განათლება,მთავარი,სიახლეები

5 რჩევა აბიტურიენტებს გამოცდების წინ – ფსიქოლოგის რეკომენდაცია

01.07.2022 • 7638
5 რჩევა აბიტურიენტებს გამოცდების წინ – ფსიქოლოგის რეკომენდაცია

 საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და აბიტურიენტების ღელვა იზრდება, შფოთვა და სტრესი კი აქვეითებს აბიტურიენტის პროდუქტიულობის დონეს და ხელს უშლის შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.

როგორ შეიძლება დაძლიოს აბიტურიენტმა წინასაგამოცდო შფოთვა? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელს, ქეთევან ბერიძეს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის. 

ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ გამოცდების წინ მღელვარება ნორმალურია, რადგან გამოცდები სპეციფიკური სიტუაციაა, რომელიც მოითხოვს ძალების მობილიზებას. 

„ძალების მობილიზების დროს ჩვენ ვითვალისწინებთ ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორს: სხეულებრივ მდგომარეობას, კოგნიტურ ფუნქციებს, სოციალურ და სულიერ მდგომარეობას. ეს კომპონენტები ერთად ქმნის პიროვნებას, რომელიც რეაგირებს ამა თუ იმ გამოწვევაზე.

სტრესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს და მას თავს ვერ დავაღწევთ. უბრალოდ გასათვალისწინებელია სტრესორები, რომლებიც შეიძლება იყოს პოზიტიურიც და ნეგატიურიც.

გამოცდა ნეგატიურ ფიქრებს შეიძლება იწვევდეს, რადგან, პირველ რიგში, აბიტურიენტი იწყებს შედეგების ანალიზს. ფიქრობს – „ვაითუ ვერ ჩავაბარე, ვაითუ  შესაბამისი ქულა ვერ მივიღე“. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი  – „თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება“. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩავიფიქრებ, ასეც განვითარდება მოვლენები“ – ამბობს ქეთევან ბერიძე. 

ქეთევან ბერიძე

მან რამდენიმე რეკომენდაცია გაგვიზიარა აბიტურიენტებისათვის:

1. პოზიტიურად განვეწყოთ გამოცდების მიმართ

ამისათვის მნიშვნელოვანია მომზადებული ვიყოთ საგანში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სტუდენტი, რომელიც ძალიან კარგადაა მომზადებული, ბრწყინვალედ ჩააბარებს და ის სტუდენტი, რომელიც შედარებით ნაკლებადაა თავისი ცოდნის დონით გამოცდებისთვის მზად – უფრო ცუდად. ჩვენ ეს არ ვიცით. რატომ? იმიტომ, რომ ცოდნა აუცილებელია, რადგან ამ დროს თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვერ გამოვხატოთ ცოდნა ბოლომდე, იმიტომ, რომ ძალიან ვშფოთავთ. ამას ფსიქოლოგები ვეძახით შფოთვის ოპტიმალური დონის გადაჭარბებას. 

შფოთვის ოპტიმალური დონე ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ  მომზადებული ვიყოთ გამოცდისთვის. როცა ვიცით, რომ გამოცდა გვაქვს, ბუნებრივია, ვმეცადინეობთ და ვემზადებით, არ ვხარჯავთ დროს ფუჭად და რაღაცებზე უარს ვამბობთ. სწავლის გარდა სხვა რაღაცებზე უარის თქმა და თავისუფალი დროის ისევ წიგნებთან გატარების სურვილს იწვევს შფოთვა.  ამ შემთხვევაში ეს სტრესული მდგომარეობა გვეხმარება ძალების მოკრებაში და დროის გადანაწილებაში.

მაგრამ თუ შფოთვა იმდენად აჭარბებს ნორმალურ ზღვარს, რომ მოსწავლე საერთოდ მოწყვეტილია საზოგადოებას,  ჩაკეტილია და არ ეკონტაქტება არავის, მხოლოდ კონცენტრირებულია საგამოცდო საკითხებსა და ამ პრობლემის მოგვარებაზე, ამან შეიძლება პირიქით, ხელი შეუშალოს მას. 

ამიტომ ფსიქოლოგები, პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ გამოცდებისთვის მზადების პროცესი იყოს დაბალანსებული. 

 2. მნიშვნელოვანია სხეული. ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, იაროთ სუფთა ჰაერზე

ეს იმიტომ, რომ ტვინს ჟანგბადი სჭირდება. ამ დროს ჩვენი ტვინი უფრო ნაყოფიერად მუშაობს და აუცილებელია დასვენებაც.

აი, მაგალითად, მშობლები ხშირად ეუბნებიან შვილებს ასეთ რამეს – „გამოცდები დამთავრდეს და მერე გაერთე, ისეირნე და გააკეთე ის, რაც გინდა“. ეს არის არასწორი. ისევ ვიმეორებ, რომ პროცესი უნდა იყოს დაბალანსებული.

ზოგჯერ შეიძლება აბიტურიენტი საერთოდ ფუჭად კარგავდეს დროს, მაგალითად, კომპიუტერში თამაშობდეს რაღაც უშინაარსო თამაშს – ეს სჭირდება ტვინს დასვენებისთვის.

ან ჩავიდეს ეზოში და ეთამაშოს და გაესაუბროს თანატოლებს და დახარჯოს ამაში ნახევარი საათი. ეს არ უნდა აუკრძალოს ბავშვმა საკუთარ თავს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიკრძალოს ეს მშობლების მხრიდან. 

ამ ურთიერთობების დროს მხოლოდ კი არ ვისვენებთ, არამედ კონტაქტში შევდივართ სხვებთან. ადამიანები სოციალური არსებები ვართ, კონტაქტი გვჭირდება, ამიტომ ეს მოთხოვნილებაც უნდა დაკმაყოფილდეს.

კოგნიტური ფუნქციების უკეთ მუშაობა დაკავშირებულია კარგ კვებასთან, პოზიტიურ ფიქრებთან და ასევე, კონტაქტებთან. იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს და სრულად კონცენტრირდეს საქმეზე, კარგად დასვენებული უნდა იყოს. შესაბამისად, შედეგიც უკეთესი იქნება, თუ დასვენებულ გონებზე დაიწყებს საქმეს ან მეცადინეობას.

მნიშვნელოვანია სუნთქვაც. როგორც ვსუნთქავთ, ისე ვცხოვრობთ. არის შემთხვევები, როცა სუნთქვას ვერ ვაკონტროლებთ და  ძალიან ნელა, პაუზებით ან გახშირებულად ვსუნთქავთ. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე. ამოსუნთქვით ვათავისუფლებთ ჩვენს სხეულს ზედმეტი და უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან.

როცა რაღაცას აკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენოთ სუნთქვითი ვარჯიშები და სიცილის თერაპია. ეს აგვიმაღლებს განწყობას.

3. მნიშვნელოვანია სულიერი მდგომარეობა

აბიტურიენტმა თავისუფალი დრო იმ საქმეს უნდა დაუთმოს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს, მაგალითად, დახატოს, იმღეროს, იცეკვოს ან სხვა.

4. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ გამოცდაზე ხართ 

საყურადღებოა ვიზუალიზაციის ტექნიკაც. ძილის წინ ან თავისუფალ დროს შეიძლება დავხუჭოთ რაღაც დროით თვალები და წარმოვიდგინოთ, რომ ვართ საგამოცდო გარემოში.

წარმოვიდგინოთ ბილეთის აღების პროცესი, საგამოცდო ოთახი, ტესტი, ხალხი… აუცილებელია, რომ ყველა ვიზუალიზაცია დასრულდეს happy end-ით.

პოზიტიურ კადრებს საგამოცდო პროცესიდან ვატრიალებთ გონებაში და წარმოსახვის ტექნიკით ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი ტვინის ადაპტირება სტრესულ გარემოსთან. ეს ეხმარება აბიტურიენტს, რადგან როდესაც უშუალოდ შედის რეალურ საგამოცდო გარემოში, ექმნება წარმოდგენა, რომ თითქოს უკვე ნამყოფია ამ სივრცეში. შესაბამისად, იკლებს საგამოცდო სტრესიც.

კარგი ძილი, კვება, დასვენება, საყვარელი საქმის კეთება და ვიზუალიზაციის ტექნიკების გამოყენება – ეს ის ჩამონათვალია, რომლის ჩატევაც უნდა მოახერხოს აბიტურიენტმა თავის ყოველდღიურობაში, რომ უფრო პროდუქტიული იყოს.

5. მხარდაჭერა 

მნიშვნელოვანია გვერდით გვყავდეს მხარდამჭერი ადამიანები. აქ წამყვანი არიან მშობლები.

მშობლები აბიტურიენტ შვილებს უნდა დაეხმარონ იმაში, რომ ბავშვები გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და ჰქონდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა.

ხშირად მშობელი ამბობს, რომ ის არაფერს ისეთს არ ეუბნება ბავშვს, მაგრამ რეალურად მას აქვს იმის მოლოდინი, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას მისმა შვილმა. ამ შეცდომას კი მშობლები აღიქვამენ, როგორც რაღაც კატასტროფას. აი, ამ დროს უფრო მეტად უჭირს ბავშვს სტრესის დაძლევა.

ამიტომ აუცილებელია მშობელიც პოზიტიურად განეწყოს საგამოცდო პროცესისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მშობელი შეცდომაზე კი არ ლაპარაკობდეს შვილთან, არამედ პირიქით, არწმუნებდეს, რომ ყველაფერს შეძლებს. ხშირად ხდება ისე, რომ მარცხის მოლოდინი  წარმატების ხელშემშლელ მთავარ ფაქტორად გადაიქცევა.

როცა მარცხის მოლოდინი გაქვს, შფოთვაც მაღალია. ამიტომ, თუ აბიტურიენტები ბოლომდე იქნებიან ფოკუსირებულნი იმაზე, რომ იქნებიან წარმატებულები და წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს, ასეც მოხდება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: