მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

13.09.2021 • 2005
რა სამედიცინო მომსახურებას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება.

„მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამები თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ, სხვა სოციალური კატეგორიისა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე. COVID-19-თან შეიძლება ითქვას, 24 საათიანი ბრძოლის მიუხედავად, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ შეუჩერებია პროგრამების განხორციელება და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით. თუმცა გვაქვს ისეთი პროგრამები რომლებიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და ვრცელდება ყველა კატეგორიის მოსახლეზე“, – აცხადებს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

 

2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მოსახლეობის მომართვიანობის, მოთხოვნების, ასევე წინა წლებში მოქმედი პროგრამების შესრულებისა და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით შემუშავდა, ამბობს მინისტრი.

„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაიზარდა ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პაციენტთა რაოდენობა. დაფინანსებით უკვე ისარგებლა 16 ბენეფიციარმა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1,310,000 ლარი.

პროგრამის ფარგლებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ფინანსდება 80 000 დან 210 000 ლარამდე და დამოკიდებულია ტრანსპლანტაციის სახეობაზე. სერვისი ყველა ასაკი მოქალაქეზე ვრცელდება. 2020 წელს დაიწყო 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში.

რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან ფინანსდება, ზღვრული თანხა 100 000 ლარს შეადგენს.

2021 წელს „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაიზარდა თითოეულ მომართვაზე პაციენტის ზღვრული დაფინანსების თანხა 7000 ლარამდე. იგივე ცვლილება შეეხო კრიტიკული მდგომარეობა/ინტენსიური თერაპიის დაფინანსების წესს, სამინისტროს მიერ პაციენტის მომართვაზე ერთჯერად გაიცემა 7000 ლარი.

ამავე პროგრამის ფარგლებში ფინანსდება „გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა“ მაღალეფექტური მედიკამენტები. სხვა სამედიცინო მომსახურების მსგავსად ბენეფიციართა რაოდენობა აღნიშნულ პროგრამაშიც გაზარდა.

,,სამინისტროს ერთ-ერთ მსხვილ და მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება“. მოსახლეობის მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 2021 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტი საგრძნობლად გავზარდეთ და გავხადეთ კიდევ უფრო მოქნილი, ვინაიდან სერვისის მიზანია ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფინანსური რისკებისაგან დაცვა“, – აღნიშნავს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

შესაბამისად, ონკოპაციენტებისათვის 5000 ლარით გაიზარდა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის განსაზღვრული წლიური ლიმიტი და გახდა 20 000 ლარი. ასევე გაიზარდა თითოეულ მომართვაზე პაციენტების ზღვრული დაფინანსების თანხა 7000 ლარამდე. ძუძუს კიბოს შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა უფინანსდება 18 ციკლით, ნაცვლად 12 ციკლისა. გაიზარდა სამიზნე ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსებაც.

პროგრამის ფარგლებში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტებს 2021 წელს პირველად უფინანსდებათ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯები.

– კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაა“. პროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსება, პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. პროგრამით ასევე ფინანსდება ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

2021 წელს პირველად მიმდინარეობს ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის თანაგადახდის დაფინანსება სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

– ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამით” მიმდინარე წელს ისარგებლა 31-მა ბენეფიციარმა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1,249,655 ლარი. პროგრამით ხორციელდება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში”. ბენეფიციარებს უფინანსდებათ დარჩენილი თანხის 70% არაუმეტეს 25 000 ლარისა. პროგრამით ასევე ფინანსდება გულის ტრანსპლანტაცია საზღვარგარეთის სამკურნალო დაწესებულებებში.

– სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამისათვის, რომლის მიზანია- მოსახლეობის დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) ფინანსური ხელმისაწვდომობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. 2021 წელს პირველად პაციენტებს კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა უფინანსდებათ სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის გათვალისწინებით.

„სახსრების ენდო პროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, წელს ჯამში 450 000 ლარი დაიხარჯება. „ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისათვის“ გათვალისწინებულია 700 000 ლარი. ამ პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სამინისტრო ასევე აფინანსებს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას“. პროგრამის მიზანია ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენა და შესაბამისად ცხოვრების  ხარისხის ამაღლება.

2021 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარია, აქედან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისათვის გათვალისწინებულია 10 200 000 ლარი.

სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 2022 წლის პროგრამებზე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროგრამის ამოქმედებაც.

სამინისტრო 2021 წლის პროგრამები:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: