მთავარი,სიახლეები

როდემდე გაუძღვება ბათუმის ახალ საკრებულოს ნერიმან ცინცაძე – რას ამბობენ დეპუტატები

27.11.2021 • 5412
როდემდე გაუძღვება ბათუმის ახალ საკრებულოს ნერიმან ცინცაძე – რას ამბობენ დეპუტატები

რამდენ ხანს მოუწევს საკრებულოს სხდომების ჩატარება ნერიმან ცინცაძეს, რომელიც ასაკით ახალ შემადგენლობაში ყველაზე უფროსია და რამდენად შესაძლებელია, საკრებულოში თანამდებობები თავმჯდომარის აურჩევლობის მიუხედავად გადაინაწილონ? – უხუცესი წევრი, ნერიმან ცინცაძე „ბათუმელებს“ პასუხობს, რომ ამის შესახებ ჯერ კონკრეტულად არავისთან უსაუბრია. ბათუმის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული.

„ვიცი, რომ უხუცესი წევრი ვარ. ზოგადად ვიცი, რომ პირველი სხდომის წარმართვა მომიწევს, მაგრამ კონკრეტული საუბარი ჯერ ამ საკითხზე არ მქონია,“ – ამბობს ნერიმან ცინცაძე. მისი თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ჯერ პირველი სხდომის სამზადისი არ დაუწყია და არც კონსულტაციები, რამდენად შეიძლება გადანაწილდეს თანამდებობები ოპოზიციასთან და მოხერხდეს კრიზისის არიდება, ანუ რიგგარეშე არჩევნები.

„რამდენიმე დღეში შემიძლია დაგელაპარაკოთ კონკრეტულად,“ – გვიპასუხა ნერიმან ცინცაძემ. ის მოქმედი საკრებულოს წევრიცაა ასევე „ქართული ოცნებიდან“.

კანონის მიხედვით, საკრებულოს პირველ სხდომას უხუცესი წევრი მართავს, შემდეგ კი, თავმჯდომარე, რომელიც საკრებულოს წევრებმა უნდა აირჩიონ. ბათუმის საკრებულოში, დღევანდელი მოცემულობით, უმრავლესობა არავის აქვს. შესაბამისად, ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, როდის მოხერხდება მისი არჩევა, ან საერთოდ მოხერხდება თუ არა თავმჯდომარის არჩევა – ამ კითხვებზე ბათუმის ახალ საკრებულოში ვერავინ პაუხობს.

თვითმმართველობის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.

კანონის ამ ჩანაწერის მიხედვით, თუკი საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულო ვერ აირჩევს, საკრებულოს სხდომებს უხუცესი წევრი ატარებს. კანონი არ აკონკრეტებს, რამდენ თვეს ან წელს შეიძლება გაგრძელდეს ასე.

„ეს პრობლემური ჩანაწერია,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე და შენიშნავს, რომ არც ერთი სამართლებრივი აქტით არ არის განსაზღვრული შემთხვევა, როცა საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს.

საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში უხუცესი წევრი დროებით მმართველადაც შესაძლოა განვიხილოთ, ვიდრე ახალი თავმჯდომარის არჩევას შეძლებს საკრებულო და მას იმ აქტებზე ხელმოწერის უფლებაც შეიძლება ჰქონდეს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა სავალდებულოა.

„პრაქტიკაში საინტერესო იქნება, როგორ განიმარტება უხუცესი წევრის ნორმა. საკრებულომ უნდა განმარტოს თავად ნორმის შინაარსი, რადგან ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

ბათუმის საკრებულოში 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა – 19 მანდატი, თუმცა შემდეგ გახარიას პარტიის ერთი წევრი – ირაკლი თავდგირიძე დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. 18 ნოემბერს გარდაიცვალა ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, თუკი ის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდებოდა და ამით ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავდა.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ მანდატები ასე ნაწილდები – 17:17.

რამდენად მზადაა ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გადაინაწილოს საკრებულოში არსებული 13 თანამდებობა იმ ფონზე, თუკი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, მაგრამ გადადგან ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ საკრებულო დასათხოვი არ გახდეს? – ოპოზიცია კრიზისის გამოწვევას უფრო უშვებს, ვიდრე იმას, რომ „ოცნებასთან“ ერთად საკრებულოში თანამდებობები გადაინაწილოს.

„გადაწყვეტილი არაფერია, დღესაც გრძელდება კონსულტაციები… რამდენიმე დღეში ჩვენ წარმოვადგენთ ღიად, როგორი იქნება ჩვენი წინადადება, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ გამორიცხულია რამე თანამდებობაზე საუბარი. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ მივიღოთ კრიზისი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

თუკი ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, აკაკი გვიანიძეს, წარმოუდგენლად მიაჩნია შეთანხმება დანარჩენ თანამდებობებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ სამართლებრივად შეუძლებელი იქნება იმგვარ ფორმატში მუშაობა, როცა საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე არ ეყოლება, მაგრამ იმუშავებენ კომისიები და ფრაქციები.

„უხუცესი ნიშნავს პირველი სხდომის თავმჯდომარეს და არა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს… პროცედურით პირდაპირ განსაზღვრულია ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ასახელებს მოადგილეებს. ამის შემდეგ ირჩევა უკვე კომისიების შემადგენლობა. საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე ვერ გადანაწილდება სხვა თანამდებობები, ჩემი აზრი ასეთია,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“.

___

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა, მეორე ტური კი 30 – ოქტომბერს. არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 7 საკრებულოში – ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, რუსთავში, სენაკში  – „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: