მთავარი,სიახლეები

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

30.10.2021 • 798
რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

ავტორი: ანა შენგელია 

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს დარღვევების ჩამონათვალს, რომელიც ამ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა შენიშნეს საარჩევნო უბნებზე 11 საათამდე. 

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში შემდეგ დარღვევებზე საუბრობს:

  • მე-100 საარჩევნო უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურა – კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ. 
  • #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი კომისიის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმების გარეშე გადასცა ამომრჩეველს.
  • 59-ე საარჩევნო უბანზე  ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხელი არასათანადო ადგილას მოაწერა. 
  • მე-6 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო. „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიამ ახალი ხელსაწყო საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღო. 

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო უბნის გარეთ არსებულ დარღვევებზეც.

ორგანიზაციამ სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი დააფიქსირა ბათუმში:

  • #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ;
  • #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ბათუმში შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან:

  • #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში, მობილიზებულნი არიან პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომელთაც ხელში სახელობითი სიები უჭირავთ და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს, როგორც უბანში შესვლამდე, ისე უბნიდან გამოსვლის შემდეგ; 
  •  #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნება კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამ ეტაპზე დაუდგენელია მათი პარტიული მიკუთვნება; 
  • #85 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, შეინიშნება პარტია ,,ქართული ოცნების” კოორდინატორების შეკრება, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩეველთან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: