვქნა, რაც ვთქვი, ყველაფერი გამართლდა ამ ჩემი ოპტიმიზმით.

  • თქვენ წინა კვირას ამბობდით, რომ რუსეთი ფაქტობრივად მოგუდულიაო და ელოდებოდით ბელრუსიდან მოქმედებების დაწყებას. რა ისმის ამ მიმართულებაზე, ისევ შეინიშნება მოძრაობა ბელრუსის მხრიდან?

ბელარუსიდან რაიმე მნიშვნელოვანს უკვე არაფერს ველოდებით. მე მგონი ეს უფრო მანევრული მოქმედებები იყო. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსები არ აპირებენ ომს.

რუსულ ჯარშიც შეინიშნება დემოტივაცია, რადგან უკრაინელმა იცის, რომ თავის სახლს იცავს, იმ რუსმა კი იცის, რომ პუტინისთვის უნდა იომოს და თავი შეაკლას. ამიტომ ვერ უშველის რუსებს მობილიზაცია. მოსმენებსაც ვაწარმოებთ და ვიცით, რა განწყობაა რუსულ ჯარში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: