მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები

21.04.2022 • 3501
შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები

ბურსიტი სასახსრე ჩანთის, იგივე ბურსას ანთებაა. ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ყაველაშვილი ამბობს, რომ ბურსიტი პროფესიულ დაავადებად მიიჩნევა, შესაბამისად ის ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უწევთ ისეთი განმეორებითი მოძრაობები ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რის შედეგად ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე.

ბურსა არის დახურული, სითხით სავსე ტომარა, რომელიც ამცირებს ხახუნს სხეულის ქსოვილებს შორის. ძირითადი ბურსა განლაგებულია მყესების გვერდით ისეთ მსხვილ სახსრებთან, როგორიცაა: მხრები, იდაყვები, თეძოები და მუხლები.

  • ბატონო გიორგი, რა არის ბურსიტი?

სასახსრე ჩანთის ანთება – ბურსიტი მდებარეობის მიხედვით არსებობს სხვადასხვა. არის მუხლის, იდაყვის, მენჯის, მხრის და სხვა სახსრის ბურსიტი. სასახსრე ჩანთის ანთება შესაძლოა განვითარდეს იქ, სადაც სახსარია. ეს არის არაბაქტერიული, სტერილური ანთება. როცა იწყება სასახსრე ჩანთის ანთება, შესაბამისად, ჩანთაში გროვდება გამონადენი და ადგილობრივად ვითარდება შეშუპება, შეწითლება და ტკივილი.

ყველაზე ხშირია იდაყვისა და მუხლის სახსრის ბურსიტი, ანუ იმ სასახსრე ჩანთების ანთება, რომლებზეც ყველაზე ადვილად შეიძლება გარეგანმა ფაქტორებმა იმოქმედონ.

  • რა არის ბურსიტის მიზეზი?

გამომწვევი არის ძირითადად გარე გამაღიზიანებლები, ტრავმა, დატვირთვა, ტემპერატურის (მაგალითად, სიცივის) ზემოქმედება.

ბურსიტი პროფესიულ დაავადებადაც მიიჩნევა, შესაბამისად, იგი ხშირია ადამიანებში, რომელთაც უწევთ სახსრების ხშირი მუშაობა, განმეორებითი მოძრაობების კეთება ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რომლითაც ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე. შეიძლება იყოს ერთჯერადი ტრავმის ან ხანგრძლივად განმეორებადი ზემოქმედების შედეგი.

გარდა ამისა, ბურსიტი ხშირია ადამიანებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასაკობრივი ფაქტორიც მნიშვნელოვანია.

ბურსიტის სხვა მიზეზებია ამ უბნის დაზიანება ან ტრავმა, ანთებითი ართრიტი, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ინფექცია.

მიუხედავად იმისა, რომ ბურსიტი გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, ხანდაზმულები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ხანდაზმულს აწუხებს ოსტეოართრიტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, რამაც შეიძლება გაზარდოს ბურსიტის რისკი.

  • სიმპტომები როგორია?

ბურსიტს ძირითადად ახასიათებს ჰიპერემია, იგივე შეშუპება, შეწითლება ადგილობრივად და ტკივილი. თუმცა შეიძლება ბურსიტი მიმდინარეობდეს ტკივილის გარეშეც. მაგალითად, იდაყვის ბურსიტს არ ახასიათებს ტკივილი, მხოლოდ დისკომფორტი და შეშუპება შეინიშნება. ჰიპერემია და სიწითლეც პირობითია, ზოგჯერ შეიძლება იყოს, შეიძლება – არა.

  • პირველადი დახმარება რა შეძლება იყოს ბურსტის დროს?

ბურსიტის დროს მთავარია იმ სახსრის მოსვენება, სადაც ბურსიტი განვითარდა. უმჯობესია პაციენტმა თვითნებურად არ დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა, რადგან არსებობს ბურსიტის ფორმა, როცა არასტეროიდული [არაჰორმონალური] ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა პირიქით, ცუდად მოქმედებს მასზე, მაგალითად, როცა ადგილზე კანია გაღიზიანებული.

  • დიაგნოსტირება როგორ ხდება?

ბურსიტის დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, ხდება სიმპტომურად, კლინიკურად და შემდგომ ულტრაბგერითი კვლევით. კომპიუტერული ტომოგრაფია და დანარჩენი დამატებითი კვლევები, მაგალითად, რენტგენი, შეიძლება დაგვჭირდეს იმის დასადგენად, სახსარში ცვლილებით ხომ არ არის გამოწვეული ბურსიტი, რადგან იგივე ბურსიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სახსარში ართროზული ცვლილებებით [მაგალითად, მუხლის, იდაყვის ან  სახსარში არსებული სხვა წანაზარდები, რასაც მარილების დაგროვებას ეძახიან, ხშირად იწვევს ბურსიტს].

ამისთვის შეიძლება დავამატოთ რენტგენი, თორემ უშუალოდ ბურსიტის დასადგენად ვიზუალური მხარე და კლინიკური გამოკითხვა უკვე საკმარისია.

  • როგორ მკურნალობენ?

გააჩნია ბურსიტის სახეს, არის არაანთებითი ბურსიტი, რომელიც, პირველ რიგში, მოითხოვს კიდურის მოსვენებულ მდგომარეობაში გაჩერებას და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტებით მკურნალობას.

არის შემთხვევები, როცა ბურსიტი არ ქრება და საჭიროა მედიკამენტებით პუნქცია, ანუ სითხის გამოღება [ბურსიტის შედეგი არის სითხის დაგროვება იმ ჩანთაში, სადაც ანთებაა]. თუ ბურსიტი ამის შემდგომაც მეორდება, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა და ჩანთის ამოკვეთა, მაგალითად, იდაყვის მორჩის ბურსიტზე ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რომლის დროსაც ვიღებთ სასახსრე ჩანთას.

  • ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის ამ მედიკამენტების მიღება რამდენად დასაშვებია?

ასეთ პაციენტებთან, რა თქმა უნდა, შეზღუდული ვართ წამლების დანიშვნაში,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები გადადის ბარიერს და ნაყოფზე მოქმედებს, მაგრამ არის აქაც სხვა სახის პრეპარატები, რომელთა დანიშვნაც შეგვიძლია.

  • პრევენცია რა შეიძლება იყოს?

ეს ცოტათი რთულია, რადგან არ იცი, როდის დაგემართება, თუმცა თუ ერთხელ განვითარდება, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ, თუ დატვირთვას უკავშირდება ან სხვა გარეგან გამღიზიანებელს, დატვირთვის მოხსნა და გამაღიზიანებლის აცილება საკმარისია, მაგალითად, ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ მოერიდოს ხანგრძლივად იდაყვზე დაყრდნობას.

თუ ბურსიტი ჩირქოვანია, ანუ როცა ერთვება ბაქტერიული ბურსიტი, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური, საჭიროა პირდაპირ გახსნა და ქირურგიული ჩარევა. ეს მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის იმუნიტეტი ძლიერ დაქვეითებულია და საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა. სასახსრე ჩანთის ამოკვეთისას ეს პროცესი  სრულიად ლაგდება.

_________________

ბურსიტის თავიდან ასაცილებლად ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი გირჩევთ:

  • გახურდით სპორტის ან სხვა განმეორებადი მოძრაობების წინ
  • დაიწყეთ ახალი ვარჯიშები ან სპორტული აქტივობები ნელა და თანდათან
  • ხშირად დაისვენეთ განმეორებითი დავალებების შესრულებისას
  • შეარბილეთ „რისკის ქვეშ მყოფი“ სახსრები იდაყვის ან მუხლის ბალიშების გამოყენებით
  • შეწყვიტეთ აქტივობები, რომლებიც იწვევს ტკივილს
  • შეეცადეთ, ყოველდღიური საქმიანობისას სხეული გეჭიროთ სწორად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: