მთავარი,სიახლეები

ფსიქოლოგიურ ცენტრს ქუთაისში, სადაც შშმ ბავშვებს ეხმარებიან, მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს

13.07.2022 • 10071
ფსიქოლოგიურ ცენტრს ქუთაისში, სადაც შშმ ბავშვებს ეხმარებიან, მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს

ქუთაისში მდებარე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის – „ღია სახლის“ ბენეფიციარები და თანამშრომლები დღეს შენობაში მეზობლებმა არ შეუშვეს.

ცენტრი „ღია სახლი“ ფსიქოლოგიურ სერვისებს სთავაზობს შშმ ბავშვებს, ცერებრალური დამბლის, აუტისტური სპექტრის, განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაწეულ მომსახურებაში ბენეფიციარებს თანხის გადახდა არ უწევთ –  ცენტრს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ქუთაისის მერია აფინანსებს.

„რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩვენს ცენტრს – „ღია სახლს“ საერთო შესასვლელი ეზო აქვს. დილის ცხრა საათზე იწყება ჩვენი სამუშაო საათები. ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, მოვედით და ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. გარეთ დავრჩით თანამშრომლები, ბენეფიციარი ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ვერც ეზოში შევდიოდით და ვერც შენობაში.

მეზობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ბენეფიციარებისგან. მეზობლებს უწევთ ამ ეზოს გავლა, სადაც ბავშვებიც გამოდიან ხოლმე.

ბევრი ხალხი მოძრაობს ჩვენს ცენტრში და ხშირად აღნიშნავენ მეზობლები, რომ არასასიამოვნოა მათთვის „ასეთი ბავშვების“ ყურება. ასე განმარტეს ჩვენთვის ჭიშკრის ჩაკეტვის მიზეზი“, – გვიყვება „ღია სახლის“ თავმჯდომარე ნინო კილაძე დღეს, 13 ივლისს, ქუთაისში დილით მომხდარ ამბავზე.

როგორც ნინო კილაძე ჰყვება, ცენტრის თანამშრომლებს შენობაში შესასვლელად და ჭიშკრის გასაღებად პატრულის გამოძახება და დახმარება დასჭირდათ.

მეზობლებს, რომლებმაც ჭიშკარი ჩაკეტეს, მოყვანილი ჰყავდათ სხვა უბნებიდანაც მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები.

ცენტრის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის „ღია სახლისთვის“, როცა მოსახლეობამ, კერძოდ, მეზობლებმა პრობლემები შეუქმნეს. 4 წლის განმავლობაში ქუთაისში „ღია სახლმა“ რამდენიმე შენობა გამოიცვალა, მეზობლები ყველგან უჩიოდნენ ხალხმრავლობას ცენტრში და აპროტესტებდნენ ბავშვების ტირილს.

„იყო ხოლმე შეზღუდვა მეზობლებისგან ყველგან, მაგრამ ჭიშკარი ჩაეკეტოთ და შენობაში არ შევეშვით, ასეთი შემთხვევა აქამდე არ გვქონია.

მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში განთავსებისას ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ხშირად აქვს ასეთი პრობლემები. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით ეს ასეა“, – ამბობს ნინო კილაძე.

მისი თქმით, „ღია სახლი“ ფსიქოლოგიური დახმარების ერთადერთი ცენტრია ქუთაისში, სადაც ფსიქოლოგიური სერვისების მიღება ერთდროულად შეუძლიათ ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც. ცენტრს 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ქუთაისიდან, წყალტუბოდან და ქუთაისთან ახლომდებარე სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ცენტრი ემსახურება ბენეფიციარებს გურიიდან და სამეგრელოდანაც.

ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ინტელექტის შეფასების ინსტრუმენტები იმერეთის რეგიონში მხოლოდ „ღია სახლს“ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: