მთავარი,სიახლეები

„არის თანხის გადაცემის ფაქტი“ – რა დარღვევებზე საუბრობს ენმ ბათუმში

30.10.2021 • 1120
„არის თანხის გადაცემის ფაქტი“ – რა დარღვევებზე საუბრობს ენმ ბათუმში

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ენმ-ს წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, დღეს, ამ დრომდე პარტიის დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი, მათ შორის ოთხი საჩივარი დაიწერა საოლქო კომისიაში.

მირდატ ქამადაძის თქმით, მერვე უბანზე იყო შემთხვევა როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, მაგრამ სამაგიდო სიაში მათი გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. „მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება, რაც აჩენს ეჭვს, რომ კარუსელს ატრიალებს სახელისუფლებო პარტია.

როგორც ვიცით, საარჩევნო უბანზე ასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება გარეშე პირების ყოფნა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ნოუ ჰაუ შემოგვთავაზა და ე.წ ძველ ბიჭებს ბეიჯი ჩამოკიდა და თითქოს ლეგალური გახადა მათი იქ ყოფნა. რეალურად, ეს ადამიანები იმიტომ იმყოფებიან უბანზე, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა.

24-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ჯავახიშვილის ტერიტორიას ეკუთვნის ეს უბანი, დადასტურებულია თანხის გადაცემის ფაქტი და ამის ვიდეომასალებს მოგაწვდით ჟურნალისტებს.

უბნიდან ასმეტრიანი რადიუსის დარღვევის ხშირი ფაქტებია, რაზეც პოლიციას არაერთხელ მივმართეთ თუმცა ხშირად პოლიციელები არიან ინერტულები“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები შეგნებულად აზიანებენ ბიულეტენებს:

„როცა ჩვენი მხარდამჭერები მიდიან უბანზე და ცნობენ მათ სახეზე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, ან ბეჭდს აკლებენ ბიულეტენს, ან ხელი არ არის მოწერილი, რაც საბოლოოდ ამ ბიულეტენის ბათილობას გამოიწვევს. ამ ფაქტებზეც დაწერილია საჩივარი“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ამავე თემაზე: 

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: