მთავარი,სიახლეები

რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

12.01.2022 • 1263
რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით. სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, წამლებზე ფასის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს – ეს არის გენერიკული რეცეპტების გამოწერა, ასევე ფარმაცევტს დაევალოს, შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი და ევროპის ქვეყნების ტიპის მსგავსი რეგულაციების შემოღება.

„შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 180-მდე წამლის იმპორტიორი კომპანიაა, თუმცა „მიუხედავად კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის და იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდნეობისა, 3 ყველაზე მხვილი იმპორტიორი კომპანიის [„გეფა“, „პსპ ფარმა“, „ავერსი-ფარმა“] წილი, ბაზრის იმპორტის დონეზე, სტაბილურად მაღალია [57%-დან 68%-მდე]“.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნის შედეგების მიხედვით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რეგულაციების სიმცირით და მაღალკონცენტრირებულობით გამოირჩევა. ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები ერთდროულად ფლობენ იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო რეალიზაციის, კლინიკების დაზღვევის კომპანიებს.

ჰოლდინგურ ჯგუფებს აქვთ საბაზრო ძალა, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამომწერ პასუხისმგებელ პირებზე, რაც სააგენტოს შეფასებით შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჰოლდინგური ჯგუფების მიერ მეტწილად, ხორციელდება ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ იმპორტირებული/წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია, რაც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის 50%-ს და მეტს.“ – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვანია GMP [კარგი საწარმოო პრაქტიკის] სტანდარტის შემოღება როგორც იმპორტის, ასევე ადილობრივი წარმოების დონეზე.

სააგენტოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა.

ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი; 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას [სულ 1238 აფთიაქი], ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად 927 აფთიაქს ფლობს.

„ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ახალი თამაშის წესების განსაზღვრის მიზნით“, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა.

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს.

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

ფარმაცევტული ბაზრის გრძელვადიანი მონიტორინგი, 2018 წელს პარლამენტის დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. მონიტორინგის პირველადი შედეგები 2021 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: