მთავარი,სიახლეები

„გვითხრა, რომ ყველაფერს გადაიღებს“ – ბათუმის ოლქმა ჟურნალისტზე თავდასხმა დაუშვა

26.10.2021 • 1548
„გვითხრა, რომ ყველაფერს გადაიღებს“ – ბათუმის ოლქმა ჟურნალისტზე თავდასხმა დაუშვა

„ეს არ უნდა მეკითხა მე“ – გვიპასუხა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ, რომელმაც ჟურნალისტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე 25 ოქტომბერს უარი თქვა და სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: გაიხსენეთ თქვენი, ან კომისიის რომელიმე წევრის ერთი კითხვა მაინც, რომლითაც ეცდებოდით გაგებას: თავს დაესხნენ თუ არა ჟურნალისტს რეალურად საუბნო კომისიის წევრები?

ბათუმის საოლქო კომისიას საჩივრით „ბათუმელების“ ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ 2 ოქტომბრის შემდეგ მიმართა, თუმცა კომისიამ მის განხილვაზე უარი თქვა, რადგან ჟურნალისტი არაა უფლებამოსილი საარჩევნო დავა წამოიწყოს. საოლქო კომისია საჩივარზე სამსჯელოდ მას შემდეგ შეიკრიბა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საოლქო კომისიის იურისტს ჰკითხა: „მაგრამ დისციპლინური საქმისწარმოებისთვის რა არის საჭირო? არ შეუძლია ნებისმიერ პირს დარღვევაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ეს განიხილოთ?”

ჟურნალისტმა საჩივარში ჩაწერა, რომ ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე მას შემდეგ შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში, როცა ფეისბუქლაივით უბანზე ერთ-ერთი პრობლემა გაასაჯაროვა.

„კომისიის მდივანმა აგრესიულად მომთხოვა პასუხი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მომმართავდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ოჯახივით მიგიღეთ, საჭმელზე გეპატიჟებოდით და შენ ეს რა გამომიქვეყნე გოგო“, „ქუჩის ჟურნალისტი ხარ“, „რას გავხარ“, „დავრეკეთ შესაბამის ადგილას და იყო ჩვენთან ზარები, გვითხრეს, ვიცით უკვე რა ბინძური სულის ჟურნალისტი არის ჩვენთან“, „სკოლაში გაზრდი დებილს და დაინახავ მერე ტელეფონით ხელში დგას და ჟურნალისტი გამხდარა“, „დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან“, „ქალი რომ ასეთი ინტრიგანი იქნები, დადგები და იღებ ყველაფერს,“ – საჩივარში პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის სხვა ფაქტებთან ერთად ეს ციტატები გაიხსენა ჟურნალისტმა.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია

საოლქო კომისიის წევრებმა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემაც ბევრი კითხვა დასვეს, თუმცა ერთი კითხვითაც არ უცდია კომისიას იმის გარკვევა, რაც იყო დავის საგანი, ანუ ხელი შეუშალეს თუ არა რეალურად ჟურნალისტს. პირიქით, საოლქო კომისიამ დავის საგანს სხდომის დასაწყისშივე გადაუხვია და იმის გარკვევით დაკავდა: ხომ არ დაარღვია ჟურნალისტმა წესები?

„მიზეზი რა იყო ამ კონფლიქტის? ტყუილად არ მოხდებოდა,“ – იკითხა მაგალითად, საოლქო კომისიის წევრმა, რამაზ კაკალაძემ და საუბნო კომისიის წევრებს გადახედა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საოლქო კომისიის გუშინდელ სხდომას.

„ჟურნალისტს თუ აქვს უფლებები, ჩვენ არ გვაქვს უფლებები?“ – ეს რადენჯერმე იკითხეს კომისიის წევრებმა პოლიტიკოსების პათოსით.

„როგორ შევუშალეთ ხელი, როცა თავიდან მოვიდა, ტელეფონი ჰქონდა დასამუხტი და შევაერთებიე…“ – თქვა 34-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გივი მამულაძემ.

„გადაუღო ფოტო ისეთ პოზიციაში, რომელი პოზიციაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მიუღებელია… საჯდომი გადაიღო და ასე შემდეგ,“ – ჟურნალისტის საქმიანობისგან შეწუხებულმა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „ბრალდებების“ ჩამოთვლა დაიწყო.

საუბნო კომისიის წევრების თქმით, ჟურნალისტმა უხერხული ფოტო გადაიღო და გაასაჯაროვა.

ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს გადაღებული ფოტო. საუბნო კომისიის წევრების თქმით, ეს „უხერხული“ ფოტო

ამ ფოტოზე ხმების დათვლის მიტოვებული პროცესია გადაღებული. საოლქო კომისიამ არ სცადა გამოერკვევა, ამ ფოტოს გასაჯაროვების შემდეგ მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა ჟურნალისტს უბანზე. საოლქო კომისიამ თავისი კითხვებით და შეფასებებით კვერი დაუკრა საუბნო კომისიას, რომ ჟურნალისტს პრობლემის ამსახველი ფოტო არ უნდა გადაეღო.

უფრო ზუსტად კი კომისიამ „მიაგნო“ პრობლემას – ფანჯარაში მომზირალი ქალის დაფიქსირებაა პრობლემა და ჟურნალისტმა ეს ჩაიდინა.

„მე გახსოვართ?“ – ჟურნალისტს მოულოდნელად საოლქო კომისიის წევრმა მზია მჟავანაძემაც გაახსენა თავი, რომელიც 2 ოქტომბერს უბანზე გადაღებულ ლაივში მოხვდა.

„მიგითითეთ, რომ თქვენი ადგილი დაგეკავებიათ… შვილმა ჩამიგდო, რა კომენტარებსაც მიწერდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ,“ – ბრაზი ჟურნალისტის მიმართ საოლქო კომისიის არც ამ წევრმა დამალა.

„თქვენ ამბობთ, რომ ჟურნალისტებმა არ გადაიღონ არაფერი და კითხვები არ დასვან? ჟურნალისტი ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას,“ – საოლქო კომისიის წევრებს მიმართა იურისტმა ნათია კაპანაძემ, რომელიც ჟურნალისტის ინტერესებს იცავს. იურისტმა საოლქო კომისიას რამდენჯერმე მოუწოდა დავის საგანზე ემსჯელათ და არა იმაზე, დაარღვია თუ არა წესები ჟურნალისტმა, რადგან ჟურნალისტმა თუკი კენჭისყრის შენობაში რამე დაარღვია, კომისიის თავმჯდომარეს იქვე უნდა მიეთითებინა ამისკენ. თუ კანონიერ მოთხოვნას ჟურნალისტი, ან დამკვირვებელი არ ემორჩილება, კომისიას მისი გაძევებაც შეუძლია.

საუბნო კომისიის წევრების თქმით, ჟურნალისტი სამაგიდო სიებს იღებდა, რის უფლებაც არ ჰქონდა და ასევე არ იკავებდა მისთვის განსაზღვრულ ადგილს. მათ ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„გაოგნებული გისმენთ. თუ ასეთი ამბავი იყო, გაგეძევებინათ,“ – მიმართა კომისიის წევრებს ირმა ხოროიშვილმა, ის საოლქო კომისიის წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან.“ მან საოლქო კომისიას ასევე შესთავაზა ერთად ენახათ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებული ვიდეო კადრები.

„მე ვნახე და გაოგნებული დავრჩი, ისე მიმართავდით ჟურნალისტს, სირცხვილია… თქვენ მეორე ტურის წინ ახალისებთ კომისიებს,“ – უთხრა სხდომის მონაწილეებს ირმა ხოროიშვილმა.

საოლქო კომისიამ ოპოზიციონერ წევრს საერთოდ არ უპასუხა და არც ვიდეოჩანაწერის ნახვის სურვილი გამოუხატავს. კომისიის წევრებმა საუბნო კომისიის წევრების „ბრალდების“ მოსმენა განაგრძეს.

„პირდაპირ მოვიდა, თქვა, რომ გამოგზავნილი ვარო და ყველაფერს გადავიღებო, დააკომპლექსა კომისია, დააბულინგა… არ გავთიშავ მე ლაივს და თქვენს ყველა მოქმედებას გადავიღებო,“ – საოლქო კომისიის სხდომაზეც აშკარად კარგად იგრძნო თავი 34-ე საუბნო კომისიის მდივანმა, სოფიო საფარიძემ.

„ჩემი ლაივები ჯამში 9 წუთს არ აჭარბებდა,“ – უთხრა საოლქო კომისიის წევრებს ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ. საარჩევნო კანონმდებლობით ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე უწყვეტად შეუძლიათ ფოტო და ვიდეო გადაღება, თუმცა გადაადგილების უფლებით მხოლოდ 10 წუთი.

„დადიოდა მთელს ტერიტორიაზე  და კომისიის წევრებს უღებდა ფოტოებს. ვთხოვე, არ გადაეღო და არ დაედო, მაგრამ შემდეგ მეც გადამიღო,“ – საოლქო კომისიას შესჩივლა საუბნო კომისიის კიდევ ერთმა წევრმა.

„რატომ ჩათვალეთ, რომ გქონდათ უფლება ჟურნალისტისთვის გეთქვათ, რა გადაეღო, ან რა გაესაჯაროვებინა? თქვენ ხართ მისი რედაქტორი? მსგავს საკითხებს რედაქტორი წყვეტს…“ – საუბნო კომისიის წევრს მიმართა ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ნათია კაპანაძემ.

კომისიის წევრი იურისტს აღარ შეპასუხებია. იურისტის მიმართვა თითქოს ვერ გაიგონეს საოლქო კომისიის წევრებმაც, რომლებსაც ნათია კაპანაძემ მოუწოდა საქმიანი ყოფილიყვნენ და დავის საგანზე ემსჯელათ. ნათია კაპანაძემ საოლქო კომისიას 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მასობრივი თავდასხმაც შეახსენა და ის, რომ მსგავსი მიდგომით კიდევ უფრო ახალისებენ აგრესიას ჟურნალისტებზე და საბოლოოდ ეს არჩევნების შედეგზე აისახება.

„დამერწმუნეთ, ეს კავშირში არაა არჩევნების შედეგებთან“, – განხილვა დასრულებულად გამოაცხადა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიამ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა, კომისიის წევრებს შენიშვნაც კი არ მისცა.

34-ე უბანზე ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებს იგივე შემადგენლობა ჩაატარებს.

„თუ რაღაც პირადული შელაპარაკება იყო, ამ განხილვაში არ შევსულვართ, ამ კუთხით არც ჟურნალისტი ჩამორჩებოდა საუბნო საარჩევნო კომისიას… ეს მათი პირადი საუბარი იყო,“ – „პირად შელაპარაკებად“ შეაფასა „ბათუმელებთან“ განმარტების დროს ციალა შავაძემ ის, რაც ჟურნალისტმა თავდასხმად მიიჩნია და კომისიას მიმართა.

რეაგირების ნაცვლად ჟურნალისტზე თავდასხმას ხომ არ ახალისებს საოლქო კომისია? – ესეც ვკითხეთ ციალა შავაძეს.

„საჩივარში მითითებული იყო, რომ საუბნო კომისიამ ხელი შეუშალა ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ხელშეშლა არ დადასტურდა. ჩვენ მოვუსმინეთ მხარეებს… კომენტარების განხილვაში ჩვენ არ შევსულვართ, რადგან ამის ვალდებულება არ გვქონდა ვინმეს მივუთითოთ, რა უნდა დაწეროს კომენტარებში,“ – დასძინა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: