მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

01.11.2021 • 3596
„ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებისთვის,“ – გვიპასუხა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის ჩავლის შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რეალურად რა შანსი აქვს საქართველოს დემოკრატია გააძლიეროს და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესი შეინარჩუნოს ამ ვითარებაში, როცა არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა ჭირს? „ბათუმელებმა“ ინტერვიუ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან, კორნელი კაკაჩიასთან ჩაწერა.

  • ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რა შანსი აქვს საქართველოს დღეს, რადგან, როგორც ჩანს, არჩევნების უფლების დაცვასაც ვერ ვახერხებთ? 

ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შანსი, რომელიც ჰქონდა ქვეყანას, რომ დაბრუნებოდა დემოკრატიული განვითარების რელსებს. ხელისუფლებამ დაინახა, რომ დიდ ქალაქებში აღარ აქვს პრაქტიკულად დასაყრდენი და რომ არ გამოეყენებია ისევ აქტიურად ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება და ის მეთოდები, რაც ეუთოს ანგარიშებშიც მოხვდა, ამით საფუძველს ჩავუყრიდით მრავალპარტიული სისტემის შექმნას და ცენტრის და რეგიონების ურთიერთობებსაც დაეტყობოდა უკეთესობა.

ეს შანსი გაშვებულია ხელიდან. შესაბამისად, გაიზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. არავინ იცის, რამდენად გაუძლებს ხელისუფლება ამ ძლიერ ზეწოლას. შესაძლოა, ის საერთოდ ჩამოიშალოს, როგორც შევარდნაძის ხელისუფლება და ეს არ გვინდოდა ჩვენ ყველას ერთად, რომ მერე საერთოდ გაქრეს ეს პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ველიდან. ახლა რეალურად ხელისუფლების მიმართ რადიკალიზაცია იზრდება, რაც შეუძლებელს ხდის სტაბილურობის მიღწევას ქვეყანაში.

  • რამდენად გაიზარდა რისკი, რომ რეალურად დასავლეთის ინტერესი დავკარგოთ? 

თუ გადავხედავთ საელჩოების თუ მაღალჩინოსნების განცხადებებს, იგრძნობა ეს გულაცრუება, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს მხრიდან. დღეს ხდება საქართველოს საკითხით ე.წ. გადაღლა, როგორც ეს, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ საქართველოსკენ გამოხედვა მის მეგობარ ქვეყნებსაც კი აღარ მოუნდეთ. ეს გაუგებარი პოლარიზება, გაუტანლობა და სიძულვილი ყელში ამოუვიდა ყველას. ყველამ იცის, რომ ეს ენერგია, რომელიც იხარჯება ამ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში, უნდა იყოს მიმართული იმ საკითხების მიმართ, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ამ ე.წ. გადაღლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისიც, რომ საქართველოს საკითხმა კიდევ უფრო მეტად დაკარგოს აქტუალურობა და ქვეყანა თანდათანობით იზოლაციაში მოექცეს.

რეალურად საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიც ამ იზოლაციას უწყობს ხელს, როცა შენ შენს სტრატეგიულ პარტნიორებს ეუბნები, რომ მათი აზრი არ გაინტერესებს, ჩემს საქმეში ნუ ერევი, რამდენს ბედავო.

ამ დროს უნდა გადავხედოთ ასევე, ვინ არიან ჩვენ გარშემო: რუსეთი, თურქეთი, ირანი. არც ერთი მათგანი არ გამოდგება ნიმუშად დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. თურქეთიც არალიბერალური სახელმწიფოა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს იზოლაციის ფუფუნება. პირიქით, ეს პირდაპირ აწყობს რუსეთს, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში და მას აღარ დარჩეს საერთაშორისო პარტნიორი.

  • ხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლოა საქართველო რუსეთისთვის მისაღებ ფორმატში ჩაერთოს, ან, მაგალითად, განაცხადოს, რომ მისთვის ე.წ. ნეიტრალიტეტია მისაღები, რაც ასევე რუსეთის ინტერესია? 

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები 3+3 ფორმატზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, არასწორად გაიგეთ განცხადებებიო, მაგრამ კითხვები გაჩნდა. ფაქტია, რომ ეს ფორმატი არაფრით შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ჯერჯერობით მარგინალური, პრორუსული პარტიების გარდა ნეიტრალიტეტზე ვერავინ საუბრობს ღიად, რადგან ჩანს მკაფიოდ, რომ ამ იდეის მომხრეები საქართველოში არ არიან. იციან, რომ ეს იქნება პოლიტიკური დასამარება და ამიტომაც არ საუბრობენ. ცნობილია, რომ  მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.

  • თუმცა ეს ხელს არ უშლის ხელისუფლებას, არ შეასრულოს სასამართლოს რეფორმა და მერე უარი უთხრას ევროპას ფინანსურ მხარდაჭერაზე. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირმა აამოქმედა პირობითობის პრინციპი, რაზეც საქართველომ უარი თქვა. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია – გამოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი, რადგან რეალურად გვჭირდებოდა ეს ფული და ახლა სხვა გზით უნდა მოვიპოვოთ იგი. ასე იქცევიან ავტორიტარული ქვეყნები, ასე იქცევა აზერბაიჯანი, ბელორუსია.

ეს არის გზა არსაით.

უკუსვლის გარდა ხელისუფლების განცხადებებში უკვე მკაფიოდ იგრძნობა ავტორიტარული ტონი. ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის, განსაკუთრებით პრემიერი, უნდა იყვნენ გაერთიანებაზე ორიენტირებული და ამ დროს პირიქით, პრემიერი არის რადიკალიზაციის წყარო. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის მდგრადი დემოკრატიის განვითარებას.

ხელისუფლება ხედავს, რომ მისი პოპულარობა დაეცა, მაგრამ ეშხშია შესული, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად, თანაც, მოქმედებას ე.წ. ვენდეტის წესი, როცა ახალი ხელისუფლება ცდილობს წინა ჩაძიროს და გააქროს. „ოცნებაშიც“ მიიჩნევენ, რომ იძულებული არიან იბრძოლონ ბოლომდე, ვენდეტის წესი მათზეც რომ არ გავრცელდეს.

  • ამ ვითარებაში რა შეიძლება აკეთონ კრიტიკულად განწყობილმა მოქალაქეებმა? 

ახლა მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ვალია, დაასრულონ რადიკალიზაცია. ვფიქრობ, არასწორად ვიყენებთ ტერმინს „პოლარიზაცია“, რადგან პოლარიზება ნიშნავს იდეოლოგიურ შეუთავსებლობას. ჩვენთან კი, გამოკითხვებით ჩანს, რომ უმრავლეს საკითხში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებიც ერთნაირად ხედავენ პრობლემების მოგვარებას. ეს დაძაბულობა უფრო არის რადიკალიზაცია კონკრეტული ლიდერების გარშემო. ჩვენ ეს პიროვნული დაპირისიპირება უნდა გადავიყვანოთ ინსტიტუციონალურ ჩარჩოში, ბიპოლარული სისტემა რომ ავიცილოთ თავიდან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პატარ-პატარა პარტიები, მულტიპარტიული სისტემა და ვცადოთ, ისევ ერთპარტიული სისტემა არ მივიღოთ სამომავლოდ.

ამ ჯაჭვის გაწყვეტაა საზოგადოების მოვალეობა.

ბოლო დღეებშიც გაჟღერდა ეს, რომ ერთიან ფრონტში უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ბიზნესი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ. მხოლოდ პოლიტიკოსებს არ აქვთ ცვლილებების რესურსი, რაც გამოჩნდა. მოქალაქეებმა ხელი უნდა შევუწყოთ მეტოქეობას კონკრეტული საკითხების გარშემო, მსჯელობას იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, გვაწუხებს. ეს არჩვენები ხომ ადგილობრივი თვითმმართველობის იყო და ამ დროს მუნიციპალურ საკითხებზე საერთოდ არ იყო საუბარი.

  • რა რესურსს ხედავთ ამისთვის და რა გზით?  

გამოუვალი სიტუცაცია ჩანს ახლა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მაინც დროებითია.

რაღაც გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ მივდივართ კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების კალაპოტს. ეს გარდაუვალია.

სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ამბობდნენ და ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატო-ში გაწევრიანებისთვის… ბალტიისპირეთშიც იყო ასეთი დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ინტერესი წინ წამოწიეს.  კონსესუსის მიღწევა ჩვენც უნდა ვისწავლოთ.

  • ოპოზიცია აანონსებს ისევ ქუჩის აქციებს. თქვენი აზრით, ახლა სხვა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ქუჩაში გამოხატულ პროტესტს, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს? 

ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოაგვარებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ყველაზე დიდი თავის ტკივილი. ხელისუფლებისთვის არის პრობლემა შიმშილობა, ისიც, რომ ციხიდან გაუშვას… თუ ასე გაგრძელდა, ეს გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას და კიდევ უფრო ხისტი პოზიციების მიღებას. მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლება, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალურად ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციური მუხტია, მორალურად ოპოზიციამ გაიმარჯვა და არ არის გამორიცხული რიგგარეშე არჩევნები მივიღოთ.

ქუჩის დემონსტრაციებით არა მგონია მოხერხდეს საპროტესტო მუხტის შენარჩუნება, მით უფრო, კოვიდპანდემიის პირობებში, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება.

მიხეილ სააკაშვილი ელოდა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ მხარდაჭერას, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ იყო. დასავლეთი არ არის დაინტერესებული რადიკალიზაციით და რევოლუციით. სააკაშვილს რეალურად სურდა „ვარდების რევოლუციის“ ახალი ვერსია შეექმნა, მაგრამ საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად. ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ინტერესი აქვთ მხარი დაუჭირონ საქართველოს სიძლიერეს და არა რომელიმე ლიდერს. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ოპოზიციასაც აქვს პრობლემები.

მაგალითად? 

მაგალითად, იგივე რადიკალიზაცია, ქუჩაში გასვლა პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, გეგმის არქონა…. მაგალითად, როცა ოპოზიციამ კოალიციური მერიის შემადგენლობა წარმოადგინა, „ნეტგაზეთთან “ ვთქვი, რომ ეს იყო სწორი, მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯი. არასერიოზულია, როცა არჩევნებამდე სამი დღით ადრე აანონსებ კოალიციურ მოდელს, ეს არ ქმნის კარგ შთაბეჭდილებას. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს დასავლეთს თავისი პოლიტიკური მზაობა, მოწიფულობა დაანახოს.

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ ის უკეთესი ვარიანტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: