მთავარი,სიახლეები

საბჭოთა წარსულის გადააზრებისათვის არქივებზე ღია წვდომა აუცილებელია – IDFI

22.04.2022 • 1035
საბჭოთა წარსულის გადააზრებისათვის არქივებზე ღია წვდომა აუცილებელია – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – IDFI საქართველოს არქივებში დაცულ საარქივო დოკუმენტებთან თავისუფალ წვდომას ითხოვს და ამ მიზნით   საქართველოს პარლამენტს  საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული ის დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მკვლევრისთვის, თუ მისი შექმნიდან 75 წელია გასული.

თუ საარქივო დოკუმენტის შექმნიდან (სისხლის სამართლის საქმე) 75 წელი არ არის გასული, მაშინ მკვლევარმა უნდა წარადგინოს იმ პირთა გარდაცვალების დამადასტურებელი ცნობა, ვინც შესაძლოა დოკუმენტში იყოს მოხსენიებული.

„პერსონალურ მონაცემებთან დაშვების ამ წესით არქივს აქვს ისეთი ბერკეტი, რომლითაც შეუძლია ძალიან ბევრ დოკუმენტთან არ დაუშვას მკვლევარი.

ვინაიდან ტვირთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების ეკისრება არქივს, სახელმწიფო ორგანოს, ამიტომ მათ ურჩევნიათ თავის დაზღვევის მიზნით მკვლევარს მოსთხოვონ – წარმოადგინე ვინც არის დოკუმენტებში მოხსენიებული, ყველას გარდაცვალების მოწმობა ან ყველას თანხმობა, რომ ისინი არიან მზად საარქივო დოკუმენტებზე დაუშვან. ეს არის შეუძლებელი და არათანაბარზომიერი მკვლევრებთან მიმართებაში. ეს არის, პირველ რიგში, რაზეც ვითხოვთ ცვლილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ისტორიკოსმა, IDFI-ის წარმომადგენელმა ანტონ ვაჭარაძემ.

ანტონ ვაჭარაძის თქმით, ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მკვლევრებისთვის 1947 წლის შემდგომ დოკუმენტებთან წვდომა შეზღუდულია:

„1947 წლის შემდგომ უამრავი რამ მოხდა. ძალიან ბევრი რამ არის გასააზრებელი და გასაანალიზებელი იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ, აი, ამ საინფორმაციო ომს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს“.

განმარტებით ბარათში, რომელიც საკანონმდებლო წინადადებას თან ახლავს, განმარტებულია, რომ ამ შეზღუდვის გამო მკვლევრები დღემდე ვერ ახერხებენ შეისწავლონ ისეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა: 1956 წლის 5-9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილის  და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები.

კითხვაზე, რა როლი აქვს საბჭოთა წარსულის გადააზრებაში არქივებზე ხელმისაწვდომობას, ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ისტორიული ფაქტების მთავარი წყარო არის არქივი.

„საარქივო დოკუმენტი არის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი. წყაროზე დაფუძნებული ისტორია იწერება არქივიდან.

მეორეული წყაროები არის პრესა, გამოცემები და მოგონებები, რომლებსაც არანაირად არ აქვს იგივე წონა, რაც საარქივო დოკუმენტს. მოგონებები და ისტორიები კი ქმნის ამ საერთო ნარატივს და ისტორიას, მაგრამ ეს წყაროები არ არის ისეთივე ფუნდამენტური და ღირებული, როგორც საარქივო წყაროები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არქივის სრული ღიაობა.

ისევ არასწორად მოდის ინფორმაცია – სინამდვილეში რა როლი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ეს ყველაფერი ისტორიკოსების შემდგომმა თაობებმა მაინც გადაიაზრონ. ამიტომ არის უმთავრესი არქივი, შემდეგ – ყველა სხვა დანარჩენი წყარო,“ – უთხრა ანტონ ვაჭარაძემ „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, საარქივო წყაროებთან მუშაობისას მკვლევრებს ისედაც ბევრი ბარიერი აქვთ: შეზღუდული დრო – არქივი დილის 9:30-დან საღამოს 5 საათამდე მუშაობს, აკრძალულია საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება, ასლი კი ძვირია.

„დოკუმენტის ციფრული ვერსია რომ იყიდო, მე-20 საუკუნის დოკუმენტი 1 გვერდი ღირს 1 ლარი, მე-19 საუკუნის დოკუმენტი 1 გვერდი 3 ლარი ღირს. ხშირ შემთხვევაში ერთი სტატიის დასაწერად მე პირადად 700-800 გვერდიც გამომიყენებია.  არავის არ აქვს საშუალება 1000 ლარი გადაიხადოს და ისე იმუშაოს არქივში. ასეთი ბარიერებია. თუმცა მთავარი ბარიერი არის 75-წლიანი შეზღუდვა,“- ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ შეტანილი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა განსახილველად. უცნობია, როდის განიხილავს კომიტეტი და მოიხსნება თუ არა საარქივო დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვები.

IDFI ხელმძღვანელობს დასავლეთის, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებით, სადაც საარქივო დოკუმენტებზე წვდომის მსგავსი შეზღუდვები, როგორიც საქართველოშია, არაა. ამიტომ ორგანიზაცია სახელმწიფოს სთავაზობს, მკვლევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემების შემცველი საარქივო დოკუმენტები სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისათვის, მიუხედავად პერიოდისა; თავის მხრივ  კი, მკვლევრებს შეეზღუდოთ გარდა სამეცნიერო კვლევითი მიზნებისა, მათთვის გამჟღავნებული პერსონალური მონაცემების სხვა მიზნებისთვის გამოყენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: