მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი | ექიმის რჩევები

07.10.2021 • 43140
როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი | ექიმის რჩევები

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.

  • ბატონო რაულ, რა არის ჰაიმორიტი?

ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა.  ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.

  • რა იწვევს ჰაიმორიტს?

გამომწვევი ყველაზე ხშირი ფაქტორი შეიძლება იყოს წიაღების ინფექცია, ანუ როცა ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტის გამომწვევი ფორმები.

ზოგადად, ჰაიმორიტის ჩამოყალიბება უკავშირდება იმ მდგომარეობებს, რომლებიც ხელს უშლის, აფერხებს ცხვირით სუნთქვას, შესაბამისად ჰაიმორიტის მიზეზი შესაძლოა გახდეს ცხვირის ძგიდის გამრუდება, დეფორმაციაც.

საქმე ის არის, რომ ცხვირის ღრუსა და ჰაიმორის წიაღს შორის არის ბუნებრივი ხვრელი, რომლის გამტარებლობის დარღვევის დროს ხდება წიაღში მასების დაგროვება და გაჭედვა, რაც გადაიზრდება ანთებით პროცესში, რადგან აქ მიკრობები მრავლდება.

  • როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი და როდის მივმრთოთ ექიმს? 

ჰაიმორიტის დროს ადამიანს აღენიშნება ისეთივე სიმპტომები, როგორიც ზოგადად გაციების დროს, მაგალითად: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, თუმცა ჰაიმორიტის დროს ემატება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ, თავის, უფრო ზუსტად კი, საფეთქლის მიდამოების ტკივილი, ტკივილი თვალების ირგვლივ, ასევე ლორწოვან-ჩირქოვანი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან,  სხეულის ტემპერატურის მატება და უკანა რინორეა, ანუ ცხვირიდან ლორწოს გამონადენის ყელში გადასვლა.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ სიმპტომები ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე, თუ სიმპტომები კვლავ უარესდება გაუმჯობესების შემდეგ; ასევე, მუდმივი ცხელების ან ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტის შემთხვევაში.

  • შეიძლება თუ არა თავისით ალაგდეს სიმპტომები?

თუ ბუნებრივი სავალი იხშობა რაიმე მიზეზით, პრობლემა თავისით ვერ ალაგდება, ვენტილაცია არ ხდება და ამ შემთხვევაში საჭიროა კონსერვატიული ან ფიზიოლოგიური მკურნალობა. ყოველთვის ჯობს სიმპტომების გამოჩენისთანავე, დროულად მიმართოთ ექიმს, რომ გამოირიცხოს სხვა გართულებები.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰაიმორიტს?

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს უყალიბდება სურდო, აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტები, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ  დამძიმდეს  მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება არის მენინგიტი –  ტვინის გარსის ანთება. შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთებაც, მოხდეს ძვლების წიაღების დესტრუქცია და ა.შ.

  • როგორ მკურნალობენ ჰაიმორიტს?

არსებობს კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მეთოდი. ასევე ტარდება ფიზიოპროცედურები, ღრუების შიგთავსის მექანიკური გამოსუფთავება, გამორეცხვა და ქირურგიული მკურნალობა, რომლის დროსაც ცხვირის ღრუს მხრიდან ენდოსკოპით შედიან ბუნებრივი ხვრელით წიაღებში და ხდება წიაღების გამოთავისუფლება შიგთავსისგან. ტარდება წიაღის პუნქციაც – ჰაიმორის ერთ-ერთი ღრუ ცხვირის ქვედა სავალიდან ნემსით ირეცხება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: