ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც.
ამ დრომდე 26 მაისის ქუჩიდან 15 ოჯახი იყო გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას.
„დამატებით 40 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, ვინც მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ცხოვრობს, ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით. ექსპერტიზის წერილობითი და საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს იმაზე, თუ როგორ აისახა სადარბაზოს ჩამონგრევა მეზობელ კორპუსებზე, მაგრამ გვაცნობეს ექსპერტიზის ბიუროდან პირველადი შედეგი, რომ გაიყვანეთ ადამიანები, თუ ეს შესაძლებელია პრევენციის მიზნითო,“ – ამბობს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე. ის ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს კორპუსში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად.
საცხოვრებელი კორპუსი მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ამ საღამოს დაიცალა. ჯერ უცნობია, გახდება თუ არა საჭირო კორპუსის დაცლა კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან, რომელიც ასევე ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლადაა.
დღეს, 15 ოქტომბრის საღამოს აღმოჩნდა, რომ ჩამონგრეულ კორპუსში, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა პირველ სართულზე – ამ შემთხვევაშიც უკანონო მშენებლობის შესახებ მერია ინფორმირებული არ იყო.
„ეს იყო კომერციული ფართობი, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ნებართვა გაცემულია, მაგრამ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა შეუსაბამობა, დაწყებულია საქმისწარმოება და გაცემულია მითითებები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლელა სურმანიძე. მან ვერ დაგვიკონკრეტა, ვის საკუთრებაშია ამჯერად ფართობი, სადაც უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა. მან გვითხრა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ვერ დაგვიკონკრეტა, რა სახის დარღვევა დააფიქსირა მუნიციპალურმა ინსპექციამ კორპუსის პირველ სართულზე.
„ქუჩის მხრიდან ვიტრაჟი არ არის, როგორც ვიცი. მაღაზია უნდა მოწყობილიყო, რაღაც ბოძებთან იყო დაკავშირებული პრობლემა, ზუსტად არ ვიცი,“ – დასძინა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
ევაკუირებულია გიორგი ლომთათიძეც, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატია ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში. ისიც მერის მოვალეობის შემსრულებლის მსგავსად, იმ კორპუსის მცხოვრებია, რომლის პირველ სართულზეც ადამიანები უკანონო მშენებლობას აწარმოებდნენ და ვის მეზობლადაც ჩამოქცეულმა სადარბაზომ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ოთხივე სადარბაზო უკვე ევაკუირებულია, გაითიშა ყველა კომუნიკაცია, ადამიანები სასტუმრო „ერა პალასში“ გადავიყვანეთ,“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე ქეთი პაპავა.
სასტუმროში საცხოვრებლად არ გადასულა მერის მოვალეობის შემსრულებელი.
„მე დროებით ძმასთან გადავედი“, – გვითხრა ლელა სურმანიძემ.
„პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედლის ნაწილი“, – მერის მოვალეობის შემსრულებელთან გასაუბრების შემდეგ ინფორმაცია საყრდენი კედლის დაზიანებაზე დაადასტურა თავად მერიამ, ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ამ განცხადებით.