მთავარი,სიახლეები

ჯოჯოხეთში ვცხოვრობ – „აზოვსტალში“ დაღუპული ცოლ-ქმრის ისტორია

27.05.2022 • 23214
ჯოჯოხეთში ვცხოვრობ – „აზოვსტალში“ დაღუპული ცოლ-ქმრის ისტორია

წყარო: Hromadske.ua

  • ძალიან ვღელავ. უნდა გაუძლო. ძლიერი ხარ.
  • კი, გავუძლებთ. მთავარია, ყულფში არ მოგვაქციონ და ვიდგებით. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ.
  • გამაგრდი, მთელი უკრაინა იბრძვის.

2022 წლის მარტი. ასეთი მიმოწერა აქვს, მთელი კვირის განმავლობაში, „აზოვის“ პოლკის ვეტერანს, როლანა ბონდარენკოს, შვილთან – ვიტალისთან და რძალთან – ალასთან.

„ჩიტები, რომლებიც სულ ერთად არიან“

2014 წლის 15 ივნისს კრასნოგოროვკიდან ძველი „08“ გამოდიოდა. საჭესთან ვიტალი ტარანი იჯდა. სალონში ორი ქალი – დედა და საყვარელი გოგონა.

„ჩემმა შვილმა თქვა, რომ იქ არ დავრჩებოდით, რომ ის ამ ხელისუფლებისთვის არ იმუშავებდა, გაურკვეველ ხალხთან – მათ ყველას ვიცნობდით. ბევრი პრორუსი პროვოკატორი იყო. ვფიქრობდით, სად წავსულიყავით, „აზოვზე“ ვიფიქრეთ. ჩემმა შვილებმა – ვაჟმა და მისმა გოგომ გადაწყვიტეს, რომ დასახმარებლად უნდა წასულიყვნენ“.

ფიქრობდნენ, რომ მარიუპოლში ცოტა ხანს დარჩებოდნენ – მოხალისეები იქნებოდნენ ერთი-ორი თვე, ახალი წლისთვის კი ომი დამთავრდებოდა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ. თუმცა ამ დროში კრასნოგოროვკა დაიპყრეს, სახლის გზაც ჩაიკეტა.

ალა და ვიტალი/ფოტო Hromadske.ua

„აზოვში“ სამზარეულოდან დაიწყეს. შემდეგ ოფიციალურად გაფორმდნენ სამსახურში. ვიტალი ფინანსებს ხელმძღვანელობდა, ალა საქმეთა მმართველი გახდა. პოლკშივე დაქორწინდნენ და მარიუპოლში ვაჟიც შეეძინათ.

2022 წლის 24 თებერვალს სამშობლოს დასაცავად დადგნენ.

„მან გადაწყვიტა ჩემს შვილს გაჰყოლოდა. ძალიან უყვარდა. იმ ორ ჩიტს ჰგავდნენ, სულ ერთად რომ არიან – განუყოფელნი“.

„დღეს ჩამოვაგდეთ თვითფმრინავი, რომელიც გვბომბავდა“

ყოველ დილა-საღამოს როლანა შვილებისგან შეყტობინებას ელოდა. შეტყობინებები მოკლე იყო – „მოწყობაზე ვარ“, „დედიკო, აქ ვარ“ და ცოტა ვრცელებიც – „რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ახლა ვერ, სხვა დროს. დღეს თვითმფრინავი გვბომბავდა, ჩამოვაგდეთ. ძლიერი საბრძოლო განწყობა გვაქვს.“

როლანა შვილს ეუბნებოდა, რომ მეორე შვილიშვილს, გოგონას ელოდა მათგან. ის კი არწმუნებდა, რომ ალას უკვე ელაპარაკა და როგორც კი „აზოვსტალიდან“ გამოვლენ, კიდევ ბევრი შვილი ეყოლებათ.

4 მარტს დედამ შვილს მისწერა და პასუხი მიიღო:

  • ალყაში ხართ? როგორაა საქმე?
  • კი
  • ამის დედაც…
  • გამოვაღწევთ. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ.

შემდეგ, მთელი კვირა, ვიტალი კავშირზე აღარ გამოსულა. როლანა ღელავდა, წერდა და წერდა, პასუხი კი არ ჩანდა.

 „არ ვიცოდი, ჩემი შვილი დაჭრილი იყო თუ არა, ეს ხომ ომია, ის კი – ოფიცერი. შემდეგ მომწერა  – „დედა, აქ ვარ.“

ვიტალი არწმუნებდა, რომ სერიოზული არაფერი დამართნია – მალე კარგად იქნებოდა. როლანა გაუჩერებლად კითხულობდა შვილის მონაწერებს, რომლებიც ლამის დაიზეპირა:

„ყუმბარები დაგვიშინეს. ჩვენ ტანკი გამოვიყვანეთ. მეთაურმა ძალიან შეგვაქო, რომ პოზიციები არ მივატოვეთ. ბრძოლის ველიდან ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა გამომიყვანა. უკეთ ვარ უკვე, ჭრილობები ხორცდება. ცოცხალი ვარ“.

შემდეგ გავიგე, რომ ნანგრევებმა ჩაიტანა“

ვიტალის „აზოვსტალის“ მიწისქვეშა თავშესაფარში სახელდახელოდ მოწყობილ ჰოსპიტალში უმკურნალეს. ალა მაშინ საბრძოლო დავალებებს ასრულებდა და თვე-ნახევარი იყო, ქმარი არ ენახა. ბოლოს, როგორღაც მოახერხა, მეთაურობას დაეთხოვა და მის სანახავად წავიდა. ვიტალის „პალატაში“ ეძინა. როცა გაიღვიძა, თვალებს არ დაუჯერა.

„სიხარულისგან ვტიროდი და ის ცრემლებს მიწმენდდა. ვიტალი იწვა და მე იქვე ვიჯექი. არც კი მჯეროდა, რომ ვხედავდი.

ჭრილობების გამო წამოჯდომა ან წამოდგომა არ შეეძლო. ნივთები გავუმზადე და წყლის გაცხელება დავიწყე, რომ დამებანა და გამომეცვალა.

ვიტალი და ალა “აზოვსტალში”/ფოტო Hromadske.ua

უკვე ახალი, სუფთა ტანსაცმლით იწვა და ორი საათი მიყვებოდა ისტორიას, როგორ დაიჭრა. ასე ვიწექით, ერთმანეთს ვეხუტებოდით. ახლაღა ვხვდები, როგორ დავაკელით ერთმანეთს ჩახუტებაც და კოცნაც. ჩემი წასვლის დრო მოვიდა. გავემზადე: ჯავშანი, ჩაფხუტი, ავტომატი. ისროდნენ. ის დარჩენას მთხოვდა, ღელავდა ჩემ გამო. ახლა ვხვდები, რომ დავრჩენილიყავი, მეც მასთან ერთად მოვკვდებოდი.

  • ჩვენთან 4.5.0.-ა, თქვენთან რა ხდება? (4.5.0. უკრაინელი სამხედროების სლენგზე ნიშნავს „სიმშვიდეა“ რედ.)

მასთან მყოფებიდან არავინ ჩანდა ტელეგრამში. დანარჩენები შემოდიოდნენ, მე ვწერდი, კითხულობდნენ ჩემს შეტყობინებებს და არ მპასუხობდნენ. მერე გავიგე, რომ ისინი ნანგრევებმა ჩაიტანა.

სამი დღის შემდეგ მომწერა თანაბერძოლმა – „ძვირფასო, ის აღარაა, გამაგრდი“.

2022 წლის 15 აპრილს, 1:38 წუთზე, გული ამომგლიჯეს. ჩემო საყვარელო ღიმილის ბიჭო, შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები.“

(ნაწყვეტი ალა ტარანინას დღიურიდან)

ძალიან იწვალა?“

როლანა ბონდარენკოს 17 აპრილს დაურეკეს. ყურმილის მეორე ბოლოში ხმამ იკითხა – „სად ხართ ახლა? ვინაა თქვენთან ერთად?“. როლანამ უკვე იცოდა, რატომაც ურეკავდნენ. „ვეუბნები, მითხარით, გთხოვთ, ძალიან იწვალა? – მათ მითხრეს – არა, ბომბი იყო, აფეთქება და მორჩა.“

გული ისე შეეკუმშა, როგორც „აზოვსტალის“ გარშემო შემოჭერილი ყულფი. სადღაც, იქ, მისი შვილის სხეული იყო და სადღაც, იქ, მისი რძალი იბრძოდა. უკვე ქვრივის სტატუსით.

8 მაისს „აზოვსტალი“ ისევ დაბომბეს. თავშესაფრის ის სართული, სადაც ალა იმყოფებოდა, ჩაინგრა. ვიტალის სიკვდილიდან 24-ე დღეს ისიც დაიღუპა…

როლანა ბონდარენკო/ფოტო Hromadske.ua

„პუტინმა შვილები ხომ წამართვა, დამიხოცა, ახლა კი, ყველა ჩემი მეგობარი და ჩემი შვილების მეგობრებიც დახოცა და განაგრძობას ამის კეთებას. ჩემი ცხოვრება იქცა.. არც კი ვიცი, რად იქცა ჩემი ცხოვრება. ჯოჯოხეთად – ესეც კი არაა ზუსტი სიტყვა“.

როლანა ბონდარენკო თავს იკავებს, რომ არ ატირდეს. ძალები სჭირდება, შვილიშვილი დარჩა და კიდევ „აზოვი“, რომელსაც ის საკუთარ ოჯახს უწოდებს. დღეს კიდევ ექნება მიზეზი სატირლად – უნდა შეხვდეს ვიტალის საუკეთესო მეგობარს, რომელიც მას დედას ეძახის.

„აზოვი“ ჩემი ცხოვრებაა. მე მათ ყოვედღე ვწერ. თითოეულისთვის ვარჩევ სიტყვებს, ხან არც ვარჩევ. ვწერ, რასაც ვგრძნობ – ძალიან ბევრ ღიმილს და იმედს. და ვწერ იმაზე, რომ ისინი აუცილებლად გამოვლენ. იმედს არ ვკარგავ, რომ ვნახავ მათ. კვლავაც შევძლებ, ტელეგრამში ცოცხლებს მივწერო, მივწერო, როგორ მიყვარს და როგორ ველი. გოგონებს. მათ არ სძინავთ. არ სძინავთ. ვზივარ და ვლოცულობ, ყველა ღმერთს მივმართავ, მასწავლონ, როგორ დავწერო ისე, რომ არ ვატკინო.

ჯოჯოხეთში ვცხოვრობ.“

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ვიტალი ტარანინი ცოლთან, ალა ტარანინასთან, ერთად/Hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: