მთავარი,სიახლეები

ვის შეხვდა 1000 მოტობლოკი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

18.10.2021
ვის შეხვდა 1000 მოტობლოკი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

1000 მოტობლოკის დარიგებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი კვირიდან აპირებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ტექნიკა უკვე ადგილზეა, თუმცა უნდა დაზუსტდეს ფერმერების სია და გაირკვეს, ვის ერგება 1000 მოტობლოკი, როცა ეს გაზაფხულზე 1800-მა ფერმერმა მოითხოვა?

„ვინაიდან დიდი რაოდენობით მოითხოვეს ფერმერებმა მინიკულტივატორები, ეს სამინისტრომ ცალკე კომპონენტად გამოყო და ტენდერი გამოაცხადა მას შემდეგ, როცა ბიუჯეტი დაკორექტირდა… მას შემდეგ პროცედურები არ შეჩერებულა. ეს კულტივატორები ვიყიდეთ ჩინეთში ტენდერის გზით. ფერმერს მხოლოდ 238 ლარის გადახდა მოუწევს,“ – ამბობს ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის დასაწყისში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფერმერებს თავად შეეძლოთ მოეთხოვათ დაფინანსების მიღება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. მაისში სამინისტრომ თქვა, რომ მოტობლოკებს არ დააფინანსებს, რადგან მოტობლოკები წინა წლებში გაიცა.

ივნისში ბიუჯეტი დაკორექტირდა და შესაძლებელი გახდა ე.წ. მოტობლოკების შეძენა, თუმცა მხოლოდ 1000 ცალის.

როგორ შეარჩევენ ფერმერებს, ვინც მოტობლოკს მიიღებს?

„ამაზე ვმუშაობთ კომისიური წესით და ვფრთხილობთ, რომ მერე უკან დასაბრუნებელი არ დარჩეს. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო?“ , – გვიყვება ლევან ბოლქვაძე, – „ძირითადად კრიტერიუმია ის, რომ ადრე არ უნდა ჰქონდეს ნასარგებლები მსგავსი პროგრამით, ასევე გააჩნია მიწის ფართობს, დასაბუთებას, რა კულტურისთვის სჭირდება.

მაგალითად, მანდარინის ბაღში იშვიათობაა, რომ ეს გამოიყენო. 2011 წლიდან გავცემთ მინიკულტივატორებს და 5 ათასი ცალი გაცემულია უკვე. ახლაც გაიცემა ასევე ხილის საჩირე, საშრობები, თხილის სარჩევი და პლანტაციაში ასაკრეფი მოწყობილობები. ასეთი საშუალებები თუ არსებოდა ფიზიკურად, ფერმერებმა არც კი იცოდნენ,“ – გვითხრა ლევან ბოლქვაძემ.

რას ელოდება სამინისტრო, როცა გაზაფხულიდანვე ცნობილია, ვის სჭირდება მოტობლოკი და ტექნიკა უკვე აქ არის?

„ეს მონაცემები ზუსტდება, ფინალში ვართ უკვე მისული, ახლა ხვნის სეზონი არ არის და არაფერი, რომ დაგვიანდეს,“ – აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოტობლოკების დარიგება საარჩევნო კვირაში არჩევნებს არ უკავშირდება.

„მე თუ ახლა არჩევნები ვცავე, რა გამოვიდა?… არჩევნები რა შუაშია ჩვენთან? პირველი ტურით რომ დასრულებულიყო ყველაფერი, მაშინ როგორ იქნებოდა? სამინისტრო ხომ მუშაობას არ ამთავრებს და არ უქმდება იმის გამო, რომ არჩევნებია?“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.