მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს

12.04.2016
რა მოხდება, თუ უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს

თუ უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს, მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. მესამედ გამოცხადებულ კონკურსში დავით კვაჭაძეს მონაწილეობას კანონმდებლობა არ უკრძალავს.

მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის [რომელიც იმ კომისიის წევრია, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს], დავით გაბაიძის განმარტებით, „თუკი ნორმას მთლიანობაში წავიკითხავთ და კანონის არსიდან გამოვალთ, ამასთან, თუკი უსკოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს ერთიან კონკურსად განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ კვაჭაძის წარდგენა მესამედ აღარ შეიძლება და კომისიამ მთავრობის თავმჯდომარისთვის კანდიდატის წარდგენის დროს შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უსკოს თავმჯდომარის არჩევის მიზნით ორ ეტაპზე განხორციელებულ მოქმედებებს ერთ კონკურსად განვიხილავთ თუ სამ სხვადასხვა კონკურსად”.

დავით გაბაიძის განმარტებით, „კანონში წერია, რომ ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარადგინოს მთავრობის თავმჯდომარემ ორჯერ, თუმცა შესაძლოა სხვა მოსაზრებაც იყოს. ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა ჩემი, როგორც საკონკურსო კომისიის წევრის მოსაზრებაა, რომ კომისიამ დავით კვაჭაძე აღარ უნდა წარადგინოს”.
cms-image-000045845

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონის [რაც უსკოს დაკომპლექტების წესს განსაზღვრავს] 32-ე მუხლის მე-12 პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენის შემდეგ, უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომა უკვე მოიწვია, რომელსაც ოპოზიციური ფრაქციები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ და სხდომა ჩაიშალა. კანონმდებლობით უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად მეორე სხდომა უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დანიშნოს. დღეს, 12 აპრილს, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ უმაღლეს საბჭოში ინფორმაცია არ აქვთ.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ხოლო თუ ამ ვადაში სხდომის მოწვევას უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს, მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესავსებად ხელახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

დავით კვაჭაძის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩააგდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის წარდგენას ლობირებს მმართველი პარტია თბილისიდან. შესაბამისად, სწორედ მან მოსთხოვა არჩილ ხაბაძეს დავით კვაჭაძის წარდგენა. კვაჭაძის თანამდებობაზე დანიშვნა კი იმიტომ ვერ უზრუნველყო უმაღლესმა საბჭომ, რომ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ 9 დეპუტატი ჰყავს ფრაქციებში, ხოლო უსკოს თავმჯდომარის არჩევას 11 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: