ნეტგაზეთი • RU

კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ

„ხაჭაპურის ინდექსი“ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა. ისევ ძვირდება ის საკვები პროდუქტი, რისგანაც ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლიათ. საშუალო ზომის ერთი იმერული ხაჭაპურისთვის აპრილში 5 ლარი და 86 თეთრი დაგჭირდებოდათ. რა დაჯდება იგივე ხაჭაპური მაისში?

დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფასი დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაიზრდება, მომავალი წლის დასაწყისში კი, შესაძლოა ხაჭაპურის გაძვირება შეწყდეს. გაიაფებას ამ რეალობაში, როგორც ჩანს, აღარავინ ელის.

„ხაჭაპურის ინდექსს“ ISET-ი ადგენს და იგი სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.  „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

დავით კეშელავას ბათუმში იმ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ, სადაც ისაუბრეს კოვიდპერიოდის შემდეგ ქართული ეკონომიკისთვის გაჩენილ ახალ გამოწვევებზე.

  • ბატონო დავით, თავდაპირველად გვითხარით მთავარი გამოწვევის შესახებ, რაც კოვიდმა დაგვიტოვა ეკონომიკაში. 

უმთავრესი გამოწვევა, რაც გამოიწვია კოვიდპერიოდმა და ომმა კიდევ უფრო დაამძიმა, არის ინფლაცია. ეს პრობლემა აწუხებს მთელ მსოფლიოს. ქვეყნების დიდ ნაწილში, მოგეხსენებათ, ფასების დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული. თითქმის ყველა ქვეყანამ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ანუ საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, რომ როგორმე ინფლაცია შეამცირონ.

საქართველოშიც პანდემიის დაწყების შემდეგ მუდმივად გვაქვს ორნიშნა ინფლაცია მაშინ, როდესაც ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, მაგრამ 3-ჯერ და 4-ჯერ აღემატება ინფლაციის დღევანდელი დონე. ინფლაცია უმთავრესად პრობლემაა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი პრობლემა არის სოციალური ეფექტი – ხელფასები ისე სწრაფად ვერ იზრდება, როგორც ფასები, ამიტომ ადამიანების მსყიდველობითი უნარი უფრო და უფრო მცირდება, უფრო და უფრო ნაკლები პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ადამიანებს უკვე საკუთარი შემოსავლებით.

მეორეა ის, რომ ინფლაციასთან საბრძოლველად ცენტრალურ ბანკს უწევს საპროცენტო განაკვეთის მაღალ დონეზე შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს ნეგატიურად… მაღალი საპროცენტო განაკვეთები არის ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი, მაგრამ თუ საპროცენტო განაკვეთს მაღალ დონეზე შეინარჩუნებ დიდი ხნით, შეიძლება მოუარო ინფლაციას, თუმცა დაკრედიტება ძვირდება და ეს ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს.

  • რა არის ინფლაციის მთავარი მიზეზი დღეს? 

ამის ყველაზე მსხვილი ფაქტორი არის მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილება. მაგალითად, როცა გვაქვს 13-პროცენტიანი ინფლაცია, აქედან 7-8 პროცენტული პუნქტი მოდის საგარეო ფაქტორზე, რაც მოიაზრებს, პირველ რიგში, სურსათზე ფასების ზრდას. ჩვენ რომ ვნახოთ, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, ის ძალიან გაზრდილია წინა პერიოდთან შედარებით. ამის უმთავრესი მიზეზია მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, რის პრობლემაც ჯერ კიდევ პანდემიის დროს შეიქმნა: ლოჯისტიკა გართულდა. ახლა ამას დაემატა ომი – უკრაინა და რუსეთი კი ბევრი საკვები პროდუქტის ექსპორტიორია და კვოტები აქვთ დაწესებული.

ინფლაციის მეორე მსხვილი ფაქტორია ნავთობის ფასი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალ დონეზეა, რაც ტრანსპორტირებას აძვირებს. კომპონენტების მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი აქვს სურსათის კომპონენტს, მერე მოდის ტრანსპორტირების საკითხი.

  • „ხაჭაპურის ინდექსი“ 31 პროცენტით გაიზარდა, ამ დროს ვალუტა სტაბილურად მყარდება. რატომ ვერ აისახა ეს იგივე ხაჭაპურზე? 

ვალუტის კურსის ცვლილებას აქვს დადებითი გავლენა, რადგან უფრო მაღალი იქნებოდა ეს ფასები, ეს დადებითი ფაქტორია, მაგრამ ის შთანთქა სხვა ფაქტორებმა.

ავიღოთ იგივე ხაჭაპური და მისი კომპონენტები – ვნახავთ, რომ ძირითადი ნაწილის იმპორტს ვახდენთ, მაგალითად, ფქვილი თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. იმ პროდუქტებზე კი, რაც იმპორტით შემოდის, მსოფლიოში რა ფასიცაა, ის ახდენს გავლენას. აქ ორი ფაქტორი ეჯახება ერთმანეთს: პირველი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა და რაც შემოგვქონდა, ის უფრო ძვირად შემოგვაქვს. მეორე მხრივ, დადებითი ფაქტორია ვალუტის კურსი, რომელიც შედარებით მყარდება.

პირველი ფაქტორი იმდენად ძლიერია, რომ მეორე ფაქტორს მთლიანად ფარავს ამ ეტაპზე.

  • უნდა ველოდოთ ხაჭაპურის უფრო გაძვირებას? ვიცით, რომ ფქვილი ძირითადად რუსეთიდან შემოგვაქვს, რომლის ფასიც იზრდება. 

ძნელი სათქმელია ხაჭაპური კიდევ რამდენად გაძვირდება. ვიდრე ომის სიტუაცია არ გადაწყდება და არ აღდგება მიწოდების ჯაჭვები, მანამდე ხაჭაპური ფიზიკურად ვერ გაიაფდება. ფაქტია, რომ მიწოდება არის შემცირებული, რის გამოც ფასი გაზრდილია და ტრანსპორტირება უფრო რთულია.

მსოფლიოში როცა დაიწყებს ფასები კლებას, განსაკუთრებით კი, ნავთობის და სურსათის, ეს მალე გადმოეცემა საქართველოსაც. მანამდე ჩვენ ცოტა კომპონენტი გვრჩება იმისთვის, რომ გავლენა მოვახერხოთ. ხაჭაპურის ფასის შემცირებას არ ველოდებით, მაგრამ გვინდა, ნაკლებად გაიზარდოს. იგივე ხორბლის დამუშავება აქ იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ არჩიეს პირდაპირ ფქვილი შემოეტანათ და წისქვილკომბინატებს შეექმნათ პრობლემა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიწოდება ძალიან შემცირებულია.

  • ვიცით, რომ უნდა გადავეწყოთ ახალ ბაზრებზე და ახლა რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სურსათი ჩვენთან ყველა ვარიანტში გაძვირდება? 

რთული საკითხია, ეს როგორი იმოქმედებს ფასებზე. ჩვენ ახლა ავტომატურად დავდექით  ახალი შესაძლებლობის წინაშე: გამოწვევა ზოგჯერ შესაძლებლობას აჩენს ხოლმე. ჩვენი ვაჭრობა იყო და არის ძალიან დამოკიდებული რუსეთზე წლებია. პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად გადაერთო რუსეთზე ექსპორტი და იმპორტიც. ახლა კი, გვინდა თუ არა, გვიწევს გადართვა, რადგან იქიდან პროდუქტების მოთხოვნაც შემცირებულია, ახლა ბაზრებს ეძებენ და მოძებნიან დროთა განმავლობაში. ახლა რომ ვნახოთ ექსპორტის სტატისტიკა, ჩანს კიდეც ეს გადართვა. მაგალითად, ღვინო, რომელიც აქამდე ძირითადად რუსეთში გადიოდა, ასევე მეტალები, ფეროშენადნობები და სპილენძი, რომელიც ასევე რუსეთში გადიოდა. ამ მეტალებს რუსეთში წარმოებაში იყენებდნენ უცხოური კომპანიები და ვინაიდან ეს კომპანიები უკვე რუსეთიდან გავიდნენ, აღარ სჭირდებათ ეს ნედლეული.

  • ხორბლის ექსპორტიორები ამბობენ, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ჯდებოდა იაფი, ხოლო სხვა ბაზრებზე გადართვა გამოიწვევს პურის გაძვირებას.

ეს ლოგიკურია, რადგან იმპორტიორები ყოველთვის ეძებენ იაფ ალტერნატივას. რუსეთიდან ხორბალი შემოჰქონდათ იმიტომ, რომ გათვალისწინებული იყო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ფასი…. შესაბამისად, ხაჭაპური გაგვიძვირდება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს გაძვირება, არ ვიცი. არსებობს ვარაუდი, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ცოტათი უნდა გაგვიძვირდეს, ასე ჩანს ეს, მაგალითად, ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით ინფლაციაზე. ეს ვარაუდები თავისუფლად შეიძლება, რომ არ აღმოჩნდეს მართალი, რადგან ძალიან ბევრი გაურკვევლობაა მსოფლიოში.

  • რა გათვლები არსებობს ამ ეტაპზე, რის თქმა შეიძლება სურსათის ფასების ზრდასთან დაკავშირებით? 

რთულია გათვლა ამ მოცემულობაში. მაგალითად, ეროვნულ ბანკს აქვს გათვლა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება 3 პროცენტზე მაღალი ინფლაცია და შემდეგ დროდადრო დაიწყებს შემცირებას. თუმცა ეს არის პირობითი პროგნოზი, რადგან ისეთი გეოპოლიტიკური ფაქტორებია, რომ ვერ გათვლი: ომი როდის დასრულდება, ნავთობის მწარმოებლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფასებზე, ასევე, გაზრდიან თუ არა მიწოდებას, რა დრო დასჭირდება ევროკავშირს რუსულ გაზზე უარის სათქმელად?

  •  თქვენი დაკვირვებით, საქართველოში კრიზისების მართვის კუთხით რა პრობლემა გამოიკვეთა როგორც კოვიდპერიოდში, ასევე ომის პირობებში? 

პანდემია იმდენად ახალი მოვლენა იყო, რომ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც იყო გამოწვევა და ხშირად ჩანდა ქაოსური, ურთიერთგამომრიცხავი მიდგომები. ჩვენ გვქონდა თავიდან ძალიან მკაცრი მიდგომა, რომ არ გავრცელებულიყო ვირუსი, მაგრამ მას ჰქონდა ნეგატიური გავლენა ბიზნესზე. შემდეგ სწრაფად გადავედით მიდგომაზე, რომელიც ძალიან რბილი იყო და ბიზნესის სტიმულირებაზე უფრო იყო ორიენტირებული…

ზოგადად, კრიზისებს ახასიათებს ის, რომ სხვადასხვა სექტორში რაც კი პრობლემა არსებობს, ეს მოდის წინა პლანზე. პრაქტიკულად ჩვენ ყველა მიმართულებით წავაწყდით გამოწვევას – დაწყებული ეკონომიკიდან, დასრულებული განათლებითა და ჯანდაცვით. მაგალითად, ტურიზმის სექტორზე დამოკიდებული ზოგიერთი სფერო თითქმის ჩამოშლის პირამდე მივიდა.

უმთავრესია, რომ მაკროსტაბილურობის კუთხით პრობლემა არაერთია – პრობლემაა ინვესტიციების შემოდინების კუთხით, მაღალი ინფლაცია დაგვიტოვა კოვიდპერიოდმა და ეკონომიკური ზრდა ამ დრომდე თითქმის უპროგნოზოა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი