მთავარი,სიახლეები

ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ

27.04.2026
ალიევმა რუსეთს ბოდიშიც კი მოახდევინა, ხოლო თბილისმა უსაფრთხოების მოტივით ევროპასთან გაწყვიტა კავშირი – ინტერვიუ

„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ – გვიყვება დიპლომატი გიორგი ბადრიძე.

მას ორი კონკრეტული შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ: ალიევის შეხვდა ზელენსკის და ყველაფერი ნათელია, თუ რა იცვლება კონკრეტულად ამით.

მეორე შეხვედრა რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში – ალიევი ივანიშვილს შეხვდა ირაკლი კობახიძის ფონზე. მანამდე ალიევს თბილისში უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი სადიგოვი გადასცეს…

„აღარც ბაქოში და აღარც ერევანში საქართველოს სანდო პარტნიორად, ეკონომიკურად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არეალთან დასაკავშირებლად აღარ განიხილავენ. საქართველო განიხილებოდა სანდოდ მაშინ, როდესაც ის იყო დაკავშირებული თავის დასავლელ პარტნიორებთან, როდესაც ის განიხილებოდა პროდასავლურ ქვეყნად. ქვეყანა, რომელზედაც ამხელა გავლენა მოიპოვა რუსეთმა, დღეს ობიექტურად ვერ იქნება ისეთი უეჭველი დასაყრდენი, როგორიც მანამდე იყო.

რუსეთის გაცხადებული ამოცანაა, რომ არ დაუშვას სამხრეთ კავკასიის დასხლტომა – გაქცევა რუსეთის კონტროლის სფეროდან,“ – გვიყვება გიორგი ბადრიძე.

„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, ზელენსკი-ალიევის შეხვედრის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რა იქნება შემდეგ, რას მიიღებს უკრაინა კონკრეტულად. ალიევი 6 აპრილს შეხვდა ირაკლი კობახიძეს, ასევე არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით, რას შეეხო ეს ვიზიტი. რას ნიშნავს ეს, რასთან გვაქვს საქმე?  

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ საყვარელი თემის – სახელმწიფო სუვერენიტეტის ხშირი გამეორების მიუხედავად, დღევანდელი საქართველო ივანიშვილის მმართველობაში სუვერენიტეტისგან საკმაოდ დაცლილია. აზერბაიჯანი მოქმედებს, როგორც ნამდვილი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვერანაირად გამართლება „ოცნების“ პირობებში ვერ იქნება ის, რომ ამას რუსეთის რიდით აკეთებენ, სხვადასხვა უსიამოვნებისგან თავის ასაცილებლად.

თავდაპირველად ეს იყო გაცხადებული „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რაც დაიწყო უკრაინასთან ჯერ დისტანცირებით, მერე მასთან დაპირისპირებით. ამას გვიხსნიდნენ იმით, რომ უკრაინამ თავის დროზე შეიფარა წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, ზოგიერთი მათგანი ძალიან მაღალ თანამდებობაზეც კი აღმოჩნდა. ამ არგუმენტის პრობლემა იმაშია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების გაციება და მერე გაფუჭება დაიწყო, ვიდრე იქ პირველი ქართველი აღმოჩნდებოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელი.

ეს იყო შეგნებულად გაკეთებული რუსეთის გულის მოსაგებად და გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესით. ეს არ იყო საქართველოს ინტერესებში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დროს მეზობელი აზერბაიჯანი ახერხებს თავის ინტერესებში მოქმედებას, ჭეშმარიტად სუვერენული პოლიტიკის გატარებას და ამ პროცესში ის, მათ შორის, რუსეთთან ზოგჯერ პირდაპირ პრინციპულ პოზიციაზე დადგომასაც არ ერიდება, როგორც ეს იყო, მაგალითად, ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიერ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ – აზერბაიჯანმა სერიოზული სანქციები დააწესა, გადადგა ნაბიჯები რუსული ორგანიზაციების და რუსული აგენტურის წინააღმდეგ თავის ტერიტორიაზე.

აზერბაიჯანის სუვერენული, თანმიმდევრული პოლიტიკა გამოიხატება ასევე აზერბაიჯანის უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებაში და ზოგ შემთხვევაში ეს ეხება, როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.

ვერავინ დააბრალებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას, რომ ის უპასუხისმგებლოდ ექცევა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საკითხებს. აზერბაიჯანი, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა თავისი მოკავშირეების დახმარებით, პირველ რიგში იმით, რომ თანმიმდევრული პოლიტიკით შეცვალა ძალთა თანაფარდობა სამხრეთ კავკასიაში.

გიორგი ბადრიძე

ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით.

არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებში – აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს ბოლოს და ბოლოს და იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის.

  • ეს აჩვენებს იმას, რომ რეალურად საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერევა რუსეთი  და „ოცნება“ პირიქით, აზიანებს, ანადგურებს საქართველოს სუვერენიტეტს? 

სამწუხაროდ, სხვა ახსნა ამას არ მოეძებნება. ის, რაც გაკეთდა უსაფრთხოების სახელით, არ მეტყველებს საქართველოს ინტერესების გაუმჯობესებაზე. ერთი და იგივე ხალხი, რომელიც ამბობს, რომ აი, რუსეთს უნდა კოჭი გავუგოროთ, რადგან რუსეთი სახიფათოა და აბა, ომი გინდათ? 300 მეტრისთვის ომს ხომ არ დავიწყებთ? უცბად იგივე ხალხი, რომელმაც შემოიტანა „არგაღიზიანების პოლიტიკის“ ცნება, პირდაპირ, მიზანმიმართულ გაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს დასავლეთის მიმართ. არგაღიზიანების პოლიტიკა რუსეთთან და გაღიზიანების პოლიტიკასთან დასავლეთთან, არანაირად არ ჯდება პრაგმატიზმის ჩარჩოებში.

მეორე: „ოცნების“ ეს რიტორიკა უკვე გადაიქცა ცივი ომის მდგომარეობად განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ თითქოსდა განსხვავებული ხელმძღვანელობა, რომელიც მოსულია შეერთებულ შტატებში უკვე წელიწად-ნახევარია, მასთან არსებობდეს რაიმე წინსვლა ურთიერთობებში. პირიქით, როგორც ალბათ იცით, ამ ადმინისტრაციამ გააგრძელა წინა ადმინისტრაციის დროს შემოღებული სანქციები პირადად ივანიშვილის მიმართ.

  • „ოცნება“ ცდილობდა იმის წარმოჩენას, რომ საქართველო არის მშვიდობის სივრცე, ამ დროს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს აზერბაიჯანში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებმა, ჯაბაროვმა განაცხადა, რომ „ჩვენი ჯგუფის წევრები [რუსეთი] მშვიდად შეძლებენ აზერბაიჯანში ჩასვლასო“. საქართველო ამ როლსაც კარგავს სამხრეთ კავკასიაში? 

ყოველთვის მხარს ვუჭერდი და არაერთხელ გამოვსულვარ მოწოდებით, რომ საქართველოს უფრო აქტიური როლი ეთამაშა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის საქმეში, სულ მცირე – შეეთავაზებინა, მაგალითად, თავისი ტერიტორია. ამის მცდელობები, ვაღიაროთ, „ქართული ოცნების“ პირობებშიც ყოფილა, მაგრამ იმისთვის, რომ შენ რეალურად იყო შუამავალი, ორივე მხარესთან უნდა გქონდეს წონა. მარტო კეთილგანწყობა არ არის საკმარისი ამისთვის და ნეიტრალობა – წონა და ავტორიტეტი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ.

სამაგიეროდ ვხედავთ იმას, რაც არ მომხდარა არასოდეს 90-იანი წლების დასაწყისიდან: საქართველოში არსებული სხვადასხვა პერიოდის ხელისუფლებები, თავიანთი ბუნებით ყოველთვის არ იყვნენ ახლოს სომხეთის და აზერბაიჯანის მმართველობის სისტემასთან, ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის და სომხეთის ყველა ხელისუფლება საქართველოს განიხილავდა, როგორც  სანდო გასასვლელს მათთვის სასიცოცხლო სივრცეზე. აზერბაიჯანისთვის ეს იყო საერთაშორისო ბაზრები და თურქეთი, მისი სტრატეგიული პარტნიორი. სომხეთისთვის ეს იყო შავი ზღვის პორტები და რუსეთის მიმართულება.

ეს ფუნქცია ბოლომდე არ მოშლილა, მაგრამ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარც ბაქოში და აღარც ერევანში საქართველოს უეჭველად სანდო პარტნიორად ეკონომიკურად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არეალთან დასაკავშირებლად აღარ განიხილავენ.

საქართველო განიხილებოდა სანდოდ მაშინ, როდესაც ის იყო დაკავშირებული თავის დასავლელ პარტნიორებთან, როდესაც ის განიხილებოდა პროდასავლურ ქვეყნად. ქვეყანა, რომელზედაც ამხელა გავლენა მოიპოვა რუსეთმა, დღეს ობიექტურად ვერ იქნება ისეთი უეჭველი დასაყრდენი, როგორიც იყო მანამდე. რუსეთის გაცხადებული ამოცანაა, რომ არ დაუშვას სამხრეთ კავკასიის დასხლტომა – გაქცევა რუსეთის კონტროლის სფეროდან.

დღეს ზუსტად ეს ხდება აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაში. საქართველოზე შეიძლება მხოლოდ გააკეთოს გარკვეული გათვლა რუსეთმა, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის რუსეთისგან დაშორების გზაზე. ასე რომ, დღეს ორივესთვის საქართველო იმდენად სანდო აღარ არის, როგორიც ის შეიძლება ყოფილიყო პროდასავლური მმართველობის პირობებში.

შესაბამისად, საქართველოს მიერ საშუამავლო როლის შესრულება ნაკლებად რეალისტურია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი ბუნებრივი როლი და ეს ძალიან მნიშვნელოვნად გაამყარებდა ჩვენს პოზიციას სამხრეთ კავკასიასა და საერთაშორისო ასპარეზზე.

  • რა ირკვევა უშუალოდ ალიევის ვიზიტზე თბილისში. თქვენი ინფორმაციით, რა იყო ამ შეხვედრის მიზანი? ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განცხადება პრესისთვის „ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე“, ხოლო ვიზიტის წინა დღით, ალიევს გადასცეს სადიგოვი… 

აზერბაიჯანის მოქალაქის მორიგი გადაცემით არ მოიპოვება აზერბაიჯანის ხელისუფლების ნდობა, მით უმეტეს – პატივისცემა. შეიძლება, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ პირიქით, ბაქოში ამგვარი ნაბიჯების გამო, გარწმუნებთ, მეტი პატივისცემა თბილისის მიმართ არ აქვთ.

აღარ მინდა მეტად დავაკონკრეტო: აშკარაა, რამდენად უხერხულად და თავმოყვარეობამოკლებულად გამოიყურება დღეს თბილისის ხელისუფლება იმის მიუხედავად, სამართლებრივად რამდენად გამართული იყო თავად სადიგოვის საქმე. ეს არანაირად არ მატებს ქულებს საქართველოს. ის, რომ ამ ფაქტის შემდეგ ხდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი, ღირსებას არ მატებს ჩვენს ქვეყანას. საერთოდ, ანგარიშს უწევენ იმ ხელისუფლებებს, რომლის ქმედებებიდან სწორედ თანმიმდევრულობა და პრინციპულობა გამოსჭვივის და არა მლიქვნელობა, უკან დახევა პრინციპულ საკითხებზე.

ალიევის ვიზიტის დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგან დახურული იყო. ეს არ მატებს არანაირად ღირსებას მოქმედ ხელისუფლებას, რომ საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა უახლოეს მეზობელთან გამართულმა ვიზიტმა. არაფერი არ არის რეალური ცნობილი იქიდან, თუ რა იყო მთავარი თემები ამ შეხვედრისა. გამოჩნდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არის კიდევ უფრო მეტად შებღალული, ვიდრე ეს ვინმეს შეიძლება წარმოედგინა.

  • სუვერენიტეტის საკითხს უკავშირდება ისიც, რომ ალიევთან შეხვედრის დეტალების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის? 

დიახ. ვიზიტი მოხდა არასასიამოვნო ფონზე, როცა აზერბაიჯანის მოქალაქე გადასცეს და ამის სამართლებრივი საფუძველი ბევრ კითხვას აჩენს. ბევრი მიზეზი გვაქვს იმაში ეჭვის შესატანად: იყო თუ არა ამ ვიზიტის დროს პრიორიტეტად წამოყენებული საქართველოს ეროვნული ინტერესები.

  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საერთაშორისო კონსორციუმთან გასდის ხელშეკრულების ვადა, დიდი ალბათობით მალე გაზი გაგვიძვირდება. არც ამ თემაზე არ უთქვამს რამე „ოცნებას“, ესაუბრენ თუ არა ალიევს…

სულ ახალი მოსული იყო ივანიშვილის ხელისუფლება, როდესაც დაიწყო ნელ-ნელა დემონტაჟი იმ ენერგოთანამშრომლობის სისტემისა, რაც მანამდე იყო აწყობილი. საქართველომ ისწავლა რუსული ენერგიის იმპორტის გარეშე ცხოვრება. ის აეწყო ახალ, უფრო იაფ და სანდო წყაროზე.

ვინც ამბობს, რომ რუსეთისგან გაზის თუ სხვა ენერგოწყაროების შესყიდვის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმპორტის დივერსიფიკაციის საჭიროებებით, იცოდეთ, რომ უსირცხვილოდ იტყუება. მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება, გაზის თუ სხვა ენერგიის წყაროებისა, იმპორტის თვალსაზრისით, არის სახიფათო და დივერსიფიკაცია სრულიად ბუნებრივი და ნორმალური მოთხოვნაა, მაგრამ ვერ მოხდება დივერსიფიკაცია იმ ქვეყნიდან ენერგიის წყაროს შესყიდვით, რომელსაც შენს მიმართ აქვს გამოხატული გეგმა, რომ შენი სახელმწიფოებრიობა მოსპოს, რომელთაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიის ნაწილი და რომლის გაცხადებული ამოცანაა, რომ დაასრულოს შენი დამოუკიდებლობა.

თავად აზერბაიჯანთან ურთიერთობის ფორმატი იყო იმგვარი, რომ მარტო საქართველო კი არ იყო დამოკიდებული აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე 100 %-ით, სანამ რუსეთიდან შემოტანა გაიზრდებოდა, არამედ აზერბაიჯანიც 100 %-ით იყო დამოკიდებული საქართველოზე – გაზის ექსპორტის თვალსაზრისით საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენ ბევრად ნაკლებს ვყიდულობდით და ნაწილს უფასოდ ვიღებდით აზერბაიჯანიდან, ვიდრე აზერბაიჯანს გააქვს ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით საერთაშორისო ბაზრებზე. ასეთ ვითარებას, როდესაც ერთი მხარე დამოკიდებულია მეორეზე და მეორეც პირველზე, ჰქვია ურთიერთდამოკიდებული მდგომარეობა. ასეთი იყო აქამდე ჩვენი ურთიერთობა.

  • მაგრამ აზერბაიჯანს ურჩევნია, გაზი ევროპაში გაყიდოს, მით უმეტეს, ევროკავშირის რუსეთის მიმართ მოქმედი სანქციების შემდეგ.

რა თქმა უნდა, ურჩევნია, ევროპაში გაყიდული გაზიდან ის ბევრად უფრო დიდ თანხას იღებს. ზუსტად, ამიტომ არის საჭირო მოლაპარაკებები და სუვერენული ინტერესების დაცვა.

  • გამორიცხავთ, რომ ამაზე ესაუბრა ივანიშვილის ალიევს? 

რატომ მოერიდებოდა, მაგალითად, ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი გახარება იმით, რომ აი, აზერბაიჯანთან იქნა მიღწეული შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეები უფრო დიდი მოცულობით გაზს მიიღებენ ხელსაყრელ ფასად?

  • ივანიშვილის მორიგ მცდელობაზე მინდა გკითხოთ: ტრამპთაუერს ავაშენებთ თბილისში, ყველაზე მაღალ შენობასო. გამორიცხავთ, რომ ალიევის ვიზიტი უკავშირდებოდეს ტრამპთან რაიმე ფორმით შეთანხმების მიღწევას? 

არის თუ არა ალიევის ვიზიტი რაიმენაირი ნაბიჯი ტრამპთან ურთიერთობის დასამყარებლად, ამაზე ვერაფერს გეტყვით. გავიგეთ, რომ ბატონი აგალაროვი, რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმოშობის პოპ-მუსიკოსი, რაღაც ურთიერთობებში იყო ივანიშვილების ოჯახთან. ამის შემდეგ გაჟღერდა ტრამპთაუერის მშენებლობის შესახებ საქართველოში.

ყველას ახსოვს ბატონი ივანიშვილის პირადი შეფასება, როდესაც მას ჰკითხეს ბათუმში დაგეგმილი ტრამპთაუერის მშენებლობაზე, სადაც ტრამპი პირადად იყო ჩამოსული და ხელიც თვითონ მოაწერა. მაშინ ივანიშვილმა ტრამპისა და საქართველოს შეთანხმება, თუ საქართველოს წარმომადგენლების შეთანხმება ტრამპთაუერის ბათუმში მშენებლობაზე შეაფასა, როგორც „ტრიუკი“, რომელიც დასჭირდა სააკაშვილს. გამოდის, რომ ეს აღარ არის ტრიუკი, ესე იგი, რაღაც ლამის უკანონო ქმედება, როგორც მაშინ იყო, ან არის, ახლა თვითონ დასჭირდა.

მე ეჭვი მეპარება, რომ აქედან რაიმე სასიკეთო გამოვიდეს საქართველოსთვის, ან თუნდაც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.

ეს უფრო ჰგავს ძალიან წვრილმანი ქრთამის შეთავაზების მცდელობას. საერთოდ, ტრამპის მიმართ საჩუქრები იზომება მრავალი მილიარდი დოლარით, სულ მცირე, ვთქვათ, 400-მილიონიანი თვითმფრინავით და ასე შემდეგ… არ მგონია, რომ ამან მაინცდამაინც გაჭრას, მით უმეტეს, ტრამპს დღეს ბევრად უფრო სერიოზული საკითხები აქვს დღის წესრიგში, ვიდრე თბილისში ტრამპთაუერის მშენებლობაზე თუნდაც დროის დახარჯვა.

  • რა გათვლით მოქმედებს ამჯერად ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? 

ამას ჰქვია პირდაპირი მნიშვნელობით ხავსზე მოკიდება – ვერანაირმა ლობისტურმა კომპანიებმა ამდენი ხნის განმავლობაში ურთიერთობები ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ვერ დაულაგეს. ვნახოთ, მეც ინტერესით დავაკვირდები ამ თემის განვითარებას.

  • როგორც ირკვევა, იმ ჩინურ კომპანიასთანაც არ გამართულა შეხვედრა, რომელიც წესით ანაკლიის პორტში უნდა შემოვიდეს… 

ჩინეთთან არაფერი არ დალაგებულა. მთელი კამპანია იყო იმაზე, რომ აი, ჩინეთი ახალი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს არ დასტურდება. არანაირი მასობრივი ან თუნდაც არამასობრივი ჩინური ინვესტიციები საქართველოში არ წამოსულა. 80 ქვეყანაა მინიმუმ მსოფლიოში, სადაც ჩინეთი აქტიურად, თავისი ინვესტიციით ან სესხის მეშვეობით აშენებს უზარმაზარ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, მაგალითად, შეაქვს ახალი ტექნოლოგიები ელექტროგენერაციის, განახლებადი ელექტროენერგიის ტექნოლოგიები, მზის სადგურები, ელექტროსადგურები თუ სხვა.

ასეთი არაფერი საქართველოში მე არ მინახავს. სადაც ნახავთ ჩინელ მშენებლებს, ისინი, როგორც წესი, არიან კონტრაქტორები და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან ნასესხები ფული მიაქვთ ჩინეთში.

„ლიბერთი ბანკის“ შესყიდვაც კი არ ხდება ჩინური ინვესტიციით – ჩინეთიდან კი არ შემოდის ფული, არამედ „ბაზის ბანკი“, რომელიც აპირებს „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვას, სესხს იღებს „თიბისისგან“, ანუ ჩვენივე ფინანსური სექტორიდან.

არანაირი ნიშანწყალი არ არის, რომ ჩინეთმა სერიოზულად აღიქვა, მათ შორის, ანაკლიის პორტის შესაძლებლობა. ამის მთავარი მიზეზი არის არა ის, რომ ჩინეთს ან ჩინურ კომპანიებს არ აქვთ საკმარისი რესურსი. ზუსტად ამას აკეთებენ მთელ მსოფლიოში. ქაღალდზე იმის დაწერას, რომ ვიღაც არის შენი სტრატეგიული პარტნიორი, ერთია, მაგრამ რეალურად ამის ნიშანწყალი არ არსებობს.

  • აღნიშნეთ, ივანიშვილი ხავსს ეჭიდებაო. თუ ტრამპთან ისევ ვერ გამონახა ივანიშვილმა საერთო ენა, რა ელის? 

დარჩება რუსეთზე დამოკიდებული. რას იწვევს რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ყველას თავის თვალით შეუძლია ნახოს ბელარუსის მაგალითზე. ბევრად უკეთესი ურთიერთობაა, ვთქვათ, ბელარუს-რუსეთს შორის, ვიდრე საქართველო-რუსეთს შორის, ხომ? ბელარუსის მმართველსაც კი, ძალიან ძვირად დაუჯდა ეს.

2020 წლამდე ლუკაშენკო რაღაცნაირად ლავირებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ის 100 %-ით დამოკიდებულია რუსეთზე და აღმოჩნდა, რომ კი ბატონო, პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა ეს ლუკაშენკოს, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად დაკარგა სუვერენიტეტი. მაგალითად, ეს გამოიხატა იმაში, რომ ლუკაშენკომ ამჯერად ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც რუსეთს დასჭირდა ბელარუსის ტერიტორიის გამოყენება ომში უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის უზარმაზარი პრობლემა. ეს წინ დახვდება ადრე თუ გვიან და ალბათ უფრო ადრე, როგორც პირადად ლუკაშენკოს, ისე ბელარუსს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: