მთავარი,სიახლეები

„ჭოროხთან მისასვლელ გზასაც არ აკეთებს მთავრობა“ – ენმ-ს ბრიფინგი ადგილზე, სადაც გუშინ კაცი დაიხრჩო

22.06.2022
„ჭოროხთან მისასვლელ გზასაც არ აკეთებს მთავრობა“ – ენმ-ს ბრიფინგი ადგილზე, სადაც გუშინ კაცი დაიხრჩო

„უკანონოდ მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს ჭოროხზე, მთავრობა კი, ჭოროხის მიმდებარედ გზასაც არ აკეთებს, საფრთხის წინაშეა მოსახლეობა“, – განაცხადა დღეს, 22 ივნისს, მიშა ბოლქვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგი გამართა ჭოროხის სანაპიროზე, სადაც გუშინ, 21 ივნისს, ახალგაზრდა კაცი მდინარეში დაიხრჩო.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის კაცის დაღუპვის მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ მდინარე ჭოროხის სანაპიროზე ამ დრომდე სასიგნალო მოწყობილობა დამონტაჟებული არ არის. მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ჯერ კიდევ 2010 წელს ითხოვდა მდინარეზე სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებას, მაგრამ მოწყობილობა დღემდე არ დაუმონტაჟებიათ.

„დროულად უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ აღარ შეიქმნას მსგავსი საფრთხე,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძის შეფასებით, სისტემატურად უკანონოდ მოიპოვებენ ჭოროხიდან ინერტულ მასალას, რაზეც შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ ახდენენ, ხოლო ჭოროხის მიმდებარე გზა ისევ საფრთხეშია იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან გზისთვის რამდენიმე მილიონი დაიხარჯა.

„7 მილიონი დახარჯეს 2017 წელს, როცა არჩილ ჩიქოვანი იყო გზების დეპარტამენტის უფროსი, ბოლომდე არ მიიყვანეს და კორუფციული გარიგება შედგა, რადგან დაუმთავრებელი სამუშაო ჩაიბარეს… 2021 წელს დახარჯეს 13 მილიონი, თუმცა არსებული გზა ისევ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს ერთადერთი სამრეწველო გზაა,“ – აღნიშნა მიშა ბოლქვაძემ.

აჭარის გზების დეპარტამენტში კომენტარს დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.

განახლება: აჭარის გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს ინფორმაცია ჭოროხის მიმდებარე გზასთან დაკვშირებით:

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჭოროხის გზის და ახალშენის მიმართულებით ტენდერის მოსამზადებელი პროცედურები დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საავტომობილო გზის – ჭოროხის გზა (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი, 5,7 კმ) 3,5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, სადაც დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ხოლო დარჩენილ 2,2 კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებას.

დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები დასრულებულია და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს, როგორც დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციის, ასევე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადებას. პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება“

ამ თემაზე:

როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: