ქუთაისში საგუბერნიო, ისტორიული ციხე თითქმის დაანგრიეს. დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ეკლესია და ციხის სამლოცველო იყო განთავსებული.
ქუთაისის საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს, დროებით შეჩერდეს სამუშაოები ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი, ჩატარდეს ექსპერტიზა და მოეწყოს საჯარო განხილვები.
ისტორიული სალოცავის გადასარჩენად მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს და ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც.
საგუბერნიო ციხის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა თავად კომპანიამაც და თქვა, რომ ძველი სალოცავის ნაცვლად დაგეგმილ კომპლექსში ახალ ეკლესიას ააშენებენ.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა #39-ში მდებარე ქუთაისის საგუბერნიო ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია შპს „იბერია სტარ გრუპს“ ეკუთვნის.
„იბერია სტარ გრუპი“ ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის, დავით კოსტავას საკუთრებაა.
„ბათუმელებმა“ ისტორიული ციხის დანგრევის შესახებ სტატია 4 თებერვალს მოამზადა.
კომპანიამ და მისმა მენეჯმენტმა იმ დროისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
შპს „იბერია სტარ გრუპმა“ საპასუხო განცხადება 15 თებერვალს გაავრცელა. ვრცელ წერილში ციხის დანგრევასთან დაკავშირებით კომპანიამ პირველად გააკეთა საჯარო განმარტება.
„ე.წ. პირველი საგუბერნიო ციხის ტერიტორია არასოდეს ყოფილა არც არქიტექტურული და არც დანიშნულებით ისტორიული ან/და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ტერიტორია გასაყიდად, ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, 2016 წლიდან ჯამში 11-ჯერ იყო გამოტანილი საჯარო აუქციონზე;
2021 წლის მაისში, ტერიტორია მე-11 საჯარო აუქციონზე სახელმწიფოსგან შეისყიდა კომპანიის დამფუძნებელმა, იმ პერიოდისთვის ქუთაისის შესაბამის ზონაში დადგენილ კვოტირებულ ფასზე (კვ.მ — 125 ლარი) მნიშვნელოვნად მაღალ ფასად;
ტერიტორიიდან და მასზე მდებარე შენობებიდან, სახელმწიფოს მიერ წინასწარ, „გამოშიგვნის“ პრინციპით, სრულად იყო გამოტანილი არსებული მეტალი/რკინა. აღნიშნული პროცესი განხორციელდა ჩვენი კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პირების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებელმა შეისყიდა მხოლოდ ტერიტორია და მასზე მდებარე არამდგრადი და არააღდგენადი ნანგრევები;
2021–2025 წლებში ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებთან ტერიტორიის განაშენიანების პროექტის შესათანხმებლად;
შემუშავებულია პრემიუმ კლასის, მაღალხარისხიანი, დაბალი განაშენიანების უბნის პროექტი, რომელიც უნიკალური იქნება ქუთაისისთვის და ქალაქში დაახლოებით 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს;
2021 წლიდანვე შესაბამის საეკლესიო/სასულიერო სტრუქტურებთან შეთანხმებულია ტერიტორიაზე არსებული სალოცავი კუთხის დემონტაჟი და პროექტი ითვალისწინებს ამავე უბანში ახალი ეკლესიის მშენებლობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„იბერია სტარ გრუპის“ განცხადებით, ახალი უბანი, რომლის გაშენებასაც ციხის ტერიტორიაზე აპირებს, „გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და არქიტექტურული სტანდარტით“.
„დღესდღეობით ტერიტორია წარმოადგენს მხოლოდ საშიშ ნანგრევებს, რომლებიც ქმნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს როგორც მიმდებარე მოსახლეობისთვის, ისე გამვლელთათვის. აღნიშნული საფრთხეების შემცირების მიზნით, კომპანიის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები,“ – ნათქვამია „იბერია სტარ გრუპის“ განცხადებაში.

ასეთი იქნება კორპუსები, რომლის აშენებასაც კომპანია საგუბერნიო ციხის ადგილას აპირებს
კომპანიის განცხადებას საპასუხო განცხადებით გამოეხმაურნენ ის მოქალაქეები, რომლებიც საგუბერნიო ციხის დანგრევას ეწინააღმდეგებოდნენ და მის გადარჩენას ცდილობდნენ.
„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საკითხი არ ეხება კერძო საკუთრების უფლების უგულებელყოფას. საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება საზოგადოებრივ ინტერესსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას.
კომპანიის ტექსტის მთავარი პასუხი მისივე პირველ წინადადებაშია: „განცხადება ტაბიძის ქუჩის N39ა-ზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით“. როდესაც ყოფილი საგუბერნიო ციხე მხოლოდ რიგით მისამართად არის წარმოდგენილი, უკვე ცხადია დამოკიდებულება ისტორიისა და ქალაქის მეხსიერებისადმი.
მაღალი საჯარო ინტერესის გამო, აუცილებელია საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ობიექტს ამ ეტაპზე არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ისტორიული ან კულტურული ღირებულება.
მრავალ შემთხვევაში საქართველოში ძეგლის სტატუსი მინიჭებულია სწორედ საზოგადოების ჩართულობისა და საკითხის საჯარო აქტუალიზაციის შემდეგ.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წლების განმავლობაში არსებულ არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას და მავნებლურ მიდგომებს ისტორიული ობიექტების მიმართ.
ქუთაისის საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, რომ ფორმალური სტატუსიც კი ვერ უზრუნველყოფს რეალურ დაცვას – ამის მტკივნეული მაგალითია – გელათი!
ამიტომ, სტატუსის არქონა ვერ იქნება განადგურების მორალური თუ საზოგადოებრივი გამართლების საფუძველი,“ – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგუბერნიო ციხე თითქმის დანგრეულია. “იბერია სტარ გრუპს” დასანგრევი დარჩა მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც სამლოცველოა განთავსებული ფოტო: არჩილ გეგენავა/ინფოქუთაისი
საგუბერნიო ციხის გადარჩენის მომხრე მოქალაქეები ამბობენ, რომ საგუბერნიო ციხის ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ისტორიული მეხსიერების ნაწილს.
„ყოფილი საგუბერნიო ციხე იყო XIX საუკუნის ადმინისტრაციულ-საპატიმრო ინფრასტრუქტურის ნაწილი და უკავშირდება იმ პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სალოცავი/ტაძარი წარმოადგენს სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტს, რომლის დემონტაჟი საჭიროებს არა მხოლოდ კერძო შეთანხმებებს, არამედ ფართო საზოგადოებრივ და პროფესიულ შეფასებას.
ეკლესიის „დემონტაჟზე შეთანხმება“ ვერ ცვლის მისი ისტორიული ღირებულების საკითხს.
ტერიტორიაზე არსებობდა ეკლესია, რომელიც ათეული წლის მანძილზე მოქმედი იყო. მისი ბედი უნდა გადაწყდეს გამჭვირვალე, საჯარო და კანონით განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში – შესაბამისი ექსპერტიზით, არქიტექტურულ-ისტორიული შეფასებით და საზოგადოების ინფორმირებით.
სამლოცველოს საკითხი დღის წესრიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის შედეგად დადგა. წარმოდგენილ პროექტში ეკლესია არ არის ასახული.
ძველი სალოცავის დანგრევის სანაცვლოდ ახალი ეკლესიის აშენება ვერ ჩაითვლება ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულებად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის ჩანაცვლებადი რესურსი – ის არის ავთენტური ისტორიული მატერიალური მეხსიერება.
ქალაქი არ უნდა შეეჩვიოს „ინდულგენციის“ მავნე პრაქტიკას, სადაც ძველის განადგურება ახლით კომპენსირდება,“ – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაში.
მოქალაქეები კომპანიას მიმართავენ და ახსენებენ, რომ ეკონომიკური ინვესტიცია ვერ ანაცვლებს კულტურულ დანაკარგს.
„ინვესტიციის მოცულობა, პროექტის მასშტაბი ან პრემიუმ კლასის სტატუსი არ შეიძლება გახდეს ისტორიული ობიექტის შესაძლო განადგურების არგუმენტი.
თანამედროვე ურბანული განვითარება წარმატებით აერთიანებს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ახალ მშენებლობას – ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი პროცესები.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უამრავი მაგალითია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და შერწყმის, თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან და ხედვებთან.
ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიის მრავალჯერადი გატანა აუქციონზე ყოველგვარი კულტურული თუ სოციალური ვალდებულების გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას.
ამასთან დაკავშირებით კითხვები და პრეტენზიები შესაბამის უწყებებს უკვე მიემართებათ და საზოგადოებას ეს საკითხი არ დავიწყებია,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

საგუბერნიო ციხის დემონტაჟი 15 თებერვალი, 2026 წელი, ფოტო: არჩილ გეგენავა/ინფოქუთაისი
კომპანია თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ „ტერიტორია წარმოადგენდა მხოლოდ საშიშ ნანგრევებს და კომპანიის მიერ იქ პერიოდულად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები“.
საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიაზე და საფრთხეებზე საუბრობენ მოქალაქეებიც.
„თუ მესაკუთრე მართლაც ზრუნავდა ქალაქის განვითარებაზე, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო მინიმუმ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერიტორიის მოწესრიგება, კულტურული კომპონენტის განადგურების გარეშე. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერებისა და იდენტობის დაკარგვის, განადგურების, წაშლის ფასად.
ბიზნესს აქვს უფლება განახორციელოს პროექტები, თუმცა ამ უფლების პარალელურად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და კულტურული პასუხისმგებლობა,“ – ვკითხულობთ სამოქალაქო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს დროებით შეჩერდეს სამუშაოები საგუბერნიო ციხის იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი/ტაძარი;
ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით და მოიძებნოს ისტორიული კომპონენტის შენარჩუნების ან ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვა მიმდინარე პროექტში;
მოქალაქეები, ასევე, ითხოვენ საზოგადოების ჩართულობით საჯარო განხილვის ორგანიზებას.
„ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერების ფასად. პასუხისმგებლობიანი ურბანული პოლიტიკა გულისხმობს ბალანსს ეკონომიკურ ინტერესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შორის.
მოვუწოდებთ როგორც კომპანიას, ისე სახელმწიფო უწყებებს, იმოქმედონ გამჭვირვალედ, კანონმდებლობის სრული დაცვით და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.
ქუთაისი მხოლოდ „მისამართების“ ერთობლიობა არ არის. ეს არის ისტორიული შრეებით ნაგები ქალაქი, რომლის თითოეული სივრცე ქმნის საერთო მეხსიერებას.
მეტიც, ქუთაისის ისტორია არ ეკუთვნის ინვესტორს, არამედ ეკუთვნის ხალხს და მომავალ თაობებს,“ – ნათქვამია საგუბერნიო ციხის გადასარჩენად დაორგანიზებული სამოქალაქო ჯგუფის განცხადებაში.






