ბათუმი,მთავარი,სიახლეები

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

10.04.2016 • 2765
C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ.

46114„მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს პრობლემა არ ექმნებათ. ერთადერთი, აქ არის საუბარი დაბალი ფიბროზის მქონეთა ჩართვაზე… პროგრამის ეტაპობრივად გაფართოება თავიდანვე იყო დაგეგმილი. ზუსტად ეს სამუშაოები მიმდინარეობს, დგება ახალი ელექტრონული ბაზა, რომელიც მალე გავა სატესტო რეჟიმში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, გამოცხადდება დაბალი ფიბროზის მქონე პაციენტების რეგისტრაციაც: „შესაძლოა რეგისტრაციის პროცედურა ოდნავ განსხვავებული იყოს ამჯერად, მაგრამ, როცა ისინი ჩვეულებრივად გაივლიან რეგისტრაციას, ჩაერთვებიან პროგრამაში რიგითობის მიხედვით. პრიორიტეტი მაღალი ფიბროზის მქონეს მაინც მიენიჭება, მაგრამ ყველას ექნება საშუალება, ჩაიტაროს მკურნალობა“.

სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ სხვადასხვა გზით და ამასთან, ხშირად არასწორი ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება პროგრამის ირგვლივ: „ზოგიერთი ექიმი ეუბნება რაღაც რიცხვს პაციენტს, ზოგჯერ პაციენტები ერთმანეთს ეუბნებიან რაღაცას… ამიტომ, პაციენტებმა თვალყური უნდა ადევნონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე და მხოლოდ აქედან მიიღონ ზუსტი ინფორმაცია“.

ეკა ადამიას განცხადებით, პროგრამა პაციენტების გაცილებით მეტ რაოდენობაზე გადის, ვიდრე დაგეგმილი იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ მეორე ეტაპის დაწყებისას ტექნიკურად ყველაფერი იყოს მზად. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს:

ჰარვონი„წინასწარ რიცხვის თქმას იმიტომ ვერიდებით, შემდეგ რაღაც გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, თუმცა ყველა შემთხვევაში სწრაფად დაიწყება ეს ყველაფერი. ახალი მედიკამენტის გამოყენება ზოგმა ჩათვალა პროგრამის მეორე ეტაპად, რაც არასწორია. ეს პრეპარატი [„ჰარვონი“] გამოწერილია როგორც დაბალ ფიბროზიანებზე, ისე მათთვისაც, ვისაც ფიბროზის მძიმე ფორმა აქვთ.“

ქვეყნის მასშტაბით პროგრამაში ჩართვას 20 ათასამდე პაციენტი ელოდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ რაც მეტი პაციენტია, მით მეტი კლინიკის საჭიროებაა, მაგრამ კლინიკა უნდა იყოს გამართული და კლინიკის მხრიდანაც იყოს ინტერესი.

აჭარაში ამჯერად პროგრამას მხოლოდ ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. „ამ დროისთვის მოთხოვნა და აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ საჭიროება იქნება და რომელიმე კლინიკის მზაობაც აჭარაში, ჩვენ შევისწავლით მდგომარეობას ადგილზე და, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადეს სამინისტროში.

კონკრეტული ინფორმაცია, თუ როდის დაიწყება პროგრამის ე.წ. „მეორე ეტაპი“, არც აჭარაში აქვთ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ჩვეულებრივად მიმდინარეობს დღემდე და რაიმე ცვლილება დაფინანსების ან მკურნალობის კუთხით არ არის. ერთადერთია ახალი პრეპარატი „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც დაწყებულია.

„მიმდინარეობს პროგრამის პირველი ეტაპი. ჩვენი ცენტრი აჭარის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების [ბათუმის გარდა] თანადაფინანსებას ახორციელებს. 603 ადამიანი იყო შარშან, წელს 170 ადამიანი ჩაერთო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მკურნალობის კურსს გადის. მკურნალობაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ მძიმე ფიბროზის მქონე ერთვება. მანამდე კვლევის ოთხი ეტაპია და ამ მხრივ, ასევე თანადაფინანსების კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩვენი თანადაფინანსებით გასულ წელს 128 ადამიანი ჩაერთო მკურნალობაში, წელს კიდევ 33 ადამიანი“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა ნონა ეფაძემ.

მისივე თქმით, კვლევები ოთხ ეტაპად ტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პაციენტის მკურნალობა. თუ ადამიანი [მსუბუქი ფიბროზით] გამოკვლევის რაღაც ეტაპზე შეჩერდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე მას თავიდან მოუწევს პროცედურების გავლა, დიდი ალბათობით, ის ჩაერთვება იმ ეტაპიდან, სადაც გაჩერდა.

„აჭარიდან [ბათუმის ჩათვლით], გურიიდან და ფოთიდან ჩ ჰეპატიტზე ინფექციურ საავადმყოფოში 512 პაციენტი მკურნალობს. შესაბამისად, ისინი იღებენ „ჰარვონსაც“. შარშანდელი პროგრამა ჩვეულებრივად გრძელდება და ვინც მოდის, უარს არავის ვეუბნებით“, – ამბობს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: